საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტთა კვლევები

23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მაგისტრანტთა კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. მაგისტრანტებმა აუდიტორიას ის ნაშრომები წარუდგინეს, რომელზეც სასწავლო პროცესში იმუშავეს. კვლევების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ფაკულტეტის ყველა მიმართულებას მოიცავდა.

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მაგისტრანტმა ნიკა გიგაურმა საზოგადოებას გააცნო კვლევა „სახელმწიფოს როლის გაგება თანამედროვე ქართულ პარტიულ სპექტრში“. კვლევის მიზანი იყო, დადგენილიყო - თუ რამდენად განსაზღვრავს საქართველოში არსებული საპარლამენტო პარტიების იდეოლოგიური მიკუთვნებულობა მათ მიერ სახელმწიფოს როლისა და ფუნქციების აღქმას. მკვლევარმა შეისწავლა საპარლამენტო პარტიების 2012-2016 წლების წინასაარჩევნო პროგრამები და დაადგინა, თუ როგორ აღიქვამენ თანამედროვე ქართული საპარლამენტო პარტიები სახელმწიფოს იდეას, რა როლს უნდა ასრულებდეს სახელმწიფო საზოგადოებისა და ინდივიდის ცხოვრებაში. შედარებითი ანალიზის მეთოდით კი გამოარკვია, როგორ ცვლიან პარტიები პოზიციებს წლების მიხედვით. 
როგორც ნიკა გიგაურმა აღნიშნა, კვლევის პროცესში გამოიკვეთა ხუთი ძირითადი საკითხი, რომელთა ირგვლივაც გაანალიზებულია პარტიების დამოკიდებულება სახელმწიფოს როლისა და ფუნქციებისადმი. ეს საკითხებია: საზოგადოების უსაფრთხოება და თავდაცვა; სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები; სახელმწიფოს სოციალური როლი და ფუნქციები; სახელმწიფოს როლი განათლებაში, კულტურასა და სპორტში; სახელმწიფოს როლი ინდივიდის ცხოვრების სხვა სფეროებში. 

 

* * *
ანა ასათიანისა და ჯილდა თირქიას კვლევაში - „მიღებული განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმების შესაძლებლობების შესაბამისობა საქართველოს შრომის ბაზარზე“ - გაანალიზებული იყო უმუშევრობის პრობლემა საქართველოში. მათი თქმით, უმუშევრობასთან ბრძოლა დასაქმების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. „საქართველოს შემთხვევაში, უმაღლეს განათლებას, როგორც სამეცნიერო ხარისხს, თავისი მნიშვნელობა აქვს დაკარგული, რადგან ისეთ პოზიციებზეც კი, როგორიცაა რომელიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიის ოპერატორობა, მოითხოვენ უმაღლესი განათლების დიპლომს. ეს პრაქტიკა კი ისედაც უმუშევრობით შეშინებულ ხალხს აიძულებს ორიენტირდნენ მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღებაზე, არა იმიტომ, რომ მათ ეს რეალურად უნდათ და აინტერესებთ, არამედ იმისთვის, რომ დიპლომის აღების შემდეგ დასაქმდნენ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ეს იყოს მათი პროფესიისათვის შეუსაბამო პოზიცია“, - აღნიშნეს მომხსენებლებმა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ხასიათდება მიღებული განათლების დონის/ხარისხისა და დასაქმების შესაძლებლობების შეუსაბამობით. გამოცხადებულ ვაკანსიათა უმრავლესობაში პრიორიტეტი უმაღლესი განათლების მქონე აპლიკანტებს ენიჭებათ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო პოზიციები არ საჭიროებენ უმაღლესი განათლების მქონე პირებს. დამსაქმებლები არ უზრუნველყოფენ აპლიკანტებს მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო პირობებით. კვალიფიკაციასთან შეუსაბამო პოზიციებზე დასაქმება განპირობებულია მაღალი ანაზღაურებით და/ან გამოცხადებულ ვაკანსიათა ერთფეროვნებით. დაუსაქმებელი რესპონდენტების შემთხვევაში, მათი უმუშევრობა განპირობებულია შემოთავაზებული სამუშაო პოზიციების შეუსაბამობით მათ კვალიფიკაციასთან.

 

* * *
ანი ჩუბინიძის ნაშრომში - „ბასკური და კატალონიური ნაციონალიზმების შედარებითი ანალიზი (ფრანცისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდი და თანამედროვე ეპოქა)“ - გაანალიზებული იყო ბასკური და კატალონიური სეპარატისტული ნაციონალიზმების გამომწვევი მიზეზები და მათ შორის საერთო მიზნის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის არსებობა/არარსებობა პოლ ბრასის ინსტრუმენტალიზმის, სტუარტ კაუფმანის შიდა-ეთნიკური ომის „საერთაშორისო“ თეორიისა და შედარებითი ანალიზის ჭრილში.

 

* * *
მაგისტრანტმა დავით კვარაცხელიამ აუდიტორიას წარუდგინა კვლევა - „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი ასპექტები სამეგრელოს რეგიონში“. ნაშრომში აღწერილია ის პროცესები, რაც ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ საკვლევ არეალში, კერძოდ, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ნაშრომში განხილული იყო ის ძირითადი თეორიები, რომლებიც აკავშირებენ ერთმანეთთან ტურიზმსა და ეკონომიკურ განვითარებას, ტურიზმსა და მდგრადობის პრინციპებს, რეგიონულ ტურიზმსა და ლოკალური მოსახლეობის კეთილდღეობას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ, ამ ეტაპზე, საკვლევ არეალში ტურიზმის განვითარებამ ნაკლებად მოიტანა დადებითი შედეგი ლოკალური მოსახლეობისთვის. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. ამასთანავე, გამოიკვეთა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ტურიზმის მიმართულებით მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს მდგრადი განვითარების პრინციპებს.

 

* * *
აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია მაგისტრანტ მარიამ ჯაიანის კვლევამ - „დასაქმებული მშობლების დროის მენეჯმენტი და შვილებთან კომუნიკაცია“. ნაშრომში თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა სამეცნიერო თვალსაზრისითაა შესწავლილი. „დღესდღეობით ცხოვრების ტემპი საგრძნობლად აჩქარებულია და, შესაბამისად, დასაქმებულ ადამიანებს უმეტესი დროის გატარება უწევთ სახლის გარეთ, სამუშაო ლოკაციებზე. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა დასაქმებული მშობლების ურთიერთობა შვილებთან, დაგვეზუსტებინა ბავშვებისთვის გამოყოფილი დროის ოდენობა და კომუნიკაციის ხარისხი“, - აღნიშნა მარიამ ჯაიანმა.

 

* * *
საინტერესო იყო მაგისტრანტ მახარე აჭაიძის კვლევა - „იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ დისკურსი ქართველი ულტრანაციონალისტების ფეისბუქ-გვერდებზე“. ნაშრომში, მიზნის შესაბამისად, დასმული იყო ამოცანები: 1. ძირითადი სიტყვების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ქართულ ულტრანაციონალისტურ ფეისბუქ-გვ-ერდებზე იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ; 2. ძირითადი სტერეოტიპების განსაზღვრა, რომლებიც იმიგრანტებისა და ენთიკური უმცირესობების მიმართ ვრცელდება აღნიშნულ ფეისბუქ-გვერდებზე; 3. იმის განსაზღვრა, თუ რა ფაქტორები უწყობენ ხელს ულტრანაციონალისტური დისკურსის გააქტიურებას იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. როგორც მკვლევარმა აღნიშნა, „კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ გვერდების ტექსტებში ყველაზე დიდი წილი ლიბერალური პოლიტიკის კრიტიკა იყო. ასევე ქართული ულტრანაციონალისტების ნარატივი ხშირად ორიენტალისტური იყო. ეს გამოიხატებოდა აზიური და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ აგრესიასა და მათზე უპირატესად თავის წარმოჩენაში. აღნიშნულ ფეისბუქ-გვერდებზე ასევე განსაკუთრებით ხშირი იყო თურქოფობიური პოსტები“.

 

* * *
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო დავით ფეიქრიშვილის მოხსენება - „მოლაპარაკების პროცესში მხარეების ურთიერთზეგავლენა და პოზიციის შენარჩუნება“; ლანა დავითულიანის კვლევა - „თბილისის კლუბური კულტურა და ახალგაზრდების სუბკულტურული კაპიტალი“, ლაშა ჩახუნაშვილის ნაშრომი - „არქტიკა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ განზომილებაში“, სალომე სამხარაძის კვლევა - „შარჟული ენა საბჭოთა იუმორისტულ გამოცემებში - ჟურნალ „ნიანგის“ მაგალითზე“, ტატიანა სიჭინავას ნაშრომი - „კურორტ წაღვერის რეაბილიტაციისა და განვითარების ახალი მიმართულებების გამოვლენა: ტრანსდისციპლინური მიდგომა“ და ხატია ჩხვიმიანის კვლევა - „პოსტსაბჭოთა ტრანზიციის კულტურული შედეგები: სამი თაობის პერსპექტივიდან დანახული საბჭოთა ნოსტალგია“.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დოქტორანტების პრეზენტაციებიც მოამზადა. ახალ კვლევებს მომავალ ფესტივალზე უნდა ველოდოთ.

თარიღი: 24/10/2019