საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-24
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება როსტომ ჩხეიძის პოლიტიკური რომანის  - „დღენი საპარლამენტონი“  წარდგენა.

საქართველოს პარლამენტი პირველად 1918-21 წლებში უნდა გაჩენილიყო, მის ხანმოკლე არსებობას ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ეს უაღრესად მცირე ვადა რომ განსაზღვრავდა. ყოველ შემთხვევაში: პარლამენტსაც უნდა ვღირსებოდით. ეს მოვლენა ჯერ კიდევ თამარ მეფის ხანაში უნდა მომხდარიყო, ყუთლუ-არსლანს თავისი მიზნისათვის რომ მიეღწია და დაედგა კარავი, რასაც აბსოლუტური მონარქიზმი უნდა გარდაესახა პარლამენტურ მონარქიზმად.

     მეორედ 1832 წლის შეთქმულნი მოინდომებდნენ პარლამენტის დაარსებას, თუკი აჯანყებისათვის მზადება რუსეთის იმპერიისაგან გამოსახსნელად გამარჯვებით დასრულდებოდა, ეს კი ნიშნავდა, რომ დამხობილი აბსოლუტური მონარქია აღდგებოდა პარლამენტურ მონარქიად.

     ილია ჭავჭავაძე საბანკო სხდომებს მიანიჭებდა პარლამენტის დანიშნულებას. აკაკი წერეთელი ქუთაისის ბულვარს აქცევდა პარლამენტად. ეს ყოველივე ძალიან შეუწყობდა ხელს პარლამენტური ცნობიერების ჩამოყალიბებას და ნოე ჟორდანიას პარლამენტი ამ ორივე მოდელს დაეფუძნებოდა. ეს პარლამენტი ეპიკურ ქარგაშიც მოექცეოდა და შემოგვრჩებოდა ალექსანდრე ქუთათელის რომანის - „პირისპირ“ - წყალობითაც. ზვიად გამსახურდიას მიერ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა და პარლამენტი უნდა ასახულიყო ოთარ ჩხეიძის რომანში „არტისტული გადატრიალება“. ედუარდ შევარდნაძის პარლამენტის მხატვრული გააზრებაც ოთარ ჩხეიძესვე უნდა ეთავა რომანებით: „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“ და „მორჩილი“.

როსტომ ჩხეიძის პოლიტიკური რომანის  - „დღენი საპარლამენტონი“ - პირველ წიგნში: „პარლამენტური შუქ-ჩრდილები“ - წარმოჩენილია ქართული საპარლამენტო ცხოვრება ამ რომანებზე დაყრდნობით.

ამ ყოველივეს შესაფერისი ფონიც რომ ესაჭიროებოდა, საამისოდ თხრობაში უნდა შემოსულიყო ორი უცხოური რომანიც: ვიქტორ ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტი წელი“ და მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“. და იმიტომაც, რომ: ამ რომანებში, ისევე როგორც ქართულ ეპიკურ ქმნილებებში, დიდძალი დოკუმენტური მასალაა შეტანილი პარლამენტების აღწერისას;  და ყველა ეს ქმნილება მარტო ლიტერატურის მკვლევარებს კი არ გამოადგებათ, არამედ ისტორიკოსებსაც, რომელთაც შეუძლიათ მათზე დაყრდნობით არაერთი საგულისხმო ცნობა, დეტალი, სურათი გადაიტანონ თავიანთ კვლევებში, როგორც სანდო მასალები.

ეს გარემოებაცაა ხელშესახებად წარმოჩენილი ამ პოლიტიკურ რომანში, რომლის მეორე წიგნიც - „ჩემი პარლამენტი,“ - გამოქვეყნდება მალევე, როდესაც ჩათავდება X მოწვევის პარლამენტის ცხოვრება.

 

მსგავსი ღონისძიებები