6 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წარდგენა მიხეილ ხუნდაძის ფრანგულენოვანი წიგნის ქართული თარგმანისა „1917 წლის თებერვლის რევოლუცია. სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ. წერეთელი ლენინის პირისპირ.“
მიხეილ ხუნდაძის ეს წიგნი 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შესახებ დაწერილ ისტორიულ ნაშრომს წარმოადგენს, თუმცა წიგნს მეორე „მთავარი გმირიც“ ჰყავს - ირაკლი წერეთელი - ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლი, რომელიც თავად იყო თებერვლის რევოლუციის ლიდერთაგანი.
ნაშრომში ირაკლი წერეთლის ცხოვრებისეული გზის კვალდაკვალ განხილულია თებერვლის რევოლუციის წინარე ისტორია, პერიპეტიები და უშუალოდ 1917 წლის თებერვალ-ოქტომბერში განვითარებულ მოვლენები.
ავტორი წერეთლისა და ლენინის ხედვების დაპირისპირების ფონზე წარმოაჩენს რუსეთის რევოლუციის განვითარების ალტერნატიულ, დემოკრატიულ გზას და ამ გზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგის, ირაკლი წერეთლისა და მისი თანამოაზრეების მცდელობებს ყოფილ რუსეთის იმპერიაში დემოკრატიული წყობის დასამყარებლად.
წიგნის ავტორი ისტორიკოსი არაა, თუმცა მიხეილ ხუნდაძე თავად იყო 1917 წლის რევოლუციური მოვლენების შემსწრე და მონაწილე - 19 წლის სტუდენტი იმხანად პეტროგრადში სწავლობდა, გატაცებული იყო მარქსიზმით და 1918 წელს საქართველოში დაბრუნებული სათავეში ედგა ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას; 1920-იან წლებიდან, ცხოვრობდა ემიგრაციაში, იყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა საზღვარგარეთული ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდულ სოციალისტურ ინტერნაციონალში, სადაც ცდილობდა, ევროპელი სოციალისტებისთვის გაეცნო საქართველოში არსებული მძიმე ვითარება. ამასთან, იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თავს აკუთვნებდა ირაკლი წერეთლის ჯგუფს და ცხოვრების ბოლომდე ახლო მეგობრობა აკავშირებდა მასთან.
პრეზენტაციას დაესწრება წიგნის ავტორის, მიხეილ ხუნდაძის, შვილიშვილი, ცნობილი ფრანგი პიანისტი ელიზაბეტ ზომბარტი, რომელიც შეასრულებს ფრანც შუბერტის საფორტეპიანო სონატას სი-ბემოლ მაჟორში, D 960.
წინამდებარე გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა.