საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეკანების ახალი წელი

ამდენი წლის მერე ეს დღეც დადგა - ადმინისტრაციამ დანაპირები შეასრულა

გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი:

- ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებით, შემდეგ დასთან მივდივართ მისალოცად. ჩემი ოჯახისთვის 1 იანვარი განსაკუთრებული თარიღია, რადგან მეუღლის დაბადებასაც ვზეიმობთ და ყველა სტუმარს დიდი სიხარულით ვუმასპინძლდებით. საახალწლო ნაძვის ხეს ოჯახის ქალები რთავენ, მე მხოლოდ მისი აწყობა მევალება. საახალწლო სუფრაც ტრადიციული გვაქვს. მეუღლე ბრწყინვალე კულინარია და საახალწლო კერძები მრავალფეროვანი და საოცრად გემრიელია. მე ამ დროს ყოველთვის ვმარხულობ და კერძების მომზადებისას ამასაც ითვალისწინებენ. 12 საათს როგორც კი ჩამოჰკრავს, ქართულ შამპანურს ვხსნით და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ვულოცავთ. სანამ მამა ცოცხალი იყო, ოჯახის შეუცვლელი მეკვლე გახლდათ, გარდაცვალების შემდეგ კი ჩემი შვილები გვილოცავდნენ პირველები. ისეთი კარგი ფეხი ჰქონდათ, ყველასთვის სასურველი მეკვლეები იყვნენ. ახლა შვილიშვილები არიან ჩვენი მეკვლეები და ძალიან გვიხარია... სასიამოვნოა, როცა პატარა ბავშვი ოჯახში მეკვლედ შემოდის. 
ახალი წელი ყველა დროის განსაკუთრებული დღესასწაულია. საბჭოთა კავშირში რელიგიური დღესასწაულები თითქმის აკრძალეს, მაგრამ ახალი წელი მაშინაც და ახლაც გამორჩეულია. ალბათ, გახსოვთ, თითქმის 40 წელიწადი ერთი და იგივე ფილმს „ბედის ირონია“-ს გვაჩვენებდნენ ტელევიზიით, გვინდოდა ეს თუ არა. ამ ფილმის ჩვენება თითქოს რიტუალად იქცა... განსაკუთრებული ახალი წელი 1987 წელს მქონდა, როცა დავქორწინდი. ის ახალი წლებიც დაუვიწყარია, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ, შემდეგ შვილიშვილებიც. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. 
ახალი წლის შემდეგ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული აღდგომაა, რომელსაც საოცარი განცდით და ამაღლებული განწყობით ვხვდები. მიყვარს შობაც, ოჯახის წევრების დაბადების დღეები. განსაკუთრებული თარიღია ჩემთვის 26 მაისი და 9 აპრილი - ეს დღე ჩემი თაობისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ძვირი ფასი გადავიხადეთ ამ დამოუკიდებლობისათვის. 
წელსაც ამაღლებული განწყობით ვხვდები ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. არ ვარ იმის მომხრე, რომ ამ მოვლენებში უარყოფითი დავინახო. პირიქით, მგონია, რომ ის, რაც ხდება, დადებითი მუხტის მატარებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია შედგა, გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ახლა უნდა შევჯერდეთ და შევთანხმდეთ რიგ საკითხებზე. პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გამოხატვის თავისუფლება და ძალადობრივი ქმედება. პარლამენტის პიკეტირება სწორი არ არის, მაგრამ პარლამენტთან აქციის ჩატარება სწორია! პროტესტი ისე უნდა გამოვხატოთ, რომ სხვა არ დავაზიანოთ, სხვას ხელი არ შევუშალოთ. ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოება სწავლობს დემოკრატიას. არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიას ასწავლის, ყველა სახელმწიფო ცდილობს იპოვოს თავისი ველი... არ არსებობს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი, რომელიც ზუსტად შენს ქვეყანაზე იქნება მორგებული; ნაკლებად არსებობს ალბათობა იმისა, რომ სხვა ქვეყნის წარმატებული მოდელი შენი ქვეყნისთვისაც ისეთივე სიკეთის მომტანი იქნება. 
დამდეგ ახალ წელს ამაღლებული განწყობით ვხვდები, ან როგორ არ უნდა მიხაროდეს, როცა თსუ-ის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელფასების მატების მზაობა გააჟღერა. ამდენი წლის მერე ეს დღეც დადგა - ადმინისტრაციამ დანაპირები შეასრულა. 
ხელისუფლებამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა და თქვა, რომ ამ მიმართულებით დაფინანსებას გაზრდის. როგორ შეიძლება ეს არ მოგეწონოს! კიდევ მახარებს ის, რომ წელს მაღლივი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო, შემოსასვლელი გაკეთდა. გარდა ამისა, რექტორისა და ადმინისტრაციის თანადგომით მაღლივი კორპუსის 3 სართულის რეაბილიტაცია იგეგმება. ამას რომ ხედავ, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს? სტუდენტური სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით, დღეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვხვდები. ამ სივრცეების დაგეგმარება მთლიანად მათ მივანდეთ, საკითხის გადასაწყვეტად ახალგაზრდების აზრი უფრო კომპეტენტურია. ეს სტუდენტები თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, მათ სხვა საქართველოში არ უცხოვრიათ, დამოუკიდებელი საქართველოს იდეალებით არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა თავისუფალია კლიშეებისგან, სტიგმებისგან, თავისუფლად შემოდის დიალოგში და მარტივად აყალიბებს თავის მოთხოვნებს. 
თსუ-ის პროფესორის ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ცნებები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო არ იყოფოდა. ერთხელ მამამ მითხრა, დაიმახსოვრე: თუ ადამიანმა თსუ-ის რექტორად ივარგა, ის ქვეყნის მეთაურობასაც შეძლებს, მაგრამ შეიძლება მაღალი თანამდებობის ადამიანმა უნივერსიტეტის რექტორობა ვერ შეძლოსო. საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეს ორი მცნება ჩემთვის განუყოფელია. ჯერ კიდევ თსუ-ის დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ სანამ ქვეყნის დამოუკიდებლობას გამოაცხადებ, ქვეყანაში უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს და აქ მიღებული ცოდნით, მეცნიერული ხედვით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და მიდგომებით ქვეყნის სწორად განვითარებას უნდა ჩაუყარო საფუძველი. უნივერსიტეტი არის ბარომეტრი - თუ უნივერსიტეტი წარმატებულია, წარმატებულია ქვეყანაც. სამამულო ომის დროს დაბომბვის თავიდან აცილების მიზნით თსუ შავად შეღებეს. ხალხი იდგა და ტიროდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. გამარჯვების შემდეგ, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ის, რომ უნივერსიტეტი ისევ თეთრად გადაღებეს, რასაც ხალხი დიდი სიხარულით და ოვაციებით შეხვდა. წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა დიდი ისტორიული მომენტი ყოველთვის აქ, უნივერსიტეტის ეზოში წყდება და ეს უკვე გენეტიკური კოდია! 
წინასაახალწლოდ სტუდენტებს მინდა ვუსურვო ახალგაზრდული ძალისხმევის ვექტორის სწორი მიმართულებით წარმართვა. სწორედ ამაშია ჩვენი - უფროსი თაობის მისია. დღეს უკვე აღარ ვდაობთ, რომ განათლება პრიორიტეტულია. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი რაოდენობით უცხოელი სტუდენტი მოიზიდოს და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ... 

 

წელს საახალწლო ზეიმი 25 დეკემბრისთვის გვაქვს დაგეგმილი

თამარ დოლბაია, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- საახალწლო განწყობა ჩემთვის ყოველთვის საზეიმოა. ელოდები ახალს, გასული წლის შედეგებს აფასებ, სამომავლო გეგმებს სახავ და გჯერა, რომ მომავალი წელი გასულზე უკეთესი იქნება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ტრადიციად ვაქციეთ გასული წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის შეჯამება. აქ გამართულ ზეიმზე ვაცხადებთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებს. წელს საახალწლო ზეიმი 25 დეკემბრისთვის გვაქვს დაგეგმილი. ხალისით მოვრთავთ ნაძვის ხეს, პატივით გავაცილებთ ძველ წელს და ახალი იმედებითა და გეგმებით შევხვდებით ახალს. ხანდახან თსუ-ის რექტორი და კანცლერიც მონაწილეობენ ჩვენს ზეიმში, საპატიო სტუმარიც ხშირად მოგვიწვევია. 
საკუთარ სახლში როგორ ვხვდები ახალ წელს? - საახალწლო სუფრის მომზადება ჩემი პრეროგატივაა, ხოლო ოჯახის სურსათით მომარაგება ჩემი მეუღლის. ოჯახის ყველა წევრი ვართ ჩართული საახალწლო სამზადისში. ყველას ძალიან გვიხარია საახალწლო ფუსფუსი და მიკვირს, როცა ვინმეს წუწუნს ვისმენ... რაც ჩემმა უმცროსმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა, ნაძვის ხის მორთვა და გალამაზება რძალს მივანდეთ. ძალიან ნიჭიერი გოგოა და მოსართავ სათამაშოებს თავისი ხელითაც აკეთებს, ამიტომ ჩვენი ნაძვის ხე ყველასგან გამორჩეულია. ტრადიციულად სახლში მეორე ნაძვის ხესაც ვრთავთ - ჩემი ბავშვობის დროინდელს... ეს ნაძვის ხე თავისი ულამაზესი, ძველი სათამაშოებით უკვე ოჯახის რელიქვიაა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. სანამ დედა ცოცხალი იყო, ლამაზად გამოპრანჭავდა შვილიშვილებს და ხელში ნუგბარით გარეთ გაუშვებდა, სახლში მეკვლეებად რომ დაბრუნებულიყვნენ. ახლა ბავშვები გაიზარდნენ და ოჯახის მეკვლის როლს ხან ჩემი მეუღლე ირგებს და ხანაც ჩემი ბიჭები. ახალ წელს აუცილებლად სახლში ვხვდებით, ყველანი ერთად! ახალი წლის დადგომის შემდეგ კი ნათესავებს, ახლობლებს ვსტუმრობთ და ახალი წლის მობრძანებას ვულოცავთ. ჩვენი საზეიმო განწყობა მთელი კვირა გრძელდება და გვიხარია... ყოველი ახალი წელი ჩვენთვის გამორჩეულია და ამისთვის მადლობა უფალს! 
ჩვენს უნივერსიტეტს წარმატებას, წინსვლას, განვითარებას ვუსურვებ და იმ ტრადიციების შენარჩუნებას, რამაც დღემდე მოგვიყვანა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რაღაც საკრალური დატვირთვა აქვს თითოეული ქართველისთვის და მინდა, რომ ეს ხიბლი და იდუმალება კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს, რათა ასეთი მნიშვნელოვანი იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის. 

 

ჩემი სურვილია, უნივერსიტეტმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის

დიმიტრი კორძაია, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი:

- კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიხსენებ შობა-ახალ წელთან დაკავშირებულ - სასიამოვნო ემოციებს, რომელიც წარსულიდან დღემდე მომყვება...
თბილისში, ფიქრის გორაზე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, დიდ ოჯახში ახალი წლის სამზადისიც იმ ტრადიციების ნაწილი იყო, რომელსაც ტიტე ბაბუა და მარიამ ბებო ამკვიდრებდნენ. პირველ შვილიშვილს, ბებია და ბაბუა განსაკუთრებით მანებივრებდნენ, მშობლები დაკავებულები იყვნენ: მამა უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო, დედა - სამედიცინო ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე მუშაობდა, მაგრამ ახალ წელს ყველა იცლიდა და განსაკუთრებულად ვემზადებოდით. 
როგორც ყველა ქართულ ტრადიციულ ოჯახში, ჩვენთანაც კეთდებოდა გოზინაყი და საცივი... გოზინაყს ბებია აკეთებდა, მერე დედა, ახლა ჩემი მეუღლე აკეთებს, მაგრამ ყველაზე მეტად მამიდას გაკეთებული გოზინაყი მომწონდა - პატარა ბურთულები მოხალული ნიგვზით... ნაძვის ხეს ჩემს ბავშვობაში დედა რთავდა - დილით გაღვიძებულს მეუბნებოდნენ, რომ თოვლის ბაბუამ მომიტანა... მაშინ ჯერ კიდევ სანტა-კლაუსის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ახალი წლის ღამეს სურვილებს ჩავუთქვამდით და მათი ასრულების გვჯეროდა... ახლა მეუღლესთან ერთად ვრთავ ნაძვის ხეს შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის...
ოჯახში მეკვლეს დღესაც დიდი სიხარულით ველით, მაგრამ ბავშვობაში პატარა მეკვლე მაინც სხვანაირად დამამახსოვრდა: ექვსი წლის ვიყავი, კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჩემი ბიძაშვილი ჭაბუა ჭაბუკიანი შემოვიდა ბიძაჩემთან, ოთარ ჭაბუკიანთან ერთად. ჭაბუას მხრებზე ლეჩხუმიდან ჩამოტანილი ძველი ნაბადი ჰქონდა მოხვეული და ხელში ტკბილეული ეჭირა. ძალიან კარგი შეგრძნება იყო, მას შემდეგ მეც ხშირად ვყოფილვარ მეკვლე.
სკოლის პერიოდში და სტუდენტობისას ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მეგობრებთან და ნათესავებთან მივდიოდი მეკვლედ. ტრადიციული სამოსით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია სამედიცინო ინსტიტუტშიც დავამკვიდრე, განსაკუთრებული კი მაინც ის ახალი წელი იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს ოჯახში ვესტუმრე. დღემდე ვინარჩუნებთ ოჯახებიდან გამოყოლილ ტრადიციებს, თუმცა, ბოლო წლებში მენიუ ცოტა შეიცვალა - სუფრაზე სამარხვო კერძები ჭარბობს. განსაკუთრებულად ვხვდებით შობის დღესასწაულს, ტაძარში მივდივართ, ფანჯრებთან კი სანთლებს ვანთებთ.
ახალი წლის მომდევნო დღეებში მეგობრებისა და ნათესაობის მონახულებაც ერთგვარი რიტუალია. 
ჩემი სურვილია, უნივერსიტეტმა იმ მაღალი ღირებულებებით გააგრძელოს ცხოვრება, როგორც მის დამაარსებლებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ყველას ვუსურვებ მიზნების მიღწევას და სურვილების ასრულებას!“. 

 

ეს დღეები ასოცირდება სიყვარულთან, სითბოსთან, ოჯახთან...

თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი:

- შობასა და ახალ წელს ყველა ადამიანი ახალი იმედებითა და მოლოდინებით ხვდება. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაულები... მეტიც... ალბათ, ყველაზე მეტად. ეს დღეები ასოცირდება სიყვარულთან, სითბოსთან, ოჯახთან. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები - ჩემს ოჯახთან. სურვილები მრავალგვარია: ჯანმრთელობით დაწყებული მშვიდობითა და კეთილდღეობით დამთავრებული. ნაძვის ხეს დიდი ხნით ადრე ვრთავთ, მიყვარს ეს პროცესი, საახალწლო განწყობას ქმნის. ჩიჩილაკიც აუცილებლად გვაქვს. განსაკუთრებული ტრადიცია, ალბათ, „კუჩხას“ ტრადიციაა. ბავშვობიდან ჩვენი მეკვლე ჩემი უფროსი ძმა იყო. ახლაც მახსოვს, გარიჟრაჟზე როგორ „გადგამდნენ“ გარეთ ნახევრადმძინარეს, ხელში მეკვლის ტრადიციული თეფში ეჭირა, ზედ ელაგა: ღერღილი, ხილი (როგორც წესი ვაშლი ან მანდარინი, ოთხივე მხრიდან ხურდებით გაწყობილი), სუროს ტოტი, კვერცხი, ჩირი და კანფეტები. კარზე აკაკუნებდა, უნდა გეკითხა: - ვინ არის? (თითქოს არ ვიცოდით) - მეკვლე ვარ! – გაგვცემდა პასუხს. - რა მოგაქვს? - მომაქვს სიცოცხლე, ხვავი, ბარაქა, სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე... და დანარჩენი მეკვლის ფანტაზიაზე და გულუხვობაზე იყო, რას დაგვაბედებდა. თან მთელი სახლი უნდა შემოევლო და თეფშის შიგთავსი მიმოეფანტა. მთელს ამ ისტორიაში კი ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალი წელი ხომ ორი გვაქვს საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო, ბედობა კი ჩვენს ოჯახში, რატომღაც, ოთხჯერ იყო: პირველში, ორში, თოთხმეტსა და თხუთმეტ იანვარს. მახსოვს, პირველად ამის მიზეზი რომ ვიკითხე, ბაბუაჩემმა მრავლისმეტყველად მითხრა - „წესი წესიაო“. „ნამდვილი“ და „არანამდვილი“ ბედობის კვლევა აღარ ჩამიტარებია, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ეს ტრადიცია რაღაცნაირად თავადაც მომწონდა - არქაული და საინტერესოა. ახლა ამ ტრადიციას მორიგეობით ჩემი ბიჭები აგრძელებენ და ისევ ოთხი „კუჩხა“ გვაქვს ოჯახში.

 

ოკუპაციური თერაპიის სტუდენტებმა ფაკულტეტს ერთგვარი საახალწლო საჩუქარიც გაუკეთეს

თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- ჩემთვის მნიშვნელოვანია შობის დღესასწაული, თუმცა ახალ წელს ახალი კალენდარული წელი იწყება და ჩვენც ახალი პროექტების დასრულება-განხორციელების იმედით ვხვდებით. ჩემი ყველა გეგმა, რა თქმა უნდა, ფაკულტეტის განვითარებას უკავშირდება. აკრედიტაციისთვის ვამზადებთ უცხოენოვან სასწავლო პროგრამას ფსიქოლოგიაში და ნელი ტემპით, თუმცა მაინც მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტის შემუშავება, მათ შორის ადრეული განვითარების საბაკალავრო პროგრამა, ადრეული ინტერვენციის სამაგისტრო პროგრამა, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც IT დეპარტამენტთან ერთად ვამუშავებთ. ჩემი საახალწლო სურვილიც სწორედ ეს იქნება - ყველა ამ სამუშაოს სწრაფად და ნაყოფიერად დასრულება. 
საახალწლოდ სადღესასწაულო განწყობას თსუ-ის III კორპუსში აუცილებლად შემოვიტანთ, ფოიეში მოვრთეთ ნაძვის ხე. ოკუპაციური თერაპიის სტუდენტებმა ფაკულტეტს ერთგვარი საახალწლო საჩუქარიც გაუკეთეს - ე.წ. ფერადი პუფები თავისი ხელით გააკეთეს, რომელიც კოპრუსის დერეფნებში დგას და, ასევე, მათივე დამზადებული ხის სხვადასხვა ფერის პალეტები, რომელიც ეზოში განთავსდება.

 

ახალი წელი ახლა უფრო მეტად მიყვარს და მეძვირფასება, ვიდრე ახალგაზრდობაში

ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

- ახალი წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, მხიარული და ხალისიანი დღესასწაულია, რომელიც ახალ იმედებთან, სურვილების ასრულებასთან, ნაძვის ხესთან და სადღესასწაულო სუფრასთან ასოცირდება. ცოტა უცნაურია, რომ ახალი წელი ახლა უფრო მეტად მიყვარს და მეძვირფასება, ვიდრე ახალგაზრდობაში (ვინაიდან ახალგაზრდობა თავად არის ერთი დიდი და შთამბეჭდავი დღესასწაული). რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მიმძაფრდება ეს გრძნობა.
ერთი სული მაქვს, როდის მოვრთავ ნაძვის ხეს. როგორც წესი, ამას დეკემბრის შუა რიცხვებში ვაკეთებ. ჩემი ნაძვის ხე დიდი და ფუმფულაა. მის მოსართავად ვიყენებ სხვადასხვა ზომის ოქროსფერ და წითელ ბურთებს და წითელ ნათურებს - ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი გამოდის. საათობით შემიძლია მისი ცქერა და ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
საახალწლო ტრადიციულ სუფრას, რომელიც ყველა სხვა სუფრისაგან გამორჩეულია, თავისი გოზინაყით, საცივითა და სხვა ატრიბუტებით, დედაჩემი ამზადებს, რომელიც საუკეთესო კულინარია. ვცდილობ, ჩვენი საახალწლო სუფრა არა მარტო კულინარიული თვალსაზრისით, არამედ ესთეტიკურადაც შთამბეჭდავი იყოს. 
ახალი წლის განწყობას მიმძაფრებს ის ემოცია, რომ ამ დროს ყოველთვის ჩამოდის ჩემი შვილი, რომელიც უკვე 6 წელია უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. იგი ჩვენი ოჯახის შეუცვლელი მეკვლეა, რომელსაც ტკბილეულით დატვირთულ ხონჩას, რასაკვირველია, მე ვუმზადებ. ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ხონჩით შემოდის სახლში და მეკვლის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. მას ხუმრობით პირველ და დანიშნულ მეკვლეს ვეძახით. მეორე მეკვლე კი იქნება ის, ვინც 2 იანვარს პირველი გვესტუმრება. 
ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდებით. სუფრას დაახლოებით 11 საათზე შემოვუსხდებით, 12 საათზე ერთმანეთს ვულოცავთ ახალი წლის დადგომას. მერე ან სტუმრად მივდივართ, ან სტუმრებს ვმასპინძლობთ.
...დგება პირველი იანვრის დილა. ამ დროს, როგორც წესი, დაღლილი ვარ. ახალი წელი კი გადაიქცევა წარსულად და ეს ცოტა სევდიანია. მომავალ ახალ წლამდე საკმაოდ დიდი დრო, მთელი ერთი წელია. თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ზუსტად ერთ წელიწადში ისევ შევხვდებით ახალ წელს ოჯახურ წრეში ყველანი ერთად ჯანმრთელები, წარმატებულები და ბედნიერები.

თარიღი: 02/01/2020