საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მითების მსხვრევის დღე

უნივერსიტეტმა მსოფლიოს გამოწვევებს ფსიქიატრიულ პრობლემებზე ექსპერტული ხედვებით უპასუხა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში სუიციდის სტატისტიკაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
„სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წრის წარმომადგენელთა და კვალიფიციურ სპეციალისტთა ჩართულობით გამართულმა ფართო დისკუსიამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც სუიციდის პრობლემას მიეძღვნა. დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ფსიქიატრიის მიმართულებით ნინო ოკრიბელაშვილმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ, მედიამკვლევარმა, პროფესორმა თიკო ცომაიამ, მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

 

* * *
„დღევანდელი დღე მითების მსხვრევას უნდა მოემსახუროს. სუიციდი ხელშეუხებელი თემა არ არის და მასზე საუბარი უნდა დავიწყოთ“, - ასე გახსნა აქტუალურ ფსიქიკურ პრობლემზე ორიენტირებული დისკუსია უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა მარიამ ასპანიძემ საინტერესო აქცენტებით წარმოადგინა პრეზენტაცია - „40 წამი მოქმედებისთვის“, რომელიც სუიციდის შემთხვევების სტატისტიკას მოიცავდა და სადაც თვითმკვლელობების კონკრეტული მიზეზები იყო დასახელებული. 
„მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000 ადამიანი იღუპება თვითმკვლელობით, რაც, დაახლოებით, ყოველ 40 წამში თითო ადამიანია. 
მოზარდებში სუიციდი გარდაცვალების მესამე წამყვან მიზეზს წარმოადგენს, ხოლო 15-იდან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სუიციდს მეორე წამყვანი ადგილი უჭირავს. სუიციდის შემთხვევათა 79%-ს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვხვდებით. პესტიციდების მიღება, ჩამოხრჩობა, იარაღის გამოყენება - ეს არის ყველაზე გავრცელებული მეთოდები, რითაც ადამიანები სიცოცხლეს ამთავრებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ, დაახლოებით, 2020 წლისთვის თვითმკვლელობის რიცხვი 1,5 მილიონამდე მიაღწევს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში სუიციდის, დაახლოებით, 5500 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2004 წელს იყო. მომდევნო წლებში მაჩვენებელმა თითქოს დაიკლო, თუმცა 2007 წლიდან კვლავ მოიმატა.
რა გზაა სუიციდამდე?
თვითმკვლელობის ბევრი შემთხვევა კრიზისის მომენტში იმპულსურად ხდება, როდესაც ადამიანი კარგავს უნარს - გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სტრესულ სიტუაციებს, ფინანსურ პრობლემებს, ქრონიკულ ტკივილებს, ავადმყოფობას ან ახლობლებთან განშორებას. სუიციდური ქცევა ასოცირდება კონფლიქტებთან, სტიქიურ უბედურებებთან, იზოლაციის გრძნობასთან, დანაკარგთან. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია ან ფსიქოზი, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები. მაჩვენებელი მაღალია მოწყვლად ჯგუფეში, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან, ლტოლვილებსა და მიგრანტებში, ასევე პატიმრებში. 
ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება! უნდა მოხდეს ამ გლობალური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სუიციდის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება, თვითმკვლელობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირება და, რაც ყველაზე მთავარია, მხარდაჭერა. აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი მარტონი არ არიან! ამისთვის კი მხოლოდ 40 წამია საკმარისი! 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი მხარდაჭერისთვის!“, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა სტუდენტმა, რომლის პრეზენტაციის შემდეგაც გაიმართა დარბაზში არა თუ 40 წამიანი გულახდილი და მსგავსი პრობლემებით შეწუხებული საზოგადოების მხარდამჭერი დისკუსია, არამედ 2 საათიანი სერიოზული მსჯელობა.


კიდევ ერთი დისკუსია სუიციდზე - მკაფიო აქცენტები საზოგადოებისა და მედიის გასაგონად

„უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, სახელმწიფოსთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის, რასაც დაკვირვებების საფუძველზე ვასკვნით. არაერთი სისტემური პრობლემა იკვეთება და მათ შორისაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება, რასაც ერთად უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება და, რაც მთავარია, განსაკუთრებით აკადემიური და საგანმანათლებლო სფერო. ამისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიის არსებობა, რომლის შემუშავების ვალდებულება მთავრობამ ჯერ კიდევ 2017 წლისთვის აიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, სტრატეგია ჯერ კიდევ არ გვაქვს. როგორც აქ აღნიშნეს, სუიციდის სტატისტიკა არის მზარდი და შემაშფოთებელი. ამას სჭირდება ერთობლივი ღონისძიებების სისტემატური გატარება, სადაც ადამიანების უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება““, - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა რუსუდან კოხოძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სუიციდის პრობლემა სამინისტროს გამოწვევად დაასახელა და დამსწრე საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან, როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარი რესურსით ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ისედაც გამწვავებულ ამ ფსიქიკურ პრობლემას. „გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად გადავჭრათ ეს პრობლემები, მათ შორის, სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ მომავალი 5 წლიანი ციკლი გახდეს უფრო ეფექტური ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. დღევანდელი შეხვედრის მიზანია საუნივერსიტეტო გარემოში, ამ საზოგადოებაში სწორი წარმოდგენები შევქმნათ სუიციდის რისკთან დაკავშირებით და გამოვიყენოთ ის 40 წამი, რომელიც შეიძლება გვქონდეს თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თვითმკვლელობა და მედია - ეს გახლავთ უნივერსიტეტის დისკუსიის კიდევ ერთერთი მთავარი აქცენტი, რაც სუიციდზე მსჯელობისას მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა ნინო ოკრიბელაშვილმა გამოკვეთა. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ გარკვეული სახის მედიარეპორტაჟები ზრდის სუიციდის შემთხვევებს (და ეს შემთხვევები ცნობილია ასეთი სახელწოდებით - „გადამდები“ და „იმიტირებული“ სუიციდი“). ასევე, საფრთხის შემცველია საგაზეთო პუბლიკაციებიც, როდესაც სუიციდის გაშუქება ფრთხილად არ ხდება. „ამდენად, უმნიშვნელოვანესი თემაა საზოგადოების სწორი ინფორმირება და ამ ინფორმირების ამაღლების საკითხში ჩვენი მედიის როლის გაზრდა, რაც მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
დასმულ პრობლემას მედიამკვლევარი, პროფესორი თიკო ცომაია გამოეხმაურა, რომელმაც მედია-ანალიზის შედეგად გაკეთებული ერთგვარი დასკვნები გააცნო საუნივერსიტეტო საზოგადოებას. 
„როგორც 2011 წელს, ისე 2019 წელს ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჯანმრთელობის საკითხების გაშუქების კუთხით მთავარი გამოწვევებია: არასანდო წყაროებზე დაყრდნობა, დაუბალანსებელი გაშუქება, ინფორმაციის სენსაციურობა, უარყოფითი ტონი და საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზირება. 
სუიციდის გაშუქებისას კი მედია უამრავ ხარვეზს იჩენს, როგორც წყაროების არაკომპეტენტურობის (როდესაც ინფორმაციას ავრცელებენ ბუნდოვან და დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით), ასევე, მსხვერპლთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების მხრივ (სიუჟეტებში გამოყენებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ასაკი, სურათები). გაშუქებისას ხშირია სუიციდის ადგილისა და დეტალების აღწერის შემთხვევები, რის გამოც შესაძლებელია, მედიის მხრიდან, ადგილი ჰქონდეს სუიციდის არაპირდაპირ წახალისებას. მედია კონტენტ ანალიზის მიხედვით, ნათესავები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ დაფარონ ოჯახის წევრების თვითმკვლელობის ფაქტი. 
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო ინფორმაცია - თუ რამდენი ადამიანი იკლავს თავს ჩვენთან, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არაზუსტია. თუ არ გვეცოდინება შემთხვევის გეოგრაფიული ჭრილი, მეთოდი, ასევე, კონკრეტულად რამდენმა, რა სქესის და რა ასაკის ადამიანმა მოიკლა თავი, მაშინ პრევენციას ვერ მოვახდენთ. ვერც სპეციალისტები მოახდენენ მკურნალობისათვის სწორი პოლიტიკის დაგეგმვას. მაშინ როგორ მოიქცეს ჟურნალისტი, როგორ მოახერხოს სიმართლის საზოგადოებამდე მიტანა? ასე რომ, მხოლოდ ჟურნალისტები არ სცოდავენ... ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს, რომ პრობლემასთან ბრძოლისა და პრევენციის გეგმა შეიმუშაონ. ამიტომაც განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს. უნდა შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ჟურნალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანმრთელობის სპეციალისტების სწორ ცოდნასა და ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თიკო ცომაიამ. 


პრობლემის მოგვარების გზების ძიება

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ ხორბალაძე გამოეხმაურა ჟურნალისტების მისამართით გაჟღერებულ შენიშვნებს და განაცხადა: „ჟურნალისტს სწორი ხედვა, სწორი ინფორმაცია სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები ჩაერთონ დიალოგებში, იქნება ის დახურული თუ ღია, ოღონდ უნდა ითქვას სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ: მედია უკვე აღარ არის პროდიუსერების მიერ კონტროლირებადი სივრცე, ჩვენ სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ! იმას, რაც ითქმება, უკვე ვეღარ გააკონტროლებ... ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსამზადებლად სტრატეგიების შემუშავება, რათა ის მზად იყოს იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც სოციალური მედიიდან მოდის. ჩვენ ამ პრობლემას ერთობლივად უნდა მოვერიოთ“, - აღნიშნა თამარ ხორბალაძემ. 
მრგვალ მაგიდასთან შეხვედრაზე საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ ამავე საზოგადოების ინიციატივა გაამჟღავნა: „წელს, ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციამ შეიმუშავა სუიციდის პრევენციის გაიდლაინი, რომელიც ფართო საზოგადოებაზეა გათვლილი და შევეცდებით საზოგადოებას ის წლის ბოლომდე გავაცნოთ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კომპლექსური პროგრამა, ამიტომაც უნდა იყოს დასმული ყველა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას. სუიციდის შემთხვევის დროს არ უნდა ვეძებოთ ერთი დამნაშავე, ერთი ფაქტორი, ერთი ადამიანი, რომელსაც ამ ტვირთს ავკიდებთ“, - განაცხადა ეკა ჭყონიამ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ სუიციდის თემაზე გამართული დისკუსია შეაჯამა და აღნიშნა: „აქ გამოთქმულ საინტერესო ინიციატივებს განხორციელება სჭირდება. სუიციდი საყოველთაო პრობლემაა და მის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა უნდა. მე მხარს გიჭერთ აქ დასმული ინიციატივების განხორციელებაში. სამართალიც, რომელიც ამ მიმართულებით მწირი დებულებებით შემოიფარგლება (სადაც ასეთი ფორმულირებაა - თვითმკვლელობამდე მიყვანა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა), არ გამოიყურება ადეკვატურად იმ რეალობისა და იმ პრობლემებისა, რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ხდება. ამ მხრივ მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ წამოწყებებს, ინიციატივებს და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ფორმატში““.
ასე რომ, უნივერსიტეტმა, რომელიც ყოველთვის უდებს სათავეს საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხების წინ წამოწევას, ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და ექსპერტულ მოსაზრებებს მოუყარა თავი შეხვედრაზე. დისკუსიის მნიშვნელობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაც მიუთითა: „სუიციდის პრობლემა არის ურთულესი საკითხი. სოციუმში მისი წამოწევა და ამ თემაზე კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია, რათა ამ უბედურების თავიდან აცილება შევძლოთ. ამ პრობლემებზე საუბრით და საზოგადოებრივი კონსესუსით არსებული სიტუაციის გაჯანსაღება უნდა შევძლოთ. იმედია, ეს პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი შეხვედრით და ამ თემებზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. საჭიროა, მოხდეს სტიგმების მოცილება და დეკონსტრუქცია იმისა, რაც ხდება. სერიოზული ძალებია ამ პროცესში ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


როგორ აავადებს და უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანებს სტიგმები

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფ-ლიო დღე - ყოველ 10 ოქტომბერს საქართველოში 1993 წლიდან საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებისა და ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უშუალო ინიციატივით აღინიშნება. სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ფორმატში, სუიციდის პრობლემის გარდა, დიალოგი გაიმართა სტიგმაზე, რომელიც ეხება პაციენტს და სპეციალისტს. თემის აქტუალიზაციის ინიციატორი კვლავ პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი გახლდათ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საკითხზე: სტიგმა და დისკრიმინაცია. 
„2019 წლის 10 ოქტომბრის ძირითადი აქცენტები გადის სტიგმაზე, რომელიც ეხება არა მარტო პაციენტს, არამედ, სამწუხაროდ, სპეციალისტსაც. სტიგმა და დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზები მაინც არის ფსიქიკური აშლილობების მიმართ ცოდნისა და გაცნობიერების გამოხატული დეფიციტი; ასევე, ის ცრუ რწმენები და მითები, რომლებსაც თითოეული ჩვენთაგანი აწყდება პრაქტიკაში. მაგალითად, გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც პაციენტი ექიმს მიმართავს დეპრესიის დაძლევისთვის მხოლოდ ბუნებრივი მცენარეული პრეპარატების გამოყენების ხარჯზე, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ექიმების მიერ გამოწერილი ანტიდეპრესანტები ტვინს „ახმობს“. მითი, რომ მე ფსიქიკური დაავადება არასდროს დამემართება, აუცილებელია, რომ დაიმსხვრეს. ის სტიგმა, რომელიც ფსიქიკური აშლილობების მიმართ უცოდინარობის გამოხატულებაა, უნდა მოისპოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველ მე-5 ადამიანს, დღეს, ცხოვრებისეულ რთულ მომენტში შესაძლებელია ჰქონდეს ფსიქიკური დაავადება. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ფსიქიკური დაავადება, მაგრამ შესაძლებელია თქვენი უახლოესი გარემოცვა განიცდიდეს მსგავს გამოწვევებს. თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გავაკეთეთ გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 56% თავს შეიკავებდა - საჭიროების შემთხვევაში ადამიანისთვის ერჩია ფსიქიატრისთვის მიემართა. მიზეზი კი, რატომაც არ ურჩევდნენ ფსიქიატრთან მისვლას, იყო ის, რომ მისი ავადმყოფობის საბაბი გახმაურდებოდა და შემდეგ საზოგადოება მას ცუდად მოეპყრობოდა ფსიქიკური სერვისების მოხმარების გამო. ასე რომ, დამოკიდებულება ჩვენს სოციუმში ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ აპათიურია. თითქმის 88 % ამბობდა, რომ თანაგრძნობას გამოიჩენდა ავადმყოფის მიმართ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ეს 87% ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს იმ პაციენტისას, რომელმაც ფსიქიკური აშლილობის გამო ესა თუ ის ქმედება ჩაიდინა. სწორედ ეს 87% ითხოვს მათ სტაციონარებში გამოკეტვას და ამბობს, რომ მათი გარეთ გამოშვება და დეინსტიტუციონალიზაცია არის შეცდომა. გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ ასეთ ავადმყოფებს შვილის ყოლის უფლება უნდა ჩამოვართვათ. მეტსაც გეტყვით: სტიგმა ეხება არა მარტო დაწესებულებას, არამედ თვითონ ფსიქიატრებსაც კი. 31% ფიქრობს, რომ ფსიქიატრი ნიშნავს მის მიერ ისეთი მედიკამენტის დანიშვნას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანში, ხოლო 40% დარწმუნებული არაა - რამდენად სანდო დანიშნულება დაწერა ექიმმა“, - აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა, რომელმაც დისკუსიის მონაწილეებს კვლევის შედეგები ვიზუალურადაც გააცნო.
ფსიქიატრმა ახალი თემაც წამოწია და შეეხო მედიის როლის გაზრდას საზოგადოების ატიტუდების შეცვლაში. „მინდა, გაჩვენოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2015-2020 წლებისთვის იყო შემუშავებული და რომლის ავტორიც არის ქალბატონი ეკა ჭყონია. ამ გეგმაში არის ასეთი მუხლი, რომ ჩვენთვის მორალური იმპერატივი უნდა გახდეს დისკრიმინაციასთან, სტიგმასთან და სოციალურ იზოლაციასთან ბრძოლა. ჩვენ, ძველი ფსიქიატრები ვხმარობთ ტერმინს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები“... დიახ, ესენი არიან ფსიქო სოციალური საჭიროებების ადამიანები და რაც უფრო მოვახდენთ ამ ტერმინოლოგიის ნეიროლინგვისტურად გადაწყობას, მით უფრო შეეწყობა ხელი სტიგმების შეჩერებას და დანგრევას. საზოგადოება, სადაც ნაკლებია სწორედ ეს სტიგმები, დისკრიმინაცია და ბევრია ფსიქოლოგიურად აშლილ პირთა მიმღებლობა, მით უფრო ჯანმრთელია და სამართლიანია. ამ მხრივ, ცნობიერების ასამაღლებლად გვჭირდება მთელი საზოგადოების, მედიის მხარდაჭერა, სოციალური მარკეტინგი. ჩვენი მიზანია შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, რაც მოემსახურება სხვადასხვა საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებას, თუნდაც, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. აუცილებელია, რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების უფლებების დაცვა და ამ თემებზე ღია დიალოგი. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საექიმო შეცდომების გაშუქებისაც, მაგრამ საექიმო შეცდომა დანაშაული არ არის! შესაბამისად, აქაც უნდა გავავლოთ გარკვეული ხაზი. ყოველთვის, როდესაც საექიმო შეცდომა დანაშაულადაა აღქმული, ეს უფრო მეტად აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციას“, - ასეთი გახლავთ ნინო ოკრიბელაშვილის პოზიცია, რომელმაც ამ მეტად აქტუალურ თემაზეც გახსნა დისკუსია და ყველა გამომსვლელს მისცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რაც უნდა მწვავე ყოფილიყო ის.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ, რომელმაც აღნიშნა: „დღეს, სხვადასხვა გათვლით, კაცობრიობის 6% გადაუდებელ ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს. ეს თემა ნამდვილად მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა. ამდენად, ამ პრობლემასთან გამკლავება შეუძლებელია მხოლოდ ერთი ინსტიტუტით ან ადამიანთა ერთი ჯგუფით. ნორმალური სახელმწიფო ორიენტირებულია სწორედ მოწყვლადი რგოლების გაფრთხილებით და მის ხელშეწყობასა და მფარველობაზე ზრუნავს. ნებისმიერი წარმატება ამ საკითხში გამორიცხულია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვისა და სოლიდარობის განცდის გარეშე. ამ სფეროში განათლება, ტაბუს არარსებობა, მასმედიისა და აკადემიური წრეების ღია, საჯარო ჩართულობა არის ერთადერთი სწორი გზა, საითკენაც უნდა მიდიოდეს საზოგადოება“, - განაცხადა ლაშა კილაძემ.
მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია დისკუსიაში სწორედ თავისი პროფილით ჩაერთო და დამსწრე საზოგადოებისთვის, ალბათ, უფრო ცხადი გახდა იმ სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რასაც იგი ხელმძღვანელობს. აქცენტები, რომელიც პროფესორმა დასვა, პრაქტიკული გამოცდილებითაცაა ნაკარნახევი, რადგან მარიამ გერსამია რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა თსუ-ში: „ჟურნალისტებს უხდებათ სტრესულ გარემოში მუშაობა და არ აქვთ ცოდნა - თუ როგორ გაუმკლავდნენ მას კრიზისული სიტუაციების გაშუქებისას, ტრავმირებულ ადამიანებთან ურთიერთობისას. ისინი ამ დროს თვითონაც ისტრესებიან. ჩვენ აღარ უნდა მოვახდინოთ რეტრავმატიზაცია იმ ადამიანებისა, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ამ მხრივ ჟურნალისტების განათლება და მომზადება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყურადღება გავამახვილო ჟურნალისტიკის ახალ მიმართულებაზე - პროსოციალური მედიის შექმნა და პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი. ანტისოციალურ მედიას, სადაც წინა პლანზეა ნეგატიური ქცევები, აგრესია, ძალადობა და ა.შ., შეუძლია საზოგადოების გარკვეული აგრესია გამოიწვიოს. ემპათიის, სოლიდარობის ჩვენებას მედიის საშუალებით ასევე შეუძლია გამოიწვიოს მეტი სოლიდარობა, მეტი ემპათია. ჩვენ თუ ზუსტად ვაჩვენებთ ფრეიმებს - თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა მას გარკვეული ტრავმა აქვს, მიბაძვა აქაც იმუშავებს. მედია ხშირად გვაჩვენებს პრობლემას, მაგრამ არ გვაჩვენებს ამ პრობლემიდან გამოსვლის გზებს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია მიხმარება მომხმარებლისთვის და ამ საქმეში აკადემიური წრეების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია მედიაწიგნიერება სკოლებში. მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაც ამ მხრივ ყველას მოგვეხმარება“, - აღნიშნა მარიამ გერსამიამ.

 

* * *
მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია - „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ - თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მესიჯებით დაამთავრა: “„ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისთვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის. ყველამ ერთად შევაჩეროთ სუიციდი!““
ამავე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა ნახატების გამოფენა. 
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფ-ლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მხარდასაჭერად. კვირეული დაიხურა 10 ოქტომბერს აქციით - „ჩვენი თვალებით“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ასფალტზე ხატვის და არტ თერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით.

ნინო კაკულია,

თამარ დადიანი

თარიღი: 27/10/2019