საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ქვარცხავა: „მე უფრო ხელოსანი ვარ, ვიდრე ხელოვანი“

საქართველოში სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების დამფუძნებელს კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოში სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების დამფუძნებელს რევაზ ქვარცხავას ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადაეცა. პროფესორი, რომელმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ახალი მიმართულებები დანერგა, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დააჯილდოვა. ცერემონია რევაზ ქვარცხავას მოღვაწეობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის - „სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები“ - გახსნაზე გაიმართა. გიორგი შარვაშიძემ რევაზ ქვარცხავას მადლობა გადაუხადა. „სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა, ბატონ რევაზს უკავშირდება. აკადემიური საზოგადოების სახელით მას გადავცემთ ყველაზე მაღალ საუნივერსიტეტო ჯილდოს. დიდი მადლობა მრავალწლიანი ღვაწლისთვის“, - მიმართა მეცნიერს თსუ-ის რექტორმა.
„ბატონმა რევაზმა ფსიქოლოგთა თაობების მთელი არმია აღზარდა. ფსიქოლოგიის ახალი მიმართულებები, რომელსაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვიკითხავდნენ, მოსკოვშიც არ ისწავლებოდა. ივანე ჯავახიშვილის მედლის გადაცემა, მართალია, დაგვიანებული, მაგრამ ჩვენ მიერ გამოხატული მადლიერებაა იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასწია“, - განაცხადა თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ. 
„ბატონი რეზოს სტუდენტი გახლდით. იგი იყო არაჩვეულებრივი ლექტორი, მეგობარი, ყოველთვის ჩვენს გვერდზე იდგა. მიხარია, რომ დღეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება ის ტრადიცია, რომელიც ბატონმა რევაზმა დანერგა. 10 წელი უნივერსიტეტში ისე დავდიოდი, რომ არანაირი შტატი არ მქონდა, მაგრამ მოვდიოდი სიხარულით, რადგან აქ მხვდებოდა საინტერესო, ოჯახური გარემო, რომელიც ბატონი რეზოს დამსახურება გახლდათ“, - აღნიშნა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ. 
„მაშინ ეს იყო სუფთა ჰაერი უნივერსიტეტში - ახალი თეორიები, ფროიდი, თანამედროვე ლიბერალური სტილი, თავისუფალი ლექციები, სადაც ფსიქოლოგების გარდა სხვა სტუდენტებიც მრავლად მოდიოდნენ. ბატონი რევაზის ლექციები ძალიან პოპულარული გახლდათ, გამოცდის მომზადებაც კი დიდ სიხარულს გვანიჭებდა. მისი კონსპექტების გაცნობა, რომელიც ინგლისურად იყო ნათარგმნი, ლექციის წაკითხვის სტილი ყველა სტუდენტს იზიდავდა“, - იხსენებს რევაზ ქვარცხავას ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დალი ბერეკაშვილი. 
რევაზ ქვარცხავა 1928 წელს ზუგდიდში დაიბადა. 1944 წელს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სწავლის შეწყვეტა მოუწია. 4 წლის შემდეგ, 1948 წელს, უმაღლესი განათლების მიღება თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. 1958 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ასპირანტურაში ჩააბარა და 1968 წელს თემაზე - „ნებისყოფის პრობლემა ფსიქოლოგიაში“ დისერტაცია დაიცვა. სწორედ დისერტაციაზე მუშაობის დროს, მოსკოვში 4 თვიანი მივლინებისას გაეცნო ფსიქოლოგიის ახალ მიმდინარეობებს და, საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, მათი შესწავლა და ინგლისურიდან თარგმნა დაიწყო. 
„გადავხედე ჩემს ცხოვრებას და ვფიქრობდი, რომ ფუჭად არ ჩაუვლია. ფსიქოლოგიაში ხელოვანი არ ვყოფილვარ, ხელოვანი შეიძლება უწოდო ისეთ მეცნიერებს, როგორიც იყო, მაგალითად, ფროიდი. მე ვიყავი ხელოსანი და რომ ვაკვირდები, ცუდი ხელოსანი არ ვყოფილვარ. იმ პერიოდში, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში, ჩვენთან სოციალური ფსიქოლოგია არ არსებობდა. საკითხები, რომელსაც ეს დარგი მოიცავს, ისტორიული მატერიალიზმის ჭრილში განიხილებოდა. ჩვენ, ძირითადად, გერმანულ ფსიქოლოგიას გვასწავლიდნენ, რომელსაც საფუძველი XIX საუკუნის ბოლოს ლაიფციგის უნივერსიტეტში ვილჰელმ ვუნდტმა ჩაუყარა. მისი მოწაფე იყო დიმიტრი უზნაძე, რომელმაც საქართველოში ფსიქოლოგია განავითარა, სხვა მოწაფეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წაიღეს ეს ცოდნა. თუმცა, საქართველოში არსებული საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში (ვგულისხმობ 1950-60-იან წლებს), სოციალურ ფსიქოლოგიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ფსიქოლოგიის ახალი მიმართულებები, სხვათა შორის, სოციოლოგიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს განვითარებას. მოსკოვში ყოფნისას გავეცანი ფსიქოლოგიაში ახალ მიმდინარეობას, საჭირო ლიტერატურაც წამოვიღე და სასწავლო კურსიც შევიმუშავე. თბილისში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ფსიქოლოგიასა და თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ ჯერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წარმადგენინეს მოხსენება, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სასწავლო კურსის - „მოქმედების თანამედროვე თეორიები“ - წაკითხვა დავიწყე. ამ კურსში მთელი ამერიკული ფსიქოლოგია ჩავდე - ფსიქოანალიზური თეორიები, ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია, ნეობიჰევიორისტული თეორიები... ეს კურსი იმ პერიოდში მოსკოვშიც არ იკითხებოდა“, - იხსენებს რევაზ ქვარცხავა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით ასპირანტების მიღება 1968 წელს დაიწყო. პირველი ასპირანტები შალვა აბზიანიძე და ნოდარ ბელქანია იყვნენ. ასპირანტურის გახსნის შემდეგ ფაკულტეტზე სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც სპეციალობის, დანერგვაც შესაძლებელი გახდა. 80-იან წლებში სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაც შეიქმნა. კათედრის პირველი ოთხი წევრი იყო - რევაზ ქვარცხავა, ნოდარ ბელქანია, რამაზ საყვარელიძე და შალვა აბზიანიძე. კათედრა ნელ-ნელა გაძლიერდა, მოგვიანებით მას შეუერთდნენ გუგული მაღრაძე, ნანა სუმბაძე, ბექა თაგაური, ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკები - ზურა მხეიძე, ნინო ქაჯაია, ელზა სოლოღაშვილი, ასპირანტები - თამთა ჯაიანი, თამუნა მახარაძე, ხათუნა დოლიძე, მამუკა ელიავა, ნინო ლაღიძე, შორენა საძაგლიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ანასტასია ქიტიაშვილი, მედეა დესპოტაშვილი. რევაზ ქვარცხავა სოციალური ფსიქოლოგიის კათედრას 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა, 2009 წლამდე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იყო, 2017 წლამდე კი მოწვეული ლექტორი. 
„ჩემს ცხოვრებაში ყოფნა-არყოფნის საკითხიც დამდგარა, მაგრამ ადამიანების სიყვარულმა ყველაფერი გადაწყვიტა, გადამარჩინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას თბილი შეხვედრისთვის, ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება“, - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული სოციალური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელმა.
რევაზ ქვარცხავამ ახალგაზრდებსაც მიმართა რჩევით: „ის გრძნობა, რომელიც ადამიანს ცხოვრების ძალას, შემოქმედების უნარს და ხალისს აძლევს, სიყვარულია... ამიტომ, რაც უფრო მეტად გეყვარებათ ადამიანები, მით უფრო მეტი ენერგია გექნებათ“. 
რევაზ ქვარცხავას დაჯილდოების ცერემონია და სამეცნიერო კონფერენცია - „სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები“ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

ნატო ობოლაძე

თარიღი: 26/12/2019