28 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, გაიმართება შეხვედრა თსუ-ის კურსდამთავრებულთან, ნეაპოლის უნივერსიტეტის -„ლ’ორიენტალე“ - აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან.
მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში: მეტი სიახლის წარმოსაჩენად და შესაფერისი გააზრებისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ ევროპულ და საერთაშორისო ასპექტებს. გაგა შურღაიას კვლევითი საქმიანობა ეფუძნება დასავლური ევროპული ლიტერატურის ღრმა ცოდნას. გარდა თანამედროვე ენებისა, ასევე საფუძვლიანად აქვს შესწავლილი: ძველი ბერძნული, ლათინური და ძველი სომხური ენები. აქვს მხატვრული და სამეცნიერო თარგმანები რუსულიდან, იტალიურიდან და ფრანგულიდან.
2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიენიჭა მხატვრულ თარგმანში.
ღონისძიების მიზანი აკადემიურ სივრცეში გაგა შურღაიას მრავალმხრივი მოღვაწეობის პოპულარიზაციაა.