საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №4441/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №4  სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიან დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;


ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას;


გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება თსუ-ს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტითა და შესაბამისი ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.“;


დ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება დასაშვებია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, ერთსაფეხურიან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; 


ე) მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:


„4. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შეიძლება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში  განისაზღვროს 60-ზე მეტი კრედიტით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ს ზევით დამატებული კრედიტების საერთო რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 15 კრედიტს.“;


ვ) მე-8 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:


„11. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი თუ პირმა სასწავლო კომპონენტის შეფასების სულ მცირე ერთ კომპონენტში არ მიიღო შეფასება, აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. 
12. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის ამ მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად შეჩერების შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 10 კალენდარულ დღეში ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“;


ზ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. თსუ-ში სწავლის საფასური სწავლების ყველა საფეხურზე განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და შეადგენს 1125 ლარს, თუ საგანმანათლებლო პროგრამით ან/და კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი.“;


თ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაწესდეს სწავლის განსხვავებული საფასური.“;


ი) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„6. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურზე შეღავათის საკითხს პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.“;


კ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების და დასკვნითი შეფასების მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება დადებითი შეფასებისთვის საკმარისი ქულა. შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული იყოს დასკვნით გამოცდაზე დაშვების დამატებითი  წინაპირობა.“;


ლ) მე-16 მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამისი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით სტუდენტის მიერ გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდის აღდგენამდე ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.“;


მ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით   გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამატებით გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;“;


ნ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;


ო) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„თ) საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში FX-ის მიღების ან დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გათვალისწინებით დადებითი შეფასების ვერმიღების შემთხვევაში, დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.“;


პ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;“;


ჟ) მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დასკვნითი და შესაბამისი დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს. დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები.


2. შეფასების სისტემა უშვებს: 

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას: 
ა.ა) (A) ფრიადი –   91-100 ქულა; 
ა.ბ) (B) ძალიან კარგი –   81-90 ქულა; 
ა.გ) (C) კარგი –   71-80 ქულა; 
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი –   61-70 ქულა; 
ა.ე) (E) საკმარისი –   51-60 ქულა. 


ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას: 
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა –   41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.


21. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში - (FX) (ვერ ჩააბარა) შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო - (F) (ჩაიჭრა) შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე