საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს 2025 წლის 12 მარტის №5602/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 31 მარტის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებას თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის სააპელაციო კომისიის (შემდგომში - „სააპელაციო კომისია“) შექმნის თაობაზე, წარდგინების მიღებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღის ვადაში.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას და სააპელაციო კომისიას, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
გ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თითოეული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია შედგება შესაბამისი სფეროს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებისგან, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია იძლევა ნაშრომის სიღრმისეულად და სრულყოფილად შეფასების და კვლევის ორიგინალობისა და მისი შედეგების შეფასების შესაძლებლობას.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პუბლიკაციები დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში.“;
დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობაში არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს შესაბამისი სფეროს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი საქართველოდან, რომელსაც უნივერსიტეტში არ უკავია აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა. სფეროს თავისებურების გათვალისწინებით, დაცვის კომისიის შემადგენლობაში საჭიროების შემთხვევაში შედიან - შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის საერთაშორისო შემფასებელი/შემფასებლები, სამთავრობო/არასამთავრობო სექტორის, შრომის ბაზრის წარმომადგენელ(ებ)ი.“;
ე) მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,31“ პუნქტი:
„31. დაცვის კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს დოქტორანტის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი.“;
ვ) მე-6 მუხლს „დ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ პუნქტი:
„ე) უზრუნველყოფს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურის ხელახლა ჩატარებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის სააპელაციო კომისიის მიერ პროცედურული დარღვევების გამოვლენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი მითითებით.“;
ზ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,81“ მუხლი:
„მუხლი 81. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის სააპელაციო კომისია
1. დისერტაციის დაცვის პროცედურების გასაჩივრების მიზნით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო კომისია შედგება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებისგან.
2. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა შეირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
3. სააპელაციო კომისიის წევრს და დოქტორანტს/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
4. სააპელაციო კომისია თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
5. სააპელაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან.
6. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე. კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
7. სააპელაციო კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“;
თ) მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
„მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
1. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს 2024 წლის 30 აგვისტომდე ჩარიცხული დოქტორანტებისთვის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებას თითოეული სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტების შერჩევის თაობაზე, წარდგინების მიღებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღის ვადაში.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე