საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის LOTUS პროექტის შემაჯამებელი ანგარიში

გამოქვეყნდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საგრანტო პროექტის   “Leadership and Organisation for Teaching and Learning at European universities” (LOTUS) შემაჯამებელი ანგარიში. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევები სწავლისა და სწავლების მიმართულებით, რომელთა შორის აქცენტი გაკეთებულია სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე, აკადემიური პერსონალის განვითარებაზე, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობასა და დიგიტალიზაციაზე. დოკუმენტი ასევე აღწერს სხვადასხვა უსდ-ებში არსებული პრაქტიკისა და ლიდერობის მაგალითებს, გამოწვევების გადასაჭრელად სათანადო რეკომენდაციებთან ერთად.

ანგარიში ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

 

ანგარიშის დანართში ასახულია პროექტის მონაწილე ინსტიტუციები, მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეორე კოჰორტის მეორე ჯგუფის (2021 წლის ოქტომბერი - 2022 წლის ივნისი) სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღეს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო ჩიხლაძემ.

 

 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საგრანტო პროექტ LOTUS-ის ვებინარი, 28 ნოემბერი, 2022

2022 წლის 28 ნოემბერს, 17.00 -18.00 სთ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საგრანტო პროექტის  “Leadership and Organisation for Teaching and Learning at European universities” (LOTUS) შემაჯამებელი ანგარიში.

ვებინარის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია შემდეგ Youtube-ის არზე  EUA's YouTube channel.

 

 

EUA-ს პროექტ LOTUS-ის ფინალური კონფერენცია, 2022 წლის 28-29 სექტემბერი

2022 წლის 28-29 სექტემბერს ბელგიის მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემიაში (ბრიუსელი, ბელგია) ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საგრანტო პროექტ  LOTUS-ის ფინალური კონფერენცია. თსუ-დან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო  მედიცინის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ.  ორი დღის განმავლობაში ჩატარდა როგორც პლენარული დისკუსიები, ისე პარალელური სესიები, რომლებზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლიდერობის როლზე სწავლა/სწავლების პროცესში. პარალელური სესიები მიეძღვნა შემდეგ თემებს:

 

  1. საგანმანათლებლო შეთავაზების ადაპტირება;
  2. მასწავლებელთა სამყარო: პერსონალის განვითარება, აკადემიური კარიერა, სწავლების ეკოსისტემა;
  3. ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა;
  4. დიგიტალიზაცია სწავლასა და სწავლებაში.

 

განსაკუთრებით საინტერესო ძირითადი მესიჯები, რომელიც გაჟღერდა კონფერენციაზე, ეხებოდა სწავლა/სწავლებას ინსტიტუციურ და სექტორის პერსპექტივაში. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ინსტიტუციური ავტონომია უმნიშვნელოვანესია სწავლა/სწავლების გაუმჯობესებისათვის. სტრუქტურულ ბარიერებად დასახელდა აკადემიურ საქმიანობაში სწავლების არასათანადოდ აღიარება და უშუალოდ სექტორის დონეზე თანამშრომლობის ნაკლებობა. აღინიშნა სწავლების ეფექტური მეთოდების შესახებ ცოდნის გაძლიერების აუცილებლობა და პანდემიის შემდგომ პერიოდში პედაგოგიური მიდგომების გადაფასების საჭიროება.

 

პლენარულ და პარალელურ სესიებზე მონაწილეობის გარდა ნინო ჩიხლაძე ასევე შეხვდა ლოტუსის სამუშაო ჯგუფის წევრებს (კლერ მაკკავინიას, დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი/ირლანდია, მარტა მენდელს, ვარშავის სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტი/პოლონეთი) და გვიდო სანტოსს,  ლა ლაგუნა უნივერსიტეტი/ესპანეთი), რომლებთან ერთად დაიგეგმა ერთობლივ სამეცნიერო სტატიაზე მუშაობის შემდგომი ეტაპები.

 

 

LOTUS - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 2022 წლის 31 იანვარი

2022 წლის 31 იანვარს შედგა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საგრანტო პროექტის  Lotus Leadership  ფარგლებში ორგანიზებული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. 

 

სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო უწყვეტი პროფესიული განვითარების პოლიტიკა და პრაქტიკა. სხვადასხვა ინსტიტუციების მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტიტუციას გააჩნია საკუთარი მიდგომა, პასუხისმგებელი ერთეული, პროგრამების ჩამონათვალი, უწყვეტ პროფესიულ პროგრამებში მასწავლებების მონაწილეობის  მოტივაცია გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის. ამ საკითხის დარეგულირებისთვის  სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მექანიზმები მოქმედებს, მათ შორის:  ხარისხის გარე მექანიზმი (აკრედიტაცია, აუდიტი), ზოგიერთ დარგში უპგ პროგრამებში მონაწილეობის სავალდებული ხასიათი (მედიცინა), ჯილდოები და სხვა წამახალისებელი მეთოდები.  გაზიარებული გამოცდილების გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შემდგომ ეტაპზე შემუშავებული იქნება სამოქმედო გეგმა.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ჯგუფის ფასილიტატორმა Dr. Claire McAvinia - განათლების ექსპერტმა, რომელიც 2013 წლიდან მოღვაწეობს დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ირლანდია) სწავლის, სწავლებისა და ტექნოლოგიის ცენტრში. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე და  მედიცინის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ჩიხლაძე თსუ-დან,  Panayiotis Angelides - ნიქოზიის უნივერსიტეტის (კვიპროსი) ვიცე-რექტორი აკადემიურ საკითხებში, Sanna Kivimäki - ტამპერეს უნივერსიტეტი (ფინეთი) განათლებისა და სწავლების პროგრამების განვითარების პროექტის დირექტორი, Marta Mendel - ვარშავის სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ვიცე-რექტორი საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და Mariusz Maciejczak - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის დირექტორი, Rodrigo Trujillo - ლა ლაგუნა უნივერსიტეტის (ესპანეთი) ვიცე-რექტორის ასისტენტი და ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენელი Guido Santos.

 

 

LOTUS - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 2021 წლის 24 ნოემბერი

2021 წლის 24 ნოემბერს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საგრანტო პროექტის  Lotus Leadership  ფარგლებში შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის ფასილიტატორია Dr. Claire McAvinia - განათლების ექსპერტი, რომელიც 2013 წლიდან მოღვაწეობს დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ირლანდია) სწავლის, სწავლებისა და ტექნოლოგიის ცენტრში. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის:  თსუ-დან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე და  მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ჩიხლაძე, Panayiotis Angelides - ნიქოზიის უნივერსიტეტის (კვიპროსი) ვიცე-რექტორი აკადემიურ საკითხებში, Sanna Kivimäki - ტამპერეს უნივერსიტეტი (ფინეთი) განათლებისა და სწავლების პროგრამების განვითარების პროექტის დირექტორი, Marta Mendel - ვარშავის სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ვიცე-რექტორი საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და Mariusz Maciejczak - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტის დირექტორი, Rodrigo Trujillo - ლა ლაგუნა უნივერსიტეტის (ესპანეთი) ვიცე-რექტორის ასისტენტი.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ლიდერობის მნიშვნელობა სწავლებაში, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების გამოწვევები და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებით სწავლა/სწავლების მიმართულებით მიღწეევების გაუმჯობესების საკვანძო საკითხები. სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. 

 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის  პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარება
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა და იმპლემენტაცია
  • კავშირი კვლევასა და სწავლებას შორის.

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს რეგულარული ხასიათები ექნება. მასალები გაზიარებული იქნება თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ-გვერდზე.

LOTUS - პროექტის პირველი შეხვედრა

ივანე ჯავახიშივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ დაფინანსებული პროექტის - LOTUS (Leadership and Organisation for Teaching and Learning at European Universities) მონაწილე გახდა. პროექტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კოორდინირებით მიმდინარეობს და პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილე ინსტიტუციებთან 2021 წლის 4 და 5 ოქტომბერს, დისტანციურ ფორმატში წარიმართა.

 

პროექტში მონაწილეობენ ევროპის უნივერსიტეტები, რომელთა შერჩევა ღია კონკურსის წესით, მათი განაცხადების საფუძველზე მოხდა. პროექტის მიზანია გააძლიეროს უნივერსიტეტების შესაძლებლობები, რათა განავითაროს და დანერგოს სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტები იმუშავებენ სწავლა-სწავლების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია, პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების დანერგვა და სხვა. პროექტის მიზანია, დაეხმაროს უნივერსიტეტებს ცვლილებების მართვაში სწავლა-სწავლების განვითარების მიმართულებით, სტრატეგიული პრიორიტეტების იმპლემენტაციაში.

 

9 თვის მანძილზე, თითოეული შერჩეული უნივერსიტეტი იმუშავებს სწავლა-სწავლების განვითარების იმპლემენტაციის გეგმაზე, რომელიც ეხმიანება მათ პრიორიტეტებსა და გამოწვევებს. შეხვედრაში მონაწილეობდა 81 წარმომადგენელი ევროპის 26 ზე მეტი უნივერსიტეტიდან, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციიდან, ასევე ევროპის სტუდენტთა კავშირიდან.