საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2021 წლიდან თსუ-ში პროგრამული ბიუჯეტირების მოდელი ინერგება

მოამზადა ნატო ობოლაძემ

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიუჯეტის დაგეგმვის ახალ ფორმატს - პროგრამული ბიუჯეტირების მოდელს ნერგავს. ცვლილებების ამოქმედების თარიღის, ახალი მოდელის უპირატესობებისა  და,  ზოგადად, მნიშვნელობის შესახებ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე გვესაუბრება.

 

— რას გულისხმობს პროგრამული ბიუჯეტირების  მოდელი?

 

— 2021 წლიდან უნივერსიტეტი გადავა პროგრამული ბიუჯეტირების მოდელზე, პირველ ეტაპზე შედარებით გამარტივებული სახით (პროგრამულ ბიუჯეტს შესაბამისი ადაპტაცია სჭირდება პერსონალის მხრიდან, რასაც გარკვეული დრო სჭირდება). შემოდის ისეთი ცნებები, როგორიცაა პროგრამული კოდი, პროგრამის დასახელება, პროგრამის აღწერა, მიზანი და მოსალოდნელი საბოლოო შედეგი, ასევე, ბიუჯეტის დაგეგმარება შემდგომი 4 წლისათვის. არ უნდა აგვერიოს ტერმინი  - პროგრამული ბიუჯეტი -  აკადემიური პროგრამების ბიუჯეტირებასთან. პროგრამულ ბიუჯეტში გაწერილი და ჩაშლილი იქნება ხარჯები ცენტრალური ადმინისტრაციის და ფაკულტეტების მიხედვით, ასევე, ცალკე ასახული იქნება სტუდენტთა, კვლევითი, პროფესიული პროგრამების თუ ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმართულებით გასაწევი ხარჯი.  პროგრამული ბიუჯეტი აჩვენებს მიღწეულ შედეგებს და არა მხოლოდ  ასათვისებელ ხარჯებს. პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა შედეგზეა ორიენტირებული. მის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისაღები საბოლოო და შუალედური შედეგები და არა მხოლოდ გადანაწილებული ფინანსური  რესურსები.

 

— არსებულ მოდელთან შედარებით ახალ ინიციატივას რა უპირატესობა აქვს?

 

— დამკვიდრდება გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ნახოს მარტივად - თუ რაზეა გადანაწილებული ბიუჯეტის ხარჯები და რა საბოლოო შედეგის მიღწევა გვსურს ამ მიმართულებით.

 

— როდის დაინერგება ახალი მოდელი თსუ-ში?

 

— როგორც უკვე ვახსენე, ახალი მოდელი 2021 წლიდან ამოქმედდება, ანუ მიმდინარე წელს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს ბიუჯეტი ამ სახით წარედგინება.

 

— იქნება თუ არა საჭირო პერსონალის გადამზადება?

 

— გარკვეული ადაპტაცია საჭირო იქნება, თუმცა აღნიშნული სირთულეს არ წარმოადგენს.

 

— ადმინისტრაციულ პერსონალს 1 ოქტომბრამდე უნდა მოეწოდებინა მოსაზრებები, რეკომენდაციები აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით. რა სახის რეკომენდაციებია შემოთავაზებული?

 

— მოგვაწოდეს გარკვეული ტექნიკური სახის მოსაზრებები. პროექტს შინაარსობრივად ყველა დაეთანხმა.

 

— რამდენად მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელის დანერგვისას წარმოიქმნას გარკვეული სახის სირთულეები?

 

— არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახით შეიძლება წარმოიქმნას სირთულეები, პირიქით, ეს პროცესს გააიოლებს.

 

— როგორც აღნიშნეთ, თავდაპირველად პროგრამული ბიუჯეტირების მოდელი შედარებით გამარტივებული სახით დაინერგება. რა ცვლილებების შეტანას გეგმავთ მომდევნო ეტაპზე?

 

— დიახ, როგორც უკვე ვახსენე, შემოთავაზებული მოდელის არსებულ ვარიანტს მიჩვევა და ადაპტაცია სჭირდება. თავდაპირველად, მას შედარებით გამარტივებული სახით დავამტკიცებთ. მომავალში პროგრამული ბიუჯეტირების მოდელს დაემატება ინდიკატორები, რის მიხედვითაც შეფასდება კონკრეტული ღონისძიების/პროგრამის შედეგი.

თარიღი: 13/10/2020