საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"აკადემია ევროპეას" რეგიონული ჰაბის შემაჯამებელი ღონისძიება

ევროპული აკადემიის რეგიონულმა წარმომადგენლობამ 2019 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში 2019 წლის აპრილში გაიხსნა, კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

როგორც ევროპული აკადემიის რეგიონული ჰაბის აკადემიურმა დირექტორმა, პასტერის ინსტიტუტის (საფრანგეთი) პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა აღნიშნა, 2019 წელს პრიორიტეტი მიენიჭა საგანმანათლებლო აქტივობებს - ეს იყო სემინარების სერია და საერთაშორისო კონფერენციები. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს გაიმართა სამი სემინარი და, მათ შორის, ერთ-ერთ სემინარზე მოწვეული იყო წამყვანი პროფესორი იერუსალიმის უნივერსიტეტიდან, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ ქრისტიანობის საკითხებზე. დავით ფრანგიშვილის თქმით, პროფესორის ჩამოსვლამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო - რელიგიის ქართველი მკვლევრები ჩაერთვნენ საერთაშორისო კვლევით სივრცეში, მიწვეული არიან სხვადასხვა კონფერენციებზე და ხელი შეეწყო, ასევე, ქართული ხელნაწერების გაცვლას იმ ქვეყნებთან, სადაც აქამდე ამ ხელნაწერების გაცვლა ვერ ხდებოდა. „ამან დასაბამი მისცა ქართული მეცნიერების ჩართვას ევროპულ სივრცეში. ასევე, დასაბამი მივეცით ამ სემინარების სახით მიკრობიოლოგიურ კვლევას და ახალ მიმართულებას ქართულ მიკრობიოლოგიაში, რომელიც სწავლობს მიკრობიოლოგების მოშინაურებას“, - აღნიშნა რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელმა.

2020 წელს ევროპული აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების სერიის ჩატარებას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მეცნიერები როგორც რეგიონიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.

როგორც თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც დაგეგმილია 2020 წელს, არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება გადმოტანილი იყოს რეგიონზე და წარმოჩნდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უნიკალურობა, როგორც ერთგვარი გზაჯვარედინისა ცივილიზაციების და კულტურების დიალოგში.

თარიღი: 16/02/2020