საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვარლამ ჩერქეზიშვილის საქართველოში „დასაბრუნებლად“ უნივერსიტეტმა ღონისძიებათა ციკლი დაგეგმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული XIX-XX საუკუნის მოღვაწის, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე საქართველოს ინტერესების დამცველის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის პოპულარიზაციისა და უკვდავყოფისთვის გამართულ ღონისძიებათა ორგანიზებაში. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის ბრძანებით მიმდინარე წლის 15 მაისს შეიქმნა, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ამ ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა მისი მშობლიური რაიონის - ქ. საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩას და სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას.
დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იყო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის ხსოვნას მიეძღვნა და 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენციაზე მეცნიერებმა 20-მდე მოხსენება წარადგინეს ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ქართული საზოგადოების წინაშე მისი დამსახურებისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირის შესახებ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა ვარლამ ჩერქეზიშვილის დამსახურებები და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბედის ირონიით ამ ადამიანის სახელის პოპულარიზაციისთვის ახლა სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო, რეალურად კი ის თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლად და თანამოაზრედ: „ვარლამ ჩერქეზიშვილი ძალიან დიდი მოღვაწე გახლდათ. იგი იყო საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მაგრამ მთავარი ჩვენთვის ისაა, რომ იგი პირველი მათგანია, ვინც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი საზღვარგარეთ გაიტანა და იქ დაუღალავ პროპაგანდას ეწეოდა - წერდა გაზეთებში, უცხოურ გამოცემებში, მართავდა კონფერენციებს, გამოდიოდა საერთაშორისო ფორუმებზე. ვარლამ ჩერქეზიშვილი ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ მისი მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში მიჩქმალული და თითქმის აკრძალული გახლდათ. ამიტომ ამ ადამიანის ცხოვრების გაანალიზება საბჭოთა წლებში ვერ მოხერხდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ კი ვარლამ ჩერქეზიშვილის მემკვიდრეობის ინტენსიური შესწავლა დაიწყო. 2001 წელს გამოქვეყნდა ჩემი სტატია მისი ბიოგრაფიის შესახებ, ასევე, ბატონმა გოჩა ფერაძემ მიუძღვნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ჩემი რედაქციით გამოიცა მისი თხზულებების პირველი ტომი, 2011 წელს კონფერენციაც გაიმართა მეცნიერებათა აკადემიაში, მაგრამ დღევანდელ დღეს მაინც სხვა მნიშვნელობა აქვს, რადგან აქამდე ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის შესწავლა სტიქიური და ცალკეული მეცნიერების ინიციატივა იყო. დღეს ამ მიმართულებით უკვე სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება, რათა ამ დიდ მოღვაწეს, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლად მიიჩნევა, თავისი კუთვნილი ადგილი დაუბრუნდეს ქართულ საზოგადოებაში“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ. 
ვარლამ ჩერქეზიშვილი ანარქისტი იყო, მაგრამ, ამ მიმდინარეობის პრინციპებისგან განსხვავებით, იგი ქართული სინამდვილიდან ამოდიოდა და არსებულ ვითარებას არ განიხილავდა პარტიული ინტერესებიდან. მომხრე იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და, რა თქმა უნდა, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა. 
თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი, თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელდარ ბუბულაშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის სწორედ ამ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში მისი დამსახურება დიდია: „საინტერესოა ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ 1899 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული წერილი. ეს წერილი, რომელიც, ფაქტობრივად, სამეცნიერო გამოკვლევაა, ბატონმა გოჩა ფერაძემ ჩამოიტანა და თარგმნა. მასში კარგად ჩანს ბატონი ვარლამის შეხედულება ეკლესიის შესახებ. იგი კარგად ერკვევა საეკლესიო საკითხებში, საქართველოს ეკლესიას წარმოადგენს უძველესი დროიდან დღემდე და საინტერესო წყაროებს იყენებს. ჩერქეზიშვილი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საეკლესიო ცხოვრებას ქართველი ხალხის ისტორიაში და წარმოაჩენს ავტოკეფალიის დაკარგვით გამოწვეულ მძიმე შედეგებს. იგი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას ავტოკეფალიის საკითხებს უკავშირებდა და მართლაც ასე იყო - 1917-1918 წლებში, როცა იგი საქართველოში ჩამოვიდა, პირდაპირ წერდა, რომ მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რასაც შემდეგ სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა. ეს ძალიან საინტერესო პასაჟია მისი შემოქმედებიდან.
1906 წელს იგი ჩამოვიდა, მოიარა დასავლეთ საქართველო, შეხვდა სასულიერო პირებს, მათ შორის, ალექსანდრე ოქროპირიძეს და ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა. შედეგად, მისი მეგობრების - ნევინსონის და დრაიჰორსტის მეშვეობით ინგლისურ და ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა საქართველოს საერო ცხოვრების ამბები. მოგვიანებით, რეპრესიების პერიოდში, როცა სასულიერო პირების დევნა დაიწყეს, დამცველად მოევლინათ ვარლამ ჩერქეზიშვილი. მან, ოლივერ და მარჯორი უორდროპების დახმარებით, მსოფლიოს ამცნო, თუ რა მძიმე დღეში იყვნენ ქართველი სასულიერო პირები. 
1910 წელს სასულიერო პირების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დახმარება ეთხოვათ მსოფლიო პატრიარქისთვის და შეადგინეს მიმართვის ტექსტი. ვარლამ ჩერქეზიშვილის წვლილი ამ ტექსტის შედგენასა და ადრესატამდე მიტანაშიც ვლინდება. ჩვენ ეს ტექსტი ვიპოვეთ ქართულად და ინგლისურად. ინგლისური ვარიანტი 1912 წელს ანგლიკანმა ეპისკოპოსმა დოულინგმა დაბეჭდა. როგორ მოხვდა ეს მასალა მის ხელში, არ ვიცით, მაგრამ ამაშიც, უეჭველი, ბატონი ვარლამის ხელი ურევია. ასეთი იყო ამ კაცის დიდი ღვაწლი, რომელიც მთლიანად საქართველოთი იყო გაჯერებული. როცა ის დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა, მთაწმინდაზე პატარა არაკომფორტული ბინა „ათხოვეს“. 1918-1921 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი წერს: როდესაც შევხვდი, ვუთხარი - ვერ დაგაფასეს, ვერ მოგიარესო... ამაზე ვარლამ ჩერქეზიშვილს უპასუხია: - არა უშავს, ესენი ახალგაზრდები არიან, ნეტავ გარე ძალამ არ გაგვანადგუროს და დანარჩენს ეშველებაო“, - გვიამბო ელდარ ბუბულაშვილმა.
კონფერენციაზე ვარლამ ჩერქეზიშვილის და ქართველი ანარქისტების საქმიანობაზე ისაუბრა თსუ-ის პროფესორმა, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ლაშა ბრეგვაძემ. მის მოხსენებაში - „სამართლის ანარქისტული თეორიები“ ითქვა, რომ ქართველი ანარქისტების საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო სოციალური სამართლიანობის დამყარება. „პარადოქსი არის ის, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელს გავრცელება სჭირდება საქართველოში და არა საზღვარგარეთ. იქ მას უფრო იცნობენ. არ მინდა, რომ მის მოძღვრებას მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში შევხედოთ, რადგან ანარქიზმი ისეთი აქტუალურია დღეს, როგორც არასდროს ყოფილა. მაგალითად, ნიუ იორკში უოლ სტრიტზე 2011 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ოკუპაციის მოძრაობა, რომლის მიზანიცაა სოციალური სამართლის დამყარება. სწორედ ეს იყო ძველი ქართველი ანარქისტების მამოძრავებელი ძალაც - ებრძოლათ სოციალური სამართლიანობის დამყარებისა და რუსეთის (და შემდგომ, საბჭოთა) იმპერიის დამარცხებისთვის. ეს იყო ქართული ანარქიზმის დიდი თავისებურება, რომელმაც ის ეროვნულ მოძრაობად შეცვალა. ანარქიზმს ეს არც ერთ ქვეყანაში არ ახასიათებდა. მალე ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავს აღვნიშნავთ და იმედია, ახალგაზრდობაც ბევრს შეიტყობს ამ პროცესებიდან“, - განაცხადა ლაშა ბრეგვაძემ ჩვენთან საუბარში.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მოღვაწის სახელის პოპულარიზაციისა და უკვდავყოფისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა ჩატარებაში: „დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა იდეა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი საქართველოში დაბრუნებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ მის შესახებ ძალიან ცოტა მკვლევარმა იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული და მაღალი რანგის მოაზროვნე გახლდათ. ბევრ ქვეყანაში დღემდე იციან, ვინ იყო ეს პიროვნება. მისი წიგნები არაერთY ევროპულ ენაზეა გამოცემული. ხშირად მიწევს საუბარი ჩემს კოლეგებთან იმაზე, რომ სამი დიდი ნაბიჯი, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში თავისუფლებისკენ გადაიდგა, იყო ავტოკეფალიის აღდგენა, უნივერსიტეტის დაარსება და ჩვენი დამოუკიდებლობის პოლიტიკური გაფორმება. ვარლამ ჩერქეზიშვილი ყველა ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული. მისი სახელის უკვდავსაყოფად ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება. უნივერსიტეტში მისი სახელობის სკოლის მოსწავლეებს მოვიწვევთ და დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკასაც მივხედავთ. მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოებაში აღვადგინოთ ცოდნა ამ დიდი ადამიანის შესახებ“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი რექტორის გიორგი შარვაშიძის და თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის, კონფერენციის ორგანიზატორის გოჩა ფერაძის როლი ერის მეხსიერებაში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის დამკვიდრებისათვის. მან დარბაზს აცნობა, რომ ქალაქ საგარეჯოში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი დაერქვა.
კონფერენციას მიესალმნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თეიმურაზ ჩალაბაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დემეტრე ეგნატაშვილი, ქ. საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან აბესაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარმა და მისი სახელის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ ღონისძიებათა ინიციატორმა გოჩა ფერაძემ ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიხსენა გასული საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი განმანათლებლისა და, როგორც მას თავის მოხსენებაში მწერალმა დავით ტურაშვილმა უწოდა, „საქართველოს მთავარი ადვოკატის“ ცხოვრება და მოღვაწეობა: „ყველაფერი დაიწყო ვარლამ ჩერქეზიშვილის ფერფლის მოძიებით. 1989 წელს სამართლის ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა გიორგი ნადარეიშვილმა მირჩია - ვარლამ ჩერქეზიშვილზე მემუშავა, ჩვენ მასზე არ გვამუშავებდნენ და იქნებ თქვენ, ახალგაზრდებმა წამოსწიოთ ეს თემაო. 1989 წელსვე დავიწყეთ მუშაობა. გავაკეთეთ დისერტაცია. 2001 წელს მოვიძიეთ მისი საფლავი და იქვე გაჩნდა იდეა, რომ გადმოგვესვენებინა და მისი კუთვნილი ქართული მიწა მიგვეგებებინა, მაგრამ ხელს გვიშლის ის, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის ცნობადობა არის ძალიან დაბალი, მის მშობლიურ საგარეჯოს რაიონშიც კი ძალიან ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ. ამიტომ, ჯერ უნივერსიტეტში დავიწყეთ მოძრაობა მისი სახელის პოპულარიზებისთვის. ჩვენი მიზანი არის ერთი - თუ დაბრუნდება, ვარლამ ჩერქეზიშვილი უნდა დაბრუნდეს მისი დიდი თანამედროვის - ილიას გვერდით, რადგან, რასაც ილია აკეთებდა საქართველოში, იგივეს აკეთებდა ვარლამი საზღვარგარეთ. ამ პროცესებში გვერდით დაგვიდგა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე. ახლა პირველ კონფერენციას ვატარებთ და ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა დაბრუნდეს ეს ადამიანი. მომავალ წელს გათვალისწინებული გვაქვს უცხოელი მეცნიერების მონაწილეობაც. აქ იქნება წარმოდგენილი გერმანული, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური შრომები, რომელთა ერთი ნაწილი ქართულად ითარგმნა და რომლებშიც ბატონი ვარლამის ციტირება გვხვდება. თუ დასახულ მიზანს მივაღწევთ, მაშინ 2021 წელს, ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო 175-ე წლისთავზე, სამუშაო ჯგუფი მიმართავს საერო და საეკლესიო ხელისუფლებას, რომ მისი ფერფლის გადმოსვენების და მთაწმინდაზე დაკრძალვის ნებართვა მივიღოთ“, - გვითხრა გოჩა ფერაძემ.
კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარადგინეს ისტორიკოსებმა პაატა გერგაიამ, თამარ გვიანიშვილმა, ნოდარ ჩხაიძემ, ნიკო ჯავახიშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა დავით გოცირიძემ და აკაკი ყულიჯანიშვილმა, ეკონომიკის დოქტორმა ნატა დავლაშერიძემ, იურისტებმა ლელა ჯანაშვილმა და გულიკო ფერაძემ, მთარგმნელმა რატი ყოლბაიამ.
ქართული საზოგადოება კარგად იცნობს კინოფილმ „ფესვებს“, რომლის სიუჟეტში სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალების წინა ისტორიაა მოთხრობილი - კაცს, რომელიც თითქმის ყველა ევროპულ ენაზე თავისუფლად საუბრობდა, სიკვდილის წინ ყველა ენა დაავიწყდა ქართულის გარდა, იმ ქართულისა, რომელზეც, ფაქტობრივად, 10 წლის ასაკის შემდეგ აღარ უსაუბრია. ამ ფაქტს აღნიშნავდა თავის მოგონებაში გრიგოლ რობაქიძე: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა - საქართველოს ბავშვობითგან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირყევა საუკუნეთგან მოშვებული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, რა ძალის არიან თირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა“.

მაია ტორაძე

თარიღი: 25/12/2019