საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა ფსიქოლოგის წინასაახალწლო რჩევები

ყველა სიახლე შობა-ახალ წელს უკავშირდება. როდიდან ვიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას? - ახალი წლიდან! როდის უნდა გადავდგათ ნაბიჯი წლობით დასახული მიზნისკენ? - ახალი წლიდან! როდის უნდა განვაგდოთ სიზარმაცე ან გავთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან? - რა თქმა უნდა, ახალი წლიდან... ეს საკრალური ახალი წელი ბევრისთვის სიახლის, იმედის, ოცნების ახდენის საწყისთან ასოცირდება. ამას ისიც ემატება, რომ იმ წამს, როგორც კი დაჰკრავს საათი თორმეტს, გინდა თუ არა, დარდი, სევდა, ეჭვი, გაუბედაობა, უიმედობა წარსულს უნდა ჩააბარო და სახეზე მხიარული ნიღაბი აიკრა... როგორ უნდა გააკეთო ეს და აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ ხასიათზე შეხვდები ახალი წლის დადგომას, თსუ-ის განათლების ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი თამარ მაღლაკელიძე გვესაუბრება:

- ტრადიციულად, შობა-ახალი წელი ასოცირდება ახალი ცხოვრების დაწყებასთან, იმედებთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან... როგორ უნდა მივმართოთ ჩვენი თავი ამ დღესასწაულებზე დადებითი/პოზიტიური განწყობისკენ?
- ჩვენს საზოგადოებაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, დღესასწაულები უბრალოდ აღსანიშნი თარიღები არ არის. პირიქით, ეს არის იმედის, პოზიტივის, ბედნიერების, სიყვარულისა და სიახლოვის სიმბოლიკის მატარებელი დღეები. ამიტომაც, ყველა ვცდილობთ, ისინი ისეთი ადამიანების გარემოცვაში გავატაროთ, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ, ვისაც უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. ამ ყველაფრის მიზეზი კი სიყვარულის, აღიარებისა და ესთეტიკური სილამაზის ადამიანური მოთხოვნილებებია. როდესაც ჩვენი მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული, ჩვენ შინაგან წონასწორობას ვკარგავთ, განვიცდით დისბალანსს და ვცდილობთ მის აღდგენას.
ბალანსის აღსადგენად საჭიროა ქცევის ისე წარმართვა, რომ მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. ამაში კი ჩვენი განწყობები გვეხმარება. ეს არის ერთგვარი მზაობა - განვახორციელოთ ესა თუ ის მიზანშეწონილი აქტიობა. მიზანშეწონილი ქცევა თავისთავად მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული, თუმცა, არსებობს ბევრი „მაგრამ“, თუ რატომ არ ან ვერ ახორციელებენ ადამიანები ასეთ აქტიობებს. ერთ-ერთი ფაქტორია მოტივაცია, რომელიც არ გვაქვს, რადგან ჩვენ გარეგან ფაქტორებს ვაბრალებთ მომხდარს, როგორიცაა იღბალი და ბედი და არ ვცდილობთ, ყველაფერი ჩვენი ძალისხმევით შევცვალოთ; ვფიქრობთ, რომ ამას აზრი არ აქვს, რადგან იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და უკონტროლოა, ვერ შევცვლით. რეალურად, შესაძლოა ვთქვათ, რომ იღბალი არც არსებობს და მთავარია - ადამიანს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრების, სიტუაციების, მოვლენებისა და სხვა ინდივიდების მიმართ. როდესაც ჩვენ ყველა სიტუაციის, მოვლენისა თუ პიროვნების დადებით მხარეებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მუდმივად ვეძებთ პოზიტივს და ვცდილობთ, მომხდარი ჩვენს სასიკეთოდ შევაფასოთ. ასეთ დროს თავს ბედნიერად ვგრძნობთ და ჩვენი თვითკმაყოფილების დონე იწევს, ვიღიმით, კარგ განწყობაზე ვართ. ამ განცდებისა და ემოციების ფონზე კი, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ბევრ რამეში „გვიმართლებს“ და „ფორტუნა ჩვენს მხარესაა“. შესაბამისად, იცვლება განწყობები და ჩვენი მოლოდინები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან გვეხმარება.
რჩევის სახით შემიძლია გითხრათ - ეცადეთ, წლის ბოლომდე გაერკვეთ თქვენს მოთხოვნილებებში, თქვენი აქტიობა კი ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული წონასწორობის დარღვევისკენ მიმართოთ, რათა ბალანსი დაიბრუნოთ. მაგალითად, თუ საყვარელი ადამიანების გვერდით გინდათ გაატაროთ ახალი წელი, მაგრამ მათთან უთანხმოება გაქვთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და სცადეთ - იქნებ, სწორედ ამას ელიან ისინი, თქვენ კი ხელიდან ბედნიერი დღესასწაულის შანსს უშვებთ? არა მხოლოდ განწყობა, არამედ ქმედებაც აუცილებელია.
- წლის განმავლობაში ბევრი ნეგატივი გროვდება... შეიძლება თუ არა, ჩვენვე დავეხმაროთ ჩვენს თავს და ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ სიახლეებისთვის?
- ჩვენი ყოველდღიურობა ზედმეტად გადატვირთულია სიახლით, ინფორმაციით, ადამიანებით - ეს მრავალფეროვნება კი თავისთავად მოიაზრებს ნეგატივსაც, რომელიც ადამიანებში სულ უფრო მეტად გროვდება. ყველასთვის ცნობილია, რომ წონაზე მოწუწუნე ადამიანები მაქსიმალურად აჯანჯლებენ დროს და დიეტას ორშაბათიდან იწყებენ, სიახლეების მაძიებლებისთვის კი ასეთი ხელსაყრელი „ორშაბათი“ სწორედ ახალი წელია. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკუთარ თავს ჩვენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება, მთავარია სწორი სტრატეგიების შერჩევა და მათი გამოყენება, თვითკონტროლი და თვითმონიტორინგის მექანიზმების ჩართვა: ქცევების რეგულირება, ემოციების კონტროლი, დაფიქრება აქტიობის განხორციელების წინ. დასვენება და შობა-ახალი წელი, ვფიქრობ, საუკეთესო პერიოდია ამისთვის. თუმცა, თუ ეს დაგროვებული ნეგატივი ადამიანზე ისე უარყოფითად აისახება, რომ მის ყველა საქმიანობას ხელს უშლის, მაშინ საკუთარ თავზე მუშაობა მას დამოუკიდებლად არ გამოუვა და საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც სწორად დაანახებს იმ სტრატეგების პიროვნებისთვის სასიკეთოდ გამოყენებას, რომელიც ვახსენე.
- საახალწლო რიტუალები და ჩვენ - ეხმარება თუ არა ეს რიტუალები ადამიანს, კმაყოფილი, ენერგიული და იმედიანი შეხვდეს მომავალ წელს?
- ყველაზე ქართული რიტუალი, ალბათ, ფეხბედნიერი მეკვლის წვევაა ოჯახებში. ადამიანებს სჯერათ, ვინც მათ სახლში ახალ წელს ფეხს შემოდგამს და როგორიც იქნება ეს შემოდგმული ფეხი, ისეთივე წარმატებული ან წარუმატებელი წელი ექნებათ. მეორე მხრივ რომ განვიხილოთ, ეს რწმენები რეალურად ცრურწმენებია, მოვლენებისა და სიტუაციების მიმართ ჩვენი წინასწარი დამოკიდებულებები და შეფასებები. ასე ვაფასებთ მომავალ წელსაც, თანაც, ერთგვარად ჩვენს წარუმატებლობას ისევ სხვა ფაქტორს, ამ შემთხვევაში, სხვა ადამიანს ვუნაწილებთ, ან პირიქით, წარმატებას იღბალს მივაწერთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენს კმაყოფილებასთან, იმედთან და განწყობებთან არის დაკავშირებული.

მოამზადა მაია ტორაძემ

თარიღი: 01/01/2020