საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და „წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 17 იანვრის №901/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის № 1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ერთეული (შემდგომში - ფაკულტეტი) უფლებამოსილია დოქტორანტს, რომელიც ჩაირიცხა შესაბამის ფაკულტეტზე, ხოლო შემდგომ კვლევითი კომპონენტი შეასრულა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - უსდ) უღიაროს კვლევითი კომპონენტი და აღიარების შესაბამისად განუსაზღვროს მას კონკრეტული სემესტრი. 


2. კვლევითი კომპონენტის აღიარების მოთხოვნით, დოქტორანტის მომართვის ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შესაბამისი ფაკულტეტი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით ქმნის კომისიას, რომელშიც უნდა შედიოდეს: 


ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი, ასევე მის მიერ რეკომენდებული პირი/პირები (აკადემიური პერსონალი ან ხელშეკრულებით მოწვეული, შესაბამისი დარგობრივი კვალიფიკაციის მქონე პირი; ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ბ) დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 
გ) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები; 
დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები; 
ე) ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სხვა წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით. 


3. კომისიის საქმიანობას წარმართავენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით (სრული შემადგენლობის უმრავლესობა). კომისიის სხდომების ოქმის წარმოება ევალება კომისიის მდივანს. 


4. გადაწყვეტილება (დასკვნა) კვლევითი კომპონენტის აღიარების და შესაბამისი სემესტრის განსაზღვრის თაობაზე მიიღება კომისიის შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით (სრული შემადგენლობის უმრავლესობა). 


5. დოქტორანტმა კომისიის წინაშე უნდა წარმოადგინოს უცხო ქვეყნის უსდ-ში შესრულებული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კვლევის მეთოდოლოგიას, უცხო ქვეყნის უსდ-ში სამეცნიერო ხემძღვანელის/კოორდინატორის დასკვნას, კვლევის ანგარიშს, კვლევის საბოლოო შედეგებს და სხვ. 


6. მე-5 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად კომისიას წარედგინება დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პოზიცია კვლევითი კომპონენტის შესრულების თაობაზე. 


7. მე-5 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რომელიც ექვემდებარება აპოსტილით/ლეგალიზაციით დადასტურებას, დოქტორანტის მიერ კომისიას უნდა წარედგინოს შესაბამისად დადასტურებული, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


8. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტს სამეცნიერო კომპონენტი შესრულებული აქვს იმ სახელმწიფოში, რომლის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის/განათლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანო სარგებლობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრის სტატუსით, იგი თავისუფლდება ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებისგან. 


9. კომისია კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხო ქვეყნის უსდ-ში შესრულებული კვლევის მეთოდოლოგიისა და ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებს. 


10. გარდა ზემოხსენებულისა, კომისია უფლებამოსილია დოქტორანტთან დანიშნოს გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტს მიეცემა შესაძლებლობა დამატებით განმარტოს კვლევის მეთოდოლოგია, წარმოაჩინოს კვლევის ძირითადი კონცეფცია და მნიშვნელობა, ასევე მის მიერ გაწეული სამუშაოს, სამუშაო ეთიკის და ჩატარებული კვლევის საერთო ხარისხი და სხვ. 


11. კვლევითი კომპონენტის შესრულების შედეგები (პუბლიკაცია თუ სხვა), გამოქვეყნებული უნდა იყოს (აფილირება) უნივერსიტეტის სახელით გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს ოფიციალური შემზღუდავი რეგულაცია.


12. გარდა ამ დადგენილებაში მითითებული მექანიზმებისა კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს აღიარებისთვის საჭირო სხვა დამატებითი მექანიზმი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს ხსენებული დადგენილების პრინციპებიდან. 


13. კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნებისთვის, აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდგომ, დოქტორანტი ვალდებულია კვლევითი კომპონენტის უცხო ქვეყნის უსდ-ში შესრულებამდე წინასწარ მიიღოს ფაკულტეტისა და სამეცნიერო ხელძღვანელის თანხმობა. 


14. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტს კვლევითი კომპონენტი უცხო ქვეყნის უსდ-ში შესრულებული აქვს ხსენებული დადგენილების ამოქმედებამდე, მასზე სრულად ვრცელდება დადგენილების მოთხოვნები, გარდა დადგენილების მე-12 პუნქტისა.


15. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
16. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
17. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე