საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-05-28
თარიღი სთ
მისამართი
28 მაისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციაში მონაწილეობენ საყოველთაოდ ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები, მრჩევლები, აღნიშნული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტები და მომავალი, უკვე არჩეული პრეზიდენტი. პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც.

კონფერენციის დასკვნით დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება კავკასიის პლატონისტთა საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პლატონისტები.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა „ბიბლიოდრამა ანამორფოსის“, ფოტოგამოფენა „პლატონის დიალოგები სცენაზე“, ვიდეოჩვენება „პლატონის დიალოგები სცენაზე“ და წიგნების გამოფენა: „პლატონი ქართულად“.

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები