საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-10-12
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

   12 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით გაიმართება  განხილვა ოთარ ჩხეიძის „ტინის ხიდი“.

 

   ოთარ ჩხეიძის რომანთა სერია „მატიანე ქართლისაი“ ისტორიული   ქრონოლოგიის თანახმად - თუ არ ვიგულისხმებთ მის პროპედევტიკურ ნაწილს -   იწყება „ბორიაყით“ ანუ XX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგით.

 

   ასეთია ქართული იოკნაპატოფას საგის ისტორიული ქრონოლოგია. მაგრამ ამ სერიის პირველი რომანი - დაწერის მიხედვით - გახლდათ „ტინის ხიდი“, რომელიც 50-იანი წლების დამდეგს გამოქვეყნდებოდა სამ ნაწილად, რითაც განსხვავდება ამავე სერიის სხვა რომანებისაგან, რომლებიც არ არიან დაყოფილნი ნაწილებად და თითოეული შედგება 25 თავისაგან, არსებითად 24-საგან, რადგანაც ოცდამეხუთე ყოველთვის ეპილოგივითაა - გასაუბრება მკითხველთან, როდესაც სიუჟეტი უკვე მოთავებულია.

 

   ამ 24-ს სიმბოლურ მნიშვნელობას მიანიჭებდა ავტორი: რაკიღა თავისისერია „ილიადასა“ და „ოდისეას“ თანამედროვე ვერსიებად ჩაეფიქრებინა და ვარაუდობდა, რომ: ორ ოცდაოთხრომანიან რკალს დაწერდა. ბარემ ეს სიმბოლური რიცხვი თითოეულ რომანშიც გადასულიყო თავებად დაყოფისას.

 

   „ტინის ხიდი“, როგორც პირველი რომანი, როდესაც ეს ყოველივე ბოლომდე ასე არ გაეაზრებინა, სტრუქტურულად ამიტომაც განსხვავდება ოთარ ჩხეიძის სხვა ეპიკურ ქმნილებათაგან.

 

   მოგვიანებით მწერალი გადაამუშავებდა ამ რომანს, მაგრამ ზოგად სტრუქტურას ხელს არ ახლებდა, ის კი არა, ნაწილებს შორის ჩაურთავდა ნოველებსაც -ინტერლუდიებად, ერთ-ერთ პერსონაჟზე - მუსიოზე, კიდევ ერთი გამოცემისას ფინალშიც რომ დაურთავდა ნოველას მუსიოს საფლავის დაკარგვაზე.

 

   ეგ არის:  „ტინის ხიდში“ ამჯერად თვითეული ნაწილი შედგებოდა 24 თავისაგან, 25-ე ეპილოგიანად.  

   პირველი ნაწილის გამოქვეყნებას 1950 წელს მოჰყვებოდა ჩეკისტური კრიტიკის გამოხმაურება, რომელიც არამცთუ მკაცრად განიხილავდა რომანს მარქსისტულ-ლენინური პოზიციებიდან, იმასაც არ მოერიდებოდა, რომ: „ტინის ხიდის“ სულისკვეთება დაეპირისპირებინა... სტალინის შეხედულებებთან, როდესაც იგი კაპიტალიზმის აგენტებად და კლასობრივ მტრებად მოიხსენიებდა ყველას, ვისაც სურდა კერძო საკუთრების აღდგენა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხედავდა კერძო მეურნეობის მომძლავრებაში და არა საკოლმეურნეო ცხოვრებაში, რასაც განადგურებამდე მიჰყავდა ქართული სოფელი.

 

   არსებითად ეს იქნებოდა არა კრიტიკული სტატია, არამედ პოლიტიკური განაჩენი, რაკიღა რეცენზია პირდაპირ უთითებდა ხელისუფლებას: აგერ კაპიტალიზმის აგენტი, აგერ კლასობრივი მტერი ოთარ ჩხეიძის სახითო.

 

   ეს რომანი როგორღაც უკან გადაინაცვლებდა მკვლევართა თვალში, სხვა რომანებს რომ უფრო წამოსწევდნენ, თუმც „ტინის ხიდი“, თავისი გამორჩეული მხატვრული ღირსებებით, იმსახურებს მეტ ყურადღებას და შესაძლოა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების მიერ „ჯიბის სერიით“ გამოცემულს ახლა მაინც მოჰყვეს შესაფერისი დაფასება და გაგრძელდეს მარინე ტურავასა და ნესტან ფიფიას მიერ წამოწყებული კრიტიკულ-ესთეტიკური ანალიზი.

 

მსგავსი ღონისძიებები