საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-25
თარიღი 17:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 

 

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ოლივერ საკსის წიგნის „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ წარდგენაზე.

წიგნში „კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა“ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ხედავდა მათ, ან ამერიკელი მეზღვაურის შემთხვევას, რომელიც, ამნეზიის გამო, ათწლეულების შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ ისევ 1945 წელი იდგა, ფლოტში მსახურობდა და ომი ახლახან დასრულებულიყო, მთვარიდან გადაღებული დედამიწის ფოტოს ნახვისას კი ეგონა, რომ უხეიროდ ეხუმრებოდნენ.

ტვინის ამა თუ იმ უბნის დაზიანების მქონე ოცზე მეტი პაციენტის დაუჯერებელი ისტორიები ბევრ სამეცნიერო ნაშრომზე უკეთ გვიამბობს ადამიანის ფსიქიკისა და სულის (სიტყვა, რომელსაც საკსი, ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, არ ერიდება) სიღრმეებზე.

წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს.

ოლივერ საკსისა და მისი წიგნის შესახებ ისაუბრებს თსუ-ის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის დამფუძნებებელი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

ავტორზე ისაუბრებს თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი. წარდგენაზე, ასევე, სიტყვით გამოვა ლონდონის King's College-ის უფროსი ლექტორი,  კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი სიმონ სურგულაძე. თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ მოჰყვება მთარგმნელი თამარ ლომიძე.

შეხვედრის ბოლოს მოეწყობა სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები 20-30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

მსგავსი ღონისძიებები