საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2019 წლის მნიშვნელოვანი ამბები

საზოგადოებას პოზიტიური მაგალითები აკლია. ისედაც პოლიტიზირებულ და აგრესიული კამპანიებით გარშემორტყმულ გარემოში გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი” ცდილობს დადებითი ტენდენციების წარმოჩენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც იმედის მომცემი შეიძლება გახდეს საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის, და არა მარტო მისთვის... მედიაში, ზოგადად, დღეს დამკვიდრებული პრინციპი – სკანდალზე და უარყოფით ინფორმაციაზე აპელირება, საზოგადოებას მუდმივ სტრესში ამყოფებს. ამ სტილს ჩვენი გაზეთი არ ირჩევს! ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ წლის განმავლობაში დეკემბრამდე უნივერსიტეტის გაზეთში თსუ-სთან დაკავშირებით ასახული ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, რაც ჩვენი გაზეთის მკითხველს ანალიზის გაკეთების საშუალებას მისცემს – როგორი იყო 2019 წელი უნივერსიტეტის ცხოვრებაში? რა გაკეთდა? რა დაფასდა და რა გადაფასდა?

 

წლის მოვლენა თსუ-ში

24 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჰაბი - ევროპის აკადემიის (Academia Europaea) თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ნორვეგიის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და პოლონეთის შემდეგ საქართველო არის მეხუთე ქვეყანა, სადაც ეს ცენტრი გაიხსნა. მთავარი და გამორჩეული ნიშა, რომელიც თბილისის ცენტრმა დაიკავა, არის ბიოკულტურული მრავალფეროვნების კვლევები, რომლითაც ჩვენს რეგიონს შეუძლია განსაკუთრებული სიტყვა თქვას მსოფლიო მეცნიერებაში. 

 

 

2019 წელს გამოკვეთილი თსუ-ის ძლიერი მხარე

რანჟირების შედეგების ანალიზის მიხედვით, თსუ-ს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მხარე საერთაშორისო ცნობადობაა. თსუ-ის პარტნიორების რიცხვი მსოფლიოს 50 ქვეყანაში 250-ს აღემატება; 2019 წლის მონაცემებით, თსუ 26 ქვეყანაში 106 პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს Erasmus+ ICM249 პროექტის ფარგლებში. ამ მონაცემებით თსუ ლიდერია საქართველოში.

* * *
უცხოელი სტუდენტების დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ იზრდება. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში, თსუ 42-მა უცხოელმა სტუდენტმა აირჩია, მათ შორის, ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ამ სტუდენტების უმრავლესობა (გარდა იმ კურსებისა, რომელიც თავისი სასწავლო პროგრამის კურსებში სჭირდებათ), როგორც უცხო ენას – ქართულსაც სწავლობენ. 

* * *
2018-2019 წლები თსუ-სთვის და, ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. 

* * *
საკანონმდებო ცლილებები, რომელიც პარლამენტმა 2019 წელს მიიღო, ითვალისწინებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების უფლებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უნივერსიტეტისათვის.
ამის უფლებას სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქამდე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი“ არ აძლევდა. ამიერიდან, ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეეძლება გახსნას საუნივერსიტეტო მაუწყებლობა (ტელევიზია). ეს ინიციატივა ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს, რომლის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზეც მომზადდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ახალი პაკეტი. რექტორის ამ ინიციატივის მთავარი მოტივაცია გახლდათ ტელევიზიის, როგორც სასწავლო–პრაქტიკული ბაზის გამოყენება თსუ-ის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების (და ასევე სხვა ფაკულტეტების), აგრეთვე თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტთა დასპეციალებისა და ბაზარზე მათი დასაქმების მომზადებისთვის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას“.

* * *
2019 წელს დაფუძნდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ყველა რექტორს. დამფუძნებელთა სხდომაზე 2 წლის ვადით თავმჯდომარედ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

* * *
გასულ წელს საქართველოს მთავ-რობამ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის II კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის 25 მილიონი ლარი გამოყო. ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, გამოიცვალა სახურავი, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა ფასადი, შეიცვალა ფანჯრები და ა.შ. დარჩა შიდა სამუშაოები, რაც ეტაპობრივად განხორციელდება, როგორც ამას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. ასევე, დასრულდა მაღლივი კორპუსისა და VI კორპუსის ფოიეების კეთილმოწყობა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ნაწილის რეკონსტრუქცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თბილისში, თსუ-ის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტის ახალი სტუდენტური ქალაქი აშენდეს.

* * *
სიახლეა ის, რომ დეკემბერში თსუ-ის მაღლივ კორპუსში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა. კაფეტერიის მუშაობას თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან გიორგი ღაღანიძესთან ერთად გაეცნო. კვების ახალი ობიექტი თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მოემსახურება.

 

 

რა წარმატებებზე დგას თსუ?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, თსუ-ის სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ-ის პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე, ძვ.წ. XII-VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი. 

* * *
თსუ-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა. მდინარე ენგურის ხეობას კიდევ ერთი, წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი შეემატა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ-ის პროფესორის ზვიად კვიციანის თქმით, „ასეთი გორა ნამოსახლარი აქამდე მდინარე ენგურის ხეობაში მხოლოდ სოფელ ხაიშში, ნაკრაში, უშგულსა და ეცერში იყო, წელს კი სოფელ ბოგრეშშიც აღმოჩნდა“. მისივე ინფორმაციით, გვიანი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ფენის ნაწილი მეწყერმა და საგზაო სამუშაოებმა გაანადგურა, თუმცა არქეოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო არქეოლოგიური ექსპედიცია ამ ფენასაც გამოიკვლევს.

* * *
პირველად საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი გაიხსნა. უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველ წელს, 80 ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად. 2019 წლის ივლისში თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის საკითხთა სწავლებას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში უნგრულ ენასა და კულტურას შეასწავლის უნგრეთის საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ინსტრუქტორი. ერთწლიანი სწავლების შემდეგ უნივერსიტეტი განიხილავს პროგრამის სათანადოობასა და კრედიტების სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას.

* * *
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალმა „ეკონომიკა და ბიზნესი“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2019 წლის 1 თებერვლიდან ჟურნალი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში ERIH PLUS (European Reference Index for the Humanities and Social Sciences) ჩაერთო. ERIH PLUS არის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ევროპის სამეცნიერო ფონდის (ESF) მონაცემთა ბაზა, რომლის ოპერირებასაც ახორციელებს ნორვეგიის სამეცნიერო კვლევების მონაცემთა ბაზის ცენტრი (NSD). ბაზაში ბიბლიოგრაფიულად ასახულია ყველა ის აკადემიური გამოცემა, რომელიც გარკვეულ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. 

* * *
პირველად საქართველოს რეალობაში საერთაშორისო რეფერირებადი „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ გამოიცა. პირველი ნომრის პრეზენტაცია 2019 წლის ივლისში გაიმართა. სამეცნიერო ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და ქართველი თუ უცხოელი ფსიქოლოგი მეცნიერების ნაშრომებს სამეცნიერო წრეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ჟურნალია, რომელიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს ეძღვნება. სამეცნიერო ღირებულებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მართვის ორგანოებში ქართველი და უცხოელი მეცნიერები არიან გაწევრიანებული, მათ შორის - დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტები. „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ ქართულ-ინგლისურენოვანია. ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. ჟურნალის მეორე ნომერი 2020 წლის ივლისში გამოიცემა. 

* * *

თსუ-ის საკალათბურთო გუნდმა სეზონის პირველი ტურნირი წარმატებით დაიწყო, 87:69 ანგარიშით დაამარცხა ბათუმის გუნდი და დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა! 
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ის ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.

* * *
უნივერსიტეტის ფუტსალის სტუდენტურმა ნაკრებმა 2019 წლის ზაფხულში ფუტსალის სტუდენტურ ლიგაზე მოიპოვა ოქროს მედალი და საუნივერსიტეტო სივრცეში მეხუთედ დაეუფლა ყველაზე პოპულარული ჩემპიონატის თასს. ჩვენმა გუნდმა 3 ივლისს გამართულ ფინალურ მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა! (უნივერსიტეტს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ფუტსალის სტუდენტური ლიგა).

* * *
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის 101 წლის იუბილე გამარჯვებით აღნიშნეს. თსუ-ის საკალათბურთო გუნდი „თსუ-ჰიუნდაი“ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

* * *
„ქართველებმა გამარჯვების შანსი არც ერთ ქვეყანას არ დაუტოვეს“ - წერდა პოლონური პრესა თსუ-ის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლზე „უნივერსიტეტი“, რომელმაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე საუკეთესო ანსამბლის წოდება დაიმსახურა. 2019 წელს ანსამბლმა 25 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში ჯილდოებით ხელდამშვენებული დაბრუნდა. თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯავანიძის ინფორმაციით, „ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ დაარსების დღიდან წარმატებით მოღვაწეობს, რასაც მოწმობს მრავალი ჯილდო, რომელიც ანსამბლმა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალებზე მოიპოვა“.

 

 

2019 წლის პრიორიტეტული სიახლე

2019 წლის შემოდგომის ნაკადზე თსუ-მა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - სტუდენტები მიიღო. წელს თსუ-ში პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთ ვაკანტურ ადგილზე, საშუალოდ, 6 მსურველი მოდიოდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე, უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პროფესიული განათლება დასაქმების ყველაზე სწრაფი და სწორი გზაა“. პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭეიშვილის თქმით, „თსუ-ის პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა“. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი 2019 წლის ივნისში შეიქმნა.

 

 

2019 წელს თსუ მეტმა სტუდენტმა აირჩია, ვიდრე შარშან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ პრიორიტეტად 10 260 აბიტურიენტმა დაასახელა. თსუ მეორე და მესამე არჩევანშიც პირველი იყო. შესაბამისად, გამოცდების გზით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა და ეს იმ ფონზე, როდესაც, ზოგადად, მცირდება აბიტურიენტების რიცხვი ქვეყანაში. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 4946 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც გასულ წელთან შედარებით 514 სტუდენტით მეტია. კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა სახელმწიფო სასწავლო გრანტების მოპოვების თვალსაზრისითაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვალერიან გობრონიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების საერთო რაოდენობის 1/3 თსუ-ში ჩარიცხულმა სტუდენტებმა მოიპოვეს. ჩარიცხული სტუდენტების 45%-მა სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული ან ნაწილობრივი ოდენობით მოიპოვა. აქედან - 397-მა სტუდენტმა 100%-იანი გრანტი მიიღო, 492-მა - 70%-იანი, 1358-მა კი 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა.

 

 

 

 

სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს წლიური დასკვნა

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭო შეიქმნა და უნივერსიტეტის მასშტაბით ყველა სტუდენტს თანაბრად მიეცა პროექტის წარდგენის საშუალება, ვითარება მაინც ასეთია: „ყველაზე მეტად, სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურობს. ძირითადად, მათი ორგანიზებით იმართება კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები. დაახლოებით 10-12 პროექტია ინდივიდუალურად სტუდენტების მიერ შემოტანილი. კვლევითი პროექტების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია და ყველა მათგანი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. პროექტების წერის ხარისხი გაიზარდა, ბევრად უფრო გამართულია წერილობითი და სტრუქტურული თვალსაზრისით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების კვლევითი ხასიათის პროექტებს ეტყობათ, რომ მათი პროექტი ერთი დიდი კვლევის ნაწილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სასიხარულო ფაქტია, მაგრამ, ამავე დროს, სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით სხვა ფაკულტეტებიდან აქტივობა მინიმალურია“, - ასეთი გახლავთ სტუდენტური პროექტების საბჭოს ხელმძღვანელის თამარ გაგოშიძის დასკვნა.

 

 

 

2019 წლის აკადემიკოსები თსუ-დან

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიის ახალი ნამდვილი წევრები აირჩია. არჩეული აკადემიკოსებიდან 5 მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია: გეოლოგიის მიმართულებით აკადემიკოსის სტატუსი პროფესორ დავით ლორთქიფანიძეს მიენიჭა, დემოგრაფიის მიმართულებით - პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში – პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს, აკადემიკოსი ნოდარ კეკელიძე ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით აირჩიეს, „ენა, ლიტერატურა, ხელოვნება და კულტურის“ სფეროში კი აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი გახდა. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩიონ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეც-ნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში“ (ამონარიდი აკადემიის წევრად არჩევის მოთხოვიდან).

 

 

 

 

 

2019 წლის მოულოდნელი დიდი დანაკარგი

წელს პირველად ვეღარ მიულოცა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება... წელს პირველად ვეღარ უთხრა უნივერსიტეტის წინ შეკრებილ უამრავ სტუდენტს - თუ რა ძვირფასი იყო მისთვის უნივერსიტეტი... ნოდარ ხადური წავიდა... დაწყვიტა გული ყველა მის კოლეგას. „მრავალი წოდებისა და ჯილდოს მიუხედავად, მისთვის ყველაზე ძვირფასი მაინც უნივერსიტეტის პროფესორის წოდება იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისთვის და ქართული საზოგადოებისთვის“, - ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. გარდა იმისა, რომ ნოდარ ხადური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, იგი უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედკოლეგიის გამორჩეული წევრიც იყო წლების მანძილზე და დღესაც გვეძვირფასება...
„კანონის უზენაესობის პრინციპზე მეტად, საზოგადოების ყველა წევრისთვის, სამართლის უზენაესობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი“ - ხაზგასმით აღნიშნა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას. 70 წელზე მეტ ხანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი თაობის სამართალმცოდნეების აღზრდისას და პრაქტიკულ სფეროში საქმიანობის დროსაც, ლევან ალექსიძის მოღვაწეობის მთავარი არსი სწორედ სამართლის უზენაესობა იყო. საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე 93 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა.

 

 

წლის ადამიანები

წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე ევროპის აკადემიის (Academia Europaea) წევრად აირჩიეს.


* * *

თსუ-ის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა ბიოლოგიური დაბერების კვლევის დარგში 2019 წლის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე საუკეთესო მეცნიერთა სიგელები თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად ინგლისელ და გერმანელ პროფესორებს გადასცეს. პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ადამიანის გენომის კვლევები ნორმასა და პათოლოგიათა შემთხვევებში, განსაკუთრებით დაბერების გენეტიკაში. მის მიერ შექმნილია დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც სამ აღმოჩენას მოიცავს, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების, დაბერების პათოლოგიების თავიდან აცილებისა და მკურნალობის საშუალებას ქმნის. 


* * *

საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, თსუ-ის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის სფეროს დაცვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა. 


* * *

ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის - „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით დაჯილდოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე. გოგებაშვილის პრემია ენიჭებათ მეცნიერებს ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გოგებაშვილის პრემია უკვე მესამედ გაიცა. 


* * *

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სტუდენტებთან აქტიური თანამშრომლობისთვის თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
* * *

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით (მედალი და დიპლომი) დააჯილდოვეს.


* * *

ქართულ ფილმოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მერაბ კოკოჩაშვილი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.


* * *

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების მიმართულების პროფესორის ქეთევან ჭკუასელის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სათანადოდ დააფასა და სულ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.


* * *

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 3 პროფესორი: დემურ სიჭინავა, ჯემალ ხარიტონაშვილი და მიხეილ ჩიკვილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდნენ. სამივე პროფესორი არა მარტო კოლეგა პროფესორების, არამედ სტუდენტების მიერ აღიარებული და დაფასებულია. თითოეულმა მათგანმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაკულტეტის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.

თარიღი: 03/01/2020