საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დღეს ფოლკლორი სოციალურ ქსელში ხომ არ იქმნება? - გამოთქმული ვარაუდები და საინტერესო მოხსენებები საერთაშორისო სიმპოზიუმზე

გვესაუბრება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

   

23-26 სექტემბერს თსუ–ის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ტრადიციული XIV საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა. სიმპოზიუმი, რომლის თემაც იყო „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“, პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და პოეტ-აკადემიკოსს გიორგი ლეონიძეს მიეძღვნა.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში 20–მდე სამეცნიერო მიმართულებამ იმუშავა: ისტორია და კოლექტიური მეხსიერება; ფოლკლორი – ნაციონალური იდენტობის საცავი; მითი, რიტუალი და სიმბოლო ფოლკლორსა და ლიტერატურაში; ფოლკლორული ჟანრები; ფოლკლორი და მხატვრული ტექსტი; თანამედროვე მითოლოგია და ლიტერატურული ზღაპარი; მუსიკალური ფოლკლორი; თანამედროვე ფოლკლორული ნარატივები (ურბანული მითები); ფოლკლორი და გენდერი; ფოლკლორი – კულტურათაშორისი კომუნიკაციების  საშუალება; ფოლკლორი მულტიკულტურულ საზოგადოებაში – ტრადიცია და ინოვაცია კულტურაში; ფოლკლორი და მოსაზღვრე სამეცნიერი დისციპლინები (ისტორია, ლიტერატურა, ეთნოლოგია); ფოლკლორის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია; ფოლკლორი და დიგიტალური ეპოქა; ციფრული ფოლკლორული არქივები და მონაცემთა ბაზები; საველე-შემკრებლობითი კვლევის პრაქტიკა; ფოლკლორი და მულტიმედია; ფოლკლორი პოპკულტურაში; ფოლკლორი მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში; ფოლკლორისტები: სახელები, ეპოქები, ღვაწლი.

 

სიმპოზიუმის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი

 

— ქალბატონო ირმა, „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ტრადიციული სიმპოზიუმია, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა. როგორი იყო ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობა?

 

— ნამდვილად ასეა. „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიმართა, ტრადიციული სიმპოზიუმის - „ლიტერატურის თანამედროვე პრობლემების“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად კონკრეტულ თემატიკას სთავაზობს მკითხველს.

 

სიმპოზიუმის განაცხადი წლის დასაწყისში გასაჯაროვდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ორ ასეულს გადააჭარბა, საიდანაც შეირჩა 130-ზე მეტი  მეცნიერი მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

 

სიმპოზიუმის თემატიკიდან გამომდინარე, მუდმივ მონაწილეებთან ერთად (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია) ორგანიზატორთა გუნდს, ამჯერად, ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიც შემოუერთდა. გარდა დატვირთული სამეცნიერო დღის წესრიგისა, რომელიც სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული 130-ზე მეტი პლენარული და თემატური სამეცნიერო სესიების მუშაობაში ჩართული მოხსენების გაცნობასა და სამეცნიერო დისკუსიებს ისახავდა მიზნად, ასევე, დაიგეგმა მრავალფეროვანი ონლაინ კულტურული პროგრამაც სიმპოზიუმის მონაწილე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, კორონა-პანდემიამ არა მარტო ჩვენი სიმპოზიუმის ორგანიზატორების, არამედ მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა. სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა და გადაწყდა, რომ სამეცნიერო ღონისძიება ჩატარებულიყო ონლაინ ფორმატში. ონლაინ ფორმატი ჩვენთვის ახალი გამოწვევა გახლდათ, რომელსაც, ვფიქრობ, თავი წარმატებით გავართვით. სიმპოზიუმის სწორად და ზუსტად დაგეგმვამ, შესაძლო შეფერხებების წინასწარ გათვალისწინებამ  საშუალება მოგვცა - სამეცნიერო ღონისძიების სამდღიანი მუშაობა დაბრკოლებების გარეშე წარმართულიყო.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიმპოზიუმის მუშაობაში უკლებლივ ყველა მონაწილე ჩაერთო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი; გაიმართა არაერთი ძალზე საინტერესო სამეცნიერო დისკუსია. უპრეცენდენტო იყო წლევანდელი სიმპოზიუმი მსმენელთა რაოდენობითაც, რადგან ინტერნეტ სივრცე ღია გახლდათ ნებისმიერი მსურველისათვის.

 

— როგორ შეაფასებთ სიმპოზიუმზე გამოტანილი მოხსენებების სამეცნიერო დონეს, რა ითქვა ახალი მომხსენებლების მიერ, რამდენად ვითარდება და ფართოვდება ფოლკლორის შესწავლის არეალი?

 

– როგორც ყოველთვის, სიმპოზიუმზე გამოტანილ იქნა ძალიან საინტერესო მოხსენებები, რაც აისახა თუნდაც იმ მრავალრიცხოვან დისკუსიებში, რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებში წარიმართა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პლენარული სხდომები.  კემბრიჯის უნივერსიტეტის  პროფესორის ჯენიფერ უოლესის მოხსენება  ევროპელ რომანტიკოსთა შემოქმედებაში მითოლოგიისა და მითოპოეტიკის ასახვას შეეხებოდა. ქართველმა მკვლევრებმა მას არაერთი შეკითხვა დაუსვეს. თავის მხრივ, ბრიტანელი მკვლევარი დაინტერესდა, როგორია ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებითი კავშირი მითოლოგიასთან. საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა.

 

ძალიან საინტერესო გახლდათ ცნობილი კანადელი ქართველოლოგის  ქევინ თუითის მოხსენება, რომელიც კავკასიურ რელიგიასა და ფოლკლორში წმინდა გიორგის მდედრობით ორეულებს შეეხებოდა. მოხსენებაში მკვლევარს გამოყენებული ჰქონდა სვანეთსა და ხევსურეთში  საკუთარი ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალა. ალბათ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოხსენება ქართულ ენაზე წარმოადგინა.

 

სიმპოზიუმი, თემატიკიდან გამომდინარე, ინტერდისციპლინური გახლდათ. მასში, ფილოლოგ ფოლკლორისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ ეთნოლოგები, მუსიკათმცოდნეები და ქართული თეატრის მკვლევრები. შესაბამისად, წარმოდგენილი მოხსენებებიც მეტად მრავალფეროვანი შინაარსისა იყო.

 

მოგეხსენებათ, დღეისათვის ფოლკლორი არამატერიალური კულტურის ძეგლად არის აღიარებული, რაც უთუოდ შეუწყობს ხელს უკვე არსებული მასალების შენახვასა და პოპულარიზაციას. თუმცაღა, სიმპოზიუმზე წარმოდგენილ მოხსენებებში იმის შესახებაც იყო საუბარი, თუ როგორია ფოლკლორის განვითარების სამომავლო პერსპექტივა.  კომპიუტერის, ინტერნეტის და სოციალური მედიის ეპოქაში, გარკვეულწილად, დაირღვა ფოლკლორული ნიმუშების შექმნისთვის აუცილებელი გარემო და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ტექსტის ზეპირსიტყვიერად გადაცემის აუცილებლობა. თანამედროვე ფოლკლორი თვისობრივად შეიცვალა. დაისვა შეკითხვა: დღეს ფოლკლორი სოციალურ ქსელში ხომ არ იქმნება?  აღინიშნა, რომ ამგვარი მტკიცება ნაადრევია, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და მეცნიერებს მოუწევთ იმის დამტკიცება, თუ რამდენად კარგავს ზოგიერთი ტექსტი სოციალურ ქსელში ინდივიდუალურ თვისებებს და მთლიანად კოლექტიურ ცნობიერებას ეყრდნობა...

 

— სიმპოზიუმის მუშაობაში უამრავი უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა. როგორია მათი შეფასება – იყო თუ არა ეს სამეცნიერო ფორუმი ნაყოფიერი?

 

— შემიძლია გითხრათ, რომ სიმპოზიუმის ორგანიზატორებმა და, მათ შორის, მეც სიმპოზიუმის თითქმის ყველა მონაწილის სამადლობელი წერილი მივიღეთ, რომელთა ავტორები გვილოცავდნენ სიმპოზიუმის წარმატებით ჩატარებას; მაღალ შეფასებას აძლევდნენ ფორუმის სამეცნიერო დონეს და აღნიშნავდნენ, რომ, მსგავსი ფორმატის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებათა შორის, ჩვენი სიმპოზიუმი ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ღონისძიება იყო, რომ არაფერი ვთქვათ მის სამეცნიერო დონეზე. ისინი სამომავლოდაც მზად არიან ჩაერთონ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობითი სიმპოზიუმის მუშაობაში (სწორედ ამ სახელით იხსენიებენ ჩვენს ყოველწლიურ სიმპოზიუმს).

 

— მომავლის პერპექტივა — რა დაიგეგმა სამომავლოდ?

 

— პირველ რიგში, ტრადიციულად, დაგეგმილია სიმპოზიუმის მასალების გამოქვეყნება. რაკი თავად სიმპოზიუმი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა, გადავწყვიტეთ მასალების  ფორმატიც შესაბამისი იყოს. ამიტომ წელს ის ელექტრონული წიგნის სახით გამოვა, უახლოეს პერიოდში კი გვინდა - სიმპოზიუმის მასალები საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს შევთავაზოთ. ჩვენი, უკვე ტრადიციული, სიმპოზიუმის შედეგებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. თქვენ გახსოვთ, რომ სხვადასხვა დროს მასალების კრებული ორჯერ გამოსცა კემბრიჯის აკადემიურმა გამომცემლობამ, აგრეთვე,  რამდენიმე გერმანულმა გამომცემლობამ.

 

წლევანდელი სიმპოზიუმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ახალი სამეცნიერო კავშირების დამყარება და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისა თუ საგრანტო პროექტების დაგეგმვაა. 

მოამზადა მაია ტორაძემ

თარიღი: 12/10/2020