საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-09-15
თარიღი 10:00 სთ
მისამართი მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107

15 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ) ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI) გამართავს მე-9 ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS).

 

ღონისძიება გაიმართება ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში 2022 წლის 12-16 სექტემბერს ქუთაისსა (ქსუ) და თბილისში (თსუ). სემინარი ფოკუსირებული იქნება თემაზე: „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა: GGSB-ისა და მისი SMART|Lab-ების წვლილი“.
 

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჰელმჰოლცის კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ). იგი დაიწყო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეო მეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA). ცოტა ხნის წინ ქართული მხრიდან ამ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქსუ) შეუერთდა.
 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB)  დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე (i) განათლება: საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში; (ii) კვლევა: ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში; (iii) ცოდნის ტრანსფერი: ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით. გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია -  ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის &  მოდელირების  (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.
 

SMART|EDM_Lab ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის იანვრიდან. აქ წარმოებული კვლევები ხელს უწყობს JEDI (Juelich Electric Dipole moment Investigations)  კოლაბორაციის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დამუხტული ჰადრონების პერმანენტული ელექტრული დიპოლური მომენტების (EDMs) ძიებას. ამგვარად, SMART|Lab ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს სთავაზობს მიმზიდველ შესაძლებლობას შეუერთდნენ მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს საქართველოში არსებული ბაზიდან. 2017 წლის სექტემბრიდან SMART|AtmoSim_Lab ფუნქციონირებს თსუ-ში, იულიხის ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტისა (IEK-8, ტროპოსფერო) და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე. ლაბორატორიაში ხორციელდება ატმოსფერული კვლევა, რომელიც მოიცავს ატმოსფერული დამაბინძურებლების ქიმიურ ანალიზს, მონაცემთა მათემატიკურ ანალიზს და ჰაერის დაბინძურების მოდელირებას. შემდგომი SMART|ლაბორატორია დაგეგმილია თავის ტვინის კვლევისა და სამედიცინო აპლიკაციების სფეროებში, FZJ-ისა და KIU-ს ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM) თანამშრომლობით.
 

ამჯერად, 2022 წლის სექტემბერში, გაფართოებული თანამშრომლობის (GGSB PLUS) ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აქტუალურ თემაზე „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“. ყურადღება გამახვილდება ჯანმრთელობის საკითხებზე (კერძოდ, დაავადებათა (კიბო) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე) და გარემოზე (მაგ. დაბინძურება, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი). გარდა ამისა, განხილული იქნება KIU-ში დაგეგმილი ჰადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ასპექტები.
 

სემინარის მიზანია შეკრიბოს მსოფლიო ექსპერტები ამაჩქარებლის ჯგუფებიდან, სამედიცინო ფიზიკოსები და ექიმები, სიცოცხლის მეცნიერებების წარმომადგენლები და ტექნოლოგიები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებიდან, ამ სფეროში  მიღწევების შესაჯამებლად და ორ ქვეყანას შორის შემდგომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ დიკუსიების წამოსაწყებად. გარდა ამისა, იგეგმება სალექციო კურსები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების ფართო სპექტრში, ასევე ბრიფინგი სამეცნიერო (მიმდინარე და სამომავლო) პროექტებზე და საგანმანათლებლო (სტუდენტების გაცვლის) პროგრამებზე.

მსგავსი ღონისძიებები