საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-09-25
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი,  202-ე აუდიტორია

25 სექტემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VIII კონფერენცია „სამეცნიერო ტერმინოლოგია“ გაიხსნება, რომელიც გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 135-ე წლისთავს ეძღვნება. 

 

კონფერენციაში სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სამუშაო თემაა −  „ქართული ტერმინთბანკი და ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში“.

 

ღონისძიებაზე დიპლომები გადაეცემათ სამტრედიის სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებასთან თანამშრომლობით შექმნილი  საენათმეცნიერო წრის  - „ტერმინოლოგიის მეგობრების“  - მუშაობაში.

 

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ლექსიკონების განყოფილება არის საქართველოს უძველესი ტერმინოლოგიური ცენტრი, რომელიც, ერთი მხრივ, განაგრძობს ტრადიციულ ქართულ ტერმინოლოგიურ პრაქტიკულ თუ თეორიულ მუშაობას და, მეორე მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის ტერმინოლოგიურ საზოგადოებებთან; განყოფილება 2013 წლიდან მართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტერმინოლოგიურ კონფერენციებს;  2014 წელს დააარსა კრებული „ტერმინოლოგიის საკითხები“; 2014 წლიდან განყოფილებაში იქმნება ქართული ტერმინოლოგიური ბაზა - ქართული ტერმინთბანკი; ქართულად ითარგმნა ტერმინოლოგიის თანამედროვე სტანდარტები, ასევე იუნესკოს მიერ მომზადებული „ტერმინოლოგიური მართვის სახელმძღვანელო“. 

 

2022 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა ხელმძღვანელობით ქართული ტერმინები შეაქვთ ევროპარლამენტის ტერმინოლოგიურ ბაზებში  (IATE).  IATE-სთან  პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გამოეგზავნათ სერტიფიკატები, რომელიც ღონისძიებაზე გადაეცემათ.  



 

 

მსგავსი ღონისძიებები