საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2020 წლის 10 დეკემბრის №23911/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №63/2018 დადგენილებაში:


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო  ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“; 


ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო  ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულება (დანართი  №1).”;


გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:


გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულება“;


გ.ბ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის  სტატუსი 


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) აფხაზეთის ინსტიტუტი (შემდგომში - „ინსტიტუტი“) არის უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.
2. ინსტიტუტი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით, აქვს ბლანკი უნივერსიტეტის გერბით და ბეჭედი, რომლის გამოყენება ხდება ინსტიტუტის  ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“;


გ.გ) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 2. ინსტიტუტის  მიზანი


1. აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერა და შესწავლა მისი განვითარებისა და საზოგადოებისათვის გაცნობის ხელშეწყობის მიზნით;
2. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა პრობლემატიკის შესწავლა და კვლევა უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენებით; 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თემატიკის დამუშავების პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიური ჩაბმა, მათში მეცნიერული კვლევის საფუძვლების განვითარების მიზნით; 
4. ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების გააქტიურება  ინსტიტუტის მიზნებით განსაზღვრულ საკითხებზე.";


გ.დ)  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 3. ინსტიტუტის  მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. ინსტიტუტის  მართვის ორგანოებია: ინსტიტუტის საბჭო და  ინსტიტუტის ხელმძღვანელი (შემდგომში - დირექტორი). 
2. ინსტიტუტისთვის გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ინსტიტუტის დირექტორი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი და უფროსი ლაბორანტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა თუ შინაარსი განსაზღვრულია შესაბამისი სამუშაო აღწერილობებითა და შრომითი ხელშეკრულებებით.“; 


გ.ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 4. ინსტიტუტის  საბჭო 


1. ინსტიტუტის  საბჭოს შემადგენლობას ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი.
2. ინსტიტუტის საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. დაუშვებელია ხმის უფლების გადაცემა.
3. ინსტიტუტის საბჭო: 
ა) განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის პრიორიტეტულ მიმართულებებს; 
ბ) განიხილავს დირექტორის ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
გ) გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
4. ინსტიტუტის საბჭო იკრიბება ყოველი საგანმანათლებლო  სემესტრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დირექტორის ან ინსტიტუტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით. 
5. ინსტიტუტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - დირექტორის  მოადგილე.
6. ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ინსტიტუტის საბჭოს წევრთა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით; ხოლო რიგგარეშე ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგი განისაზღვრება ინსტიტუტის საბჭოს მოწვევის ინიციატორ წევრთა მიერ.
7. ინსტიტუტის საბჭოს დღის წესრიგი წევრებს ეგზავნებათ სხდომის გამართვამდე ერთი კვირით ადრე.
8. ინსტიტუტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. 
9. ინსტიტუტის საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“;


გ.ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,მუხლი 5. ინსტიტუტის დირექტორი 


1. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
2. დირექტორს ნიშნავს რექტორი 4 წლის ვადით.
3. ინსტიტუტის დირექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ინსტიტუტის საბჭოს წინაშე.“. 


გ.ზ) მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს;


გ.თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 9. ინსტიტუტის წევრობა


1. ინსტიტუტის წევრი მონაწილეობს ინსტიტუტის მუშაობის კონცეპტუალური საკითხების განსაზღვრაში. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ინსტიტუტის თანამშრომლებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში. ინსტიტუტის წევრობა ანაზღაურებადი  არ არის. თუმცა, ინსტიტუტის მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ანაზღაურებადი და ინსტიტუტის დირექტორი შესაბამის წევრს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2. ინსტიტუტის წევრი მოვალეა: 
ა) დაიცვას დებულება და დაემორჩილოს ინსტიტუტის საბჭოს გადაწყვეტილებებს; 
ბ) დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს ინსტიტუტის ინტერესები და რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა მის ღონისძიებებში; 
გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის რეპუტაციას, ხელი შეუწყოს მის მუშაობას, ერთიანობას, მიზნების განხორციელებას; 
დ) ინსტიტუტის წევრს უფლებამოსილება უწყდება საკუთარი სურვილით, ინსტიტუტის საბჭოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.“; 


გ.ი) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 10. დაფინანსება 


ინსტიტუტის  დაფინანსების წყაროებია: 
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტი;
ბ) საგრანტო დაფინანსება;
გ) შემოწირულობები;
დ) ინსტიტუტის მიერ მიღებული შემოსავლები (უნივერსიტეტში დადგენილი წესის საფუძველზე სასწავლო კურსების განხორციელების საფუძველზე მიღებული შემოსავლები, საკონსულტაციო და მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელების საფუძველზე მიღებული შემოსავლები);
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.


გ.კ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 12. ძალაში შესვლა 


დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე“. 


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე