საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება.

 

სადოქტორო პროგრამა (PhD) მედიცინაში

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები

 

1.    დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს დიპლომირებულ სპეციალისტს მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს.
2.    ჩარიცხვის წინაპირობაა ხემძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა და/ან უნივერსიტეტის მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სადოქტორო პროგრამების მიმართულებებისადმი შესაბამისობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 
3.    ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის მოკლე ანოტაციას. 

 

განაცხადი

დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის აუცილებელია სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შესაბამისი განაცხადის წარდგენა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) დიპლომირებული სპეციალისტის მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

 

დოქტორანტურის პროგრამა:
სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი.
სადოქტორო პროგრამა შეიცავს სასწავლო კომპონენტს, რომელიც ფასდება 40 კრედიტით, მათგან 20 კრედიტით ფასდება ზოგადი სასწავლო კურსები ბიო-სამედიცინო კვლევის მეთოდებში, კლინიკური კვლევების ეთიკურ საკითხებში, ეპიდემიოლოგიასა და ბიოლოგიურ სტატისტიკაში, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევებში და უცხო ენაში. 
დანარჩენი 20 კრედიტი დოქტორანტს ენიჭება უშუალოდ თემის საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების გავლისათვის.  ამ პროგრამათა ნუსხას ადგენს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი. 
დოქტორანტურაში სწავლების  თითოეული წლის ბოლოს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი აფასებენ თემის შესრულების მიმდინარეობას, რაც დამატებით ფასდება 10 კრედიტით (სულ 30 კრედიტი).
დოქტორანტურის პროგრამის დასრულებისთვის დოქტორის ხარისხის მაძიებელს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 70 კრედიტი.

 

დისერტაცია: 

1.    დისერტაცია წარმოადგენდეს სადოქტორო პროგრამის დასკვნით ნაწილს და უნდა ასახავდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2.      სადისერტაციო ნაშრომი დაწერილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.


დისერტაციის წარდგენა:
1.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ერთი წლისა დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ.
2.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზამპლარად, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად.
3.    დისერტაციას თან ერთვის განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და რომ ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
4.    დისერტაციის დაცვის პრერეკვიზიტებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესრულება და დისერტანტის მიერ იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორი რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში ან მონოგრაფიაში სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული არანაკლებ 2 ორიგინალური ნაშრომი, რომელთაგან ერთში მაინც, დისერტანტი წარმოდგენილია როგორც პირველი ავტორი.
5.    დისერტაციის დაცვაზე გამონაკლისის სახით შეიძლება დაშვებულ იქნას სადოქტორო ხარისხის მაძიებელი დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო ნაწილის გავლის გარეშე, თუკი მას, როგორც პირველ ავტორს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს ორიგინალური ნაშრომები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჯამური იმპაქტ-ფაქტორი აღემატება 5-ს.

 

წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ

1.    დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს სამი შემფასებელი, მათ შორის თემის ხელმძღვანელი პროფესორი.
2.    შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3.    დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარი თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4.    შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი  1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე არ დაიშვება.
5.    თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე. 
6.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს მინიმუმ 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს. 
7.    დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს. 

 

სადისერტაციო კომისია
1.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2.    სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ დარგის სულ მცირე ოთხი წევრისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენელი. სადისერტაციო კომისიის წევრები უნდა წარმოადგენდნენ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, საპატიო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი).
3.    კომისიაში უნდა შედიოდეს დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე თემის მეორე შემფასებელი (შემფასებლები) და სადისერტაციო საბჭოს ერთი წევრი მაინც. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი (პირები).
4.    თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.    თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მედიცინის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში. 
6.    სადისერტაციო კომისიის წევრები წინასწარ (დაცვამდე) ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.

 

დაცვა
1.    სადისერტაციო დაცვა უნდა მოხდეს დისერტაციის თემაზე ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. 
2.    დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას. 
3.    მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
4.    რამდენიმე დისერტაციის დაცვა ერთი კომისიის წინაშე არ შეიძლება დაინიშნოს ერთ დღეს. 
შეფასება
1.    დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. 
2.    დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. 
3.    შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების 100 ბალიანი სისტემა, რომლითაც კომისიის თითოეული წევრი აფასებს დისერტაციას. 
4.    დისერტაცია ითვლება დაცულად, თუკი მას დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალურად შესაძლო ქულათა ჯამის 60%-ს და მეტს.
5.    საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
5.    თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 1 წლის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ საგამოცდო კომისიას უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 3 თვის განმავლობაში.


გამოქვეყნება
1.    ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს დაცვიდან 1 წლის განმავლობაში მონოგრაფიის ან ბროშურის სახით უნივერსიტეტის გამომცემლობაში. 
2.    დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს მედიცინის ფაკულტეტს.
3.    გამოქვეყნებული დისერტაცია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.

 

დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა

1.    დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორად.
2.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
3.    მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.


ბათილობა 

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არ-გაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი
გიორგი ხუბუა