საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ათენში ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი გამოიცა

შურთხია ბეროშვილი

 

ქართული ნუმიზმატიკური ძეგლების, სხვადასხვა დროს მეცნიერების მიერ აღმოჩენილი მონეტებისა და მედლების შესწავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო მსოფლიო კულტურული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

ქართული ნუმიზმატიკის განვითარება მიხეილ ბარათაშვილს უკავშირდება, რომელმაც 1844 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნა შრომა: „საქართველოს სამეფოს ნუმიზმატიკური ფაქტები“. XIX საუკუნეში ნუმიზმატიკის საკითხებზე წარმატებით მუშაობდნენ მარი ბროსე, ივანე ბართოლომეი და სხვები. 1925 წელს ივანე ჯავახიშვილმა გამოსცა ნაშრომი: „ქართული საფას-საზომთამცოდნეობა, ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია“, რამაც დიდი როლი შეასრულა ამ სამეცნიერო დისციპლინის განვითარებაში. 1924 წელს კი მისი ინიციატივით თსუ-ში ნუმიზმატიკის კაბინეტი დაარსდა.

 

როგორც ცნობილია, ნუმიზმატიკური მეცნიერების დარგში რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი სხვადასხვა დროს უკვე გამოიცა, მათ შორის, „ქართული ნუმიზმატიკა“ (თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა), „ანტიკური საქართველოს ნუმიზმატიკა“ (გიორგი დუნდუა), „ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი“ და სხვა. 2013-2015 წლებში თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის მიერ ახალი სამეცნიერო პროექტი – ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი – განხორციელდა. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ თედო დუნდუას ინფორმაციით, ახალი სამეცნიერო პროექტის მიზანი ქართული სამონეტო საქმის ნიმუშებისა და საქართველოში აღმოჩენილი უცხოური მონეტების სრულ მონაცემთა სამეცნიერო ბასის შექმნა იყო, რომლის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნებოდა ინტერნეტით როგორც სპეციალისტებისთვის, ისევე ნებისმიერი მსურველისთვის. ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი ფუნდამენტური ნაშრომია, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში მოჭრილ მონეტებზე და ქვეყნის ფულად მიმოქცევაში ჩართულ უცხოურ ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. 17 263 304 გვერდების ნახვა მისი პოპულარობის მაჩვენებელია. კატალოგის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს, ასევე, მისი განთავსება ამერიკულ ელექტრონულ ჟურნალში (The Ancient World Online).

 

ისტორიკოსებისა და ამ სფეროთი დაინტერესებულ მკვლევართათვის სასიამოვნო სიახლეა ის ფაქტი, რომ წელს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის და მისი ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თედო დუნდუას გულმოდგინეობის წყალობით, ქართული ნუმიზმატიკის კატალოგის ბეჭდური ვერსია ათენში გამოიცა. სპეციალისტების აზრით, ეს მნიშვნელოვანი სიახლე კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო სამეცნიერო წრეების მხრიდან კატალოგის და ქართველი მეცნიერების მიმართ ინტერესს, რომლებმაც კუთვნილი ადგილი დაიკავეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში.

თარიღი: 18/09/2021