საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი წლის საჩუქარი – საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღება გამოცხადდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე გამოაცხადებს მიღებას. საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის თსუ მიღებას გამოაცხადებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებულ და ქიმია ACS სერტიფიცირებულ პროგრამებზე. პროგრამები თსუ-მ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ერთობლივად წარადგინეს.
„ეს პროგრამები პირველი მერცხალია, მათგან ორმა აკრედიტაცია მიიღო, რაც აგვისტოში ფორმალურად დადასტურდება. მომავალ სასწავლო წელს მიღება გამოცხადდება ABET აკრედიტებულ პროგრამებზე, რაც ნიშნავს, რომ დიპლომი იქნება საერთაშორისო წონის მქონე“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, „სან დიეგოს უნივერსიტეტთან შეთანხმება ხდება აკრედიტებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთდროულად თსუ-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომების გადაცემაზე. ამასთან, უკვე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ქიმიის პროგრამის სერტიფიცირების საკითხი წყდება. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რეგიონში. ყველას ვულოცავ, შევძელით და ძალიან ხანგრძლივი, 5 წლიანი პროცესი 3 წელში გავიარეთ, აღიარებამაც არ დააგვიანა“.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ჰალილ გუვენის თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია საქართველოში უკვე შესრულებულია. „ჩვენი პირველი მისია იყო, რომ გვყოლოდა პირველი გამოშვება და კურსდამთავრებულები საქართველოში - ეს მიზანი მიღწეულია, ხოლო მეორე მიზანი იყო, რომ ჩვენი გამოცდილება გადაგვეცა პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის და დავხმარებოდით მათ, გავარემონტეთ ლაბორატორიები, სასწავლო ოთახები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსალოდნელზე ადრე შეძლო საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება პროგრამებზე. მომავალში დაგეგმილია დანარჩენი ორი უნივერსიტეტის პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება“, - განაცხადა პროფესორმა ჰალილ გუვენმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, რომ ABET-ისა და ACS-ის აკრედიტებული სპეციალისტები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან. „ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგში შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ითხოვს სწორედ ამ სერტიფიცირების და აკრედიტაციის მქონე კურსდამთავრებულებს. თსუ კი გახლავთ პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.
„ეს დიპლომი მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ისეთივე ხარისხის განათლება საქართველოში, როგორსაც მივიღებდით საზღვარგარეთ. აღარ მაქვს იმის აუცილებლობა, რომ წავიდე უცხოეთში ან სან-დიეგოში სასწავლებლად, რადგან იგივე ხარისხის განათლებას მივიღებ აქ, საქართველოში“, - აღნიშნავს თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის II კურსის სტუდენტი გიორგი ბოხოჩაძე.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ. ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

* * *
საქართველო გახდა 24-ე ქვეყანა, სადაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) საერთაშორისო წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება. ეს იქნება საზოგადოების პირველი წარმომადგენლობა, რომელიც კავკასიის რეგიონში, ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნებში გაიხსნა. თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში იქნება პირველი პროგრამა საქართველოში, რომელიც ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ იქნება სერტიფიცირებული.

თარიღი: 29/12/2019