საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტები ეროვნულ არქივს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის „საოფისე საქმე“ სტუდენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მუშაობას გაეცნენ. ვიზიტი სასწავლო მოდულის „დოკუმენტების არქივისთვის გადაცემის მომზადება“  ფარგლებში განხორციელდა.

 

პროფესიულმა სტუდენტებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის დოკუმენტების საცავი, იქ დაცული ისტორიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტები; ამასთან, გაეცნენ დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციებისა და მუშაობის ზოგადი პრინციპების შესახებ.

 

როგორც პროფესიულმა მასწავლებელმა დავით რეკვავამ აღნიშნა, მეორე წელია, რაც პროფესიული პროგრამის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება ვიზიტები ეროვნულ არქივში, რომლის დროსაც სტუდენტები დეტალურად ეცნობიან არქივების და საცავების მუშაობას, დაარქივების პროცესს. „ასეთი ვიზიტების დროს სტუდენტები მეტ ინფორმაციას იღებენ არქივის მუშაობასთან, დაარქივების პროცესთან დაკავშირებით. ეს არის პრაქტიკული გამოცდილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მომავალში თითოეულ მათგანს  მისცემს შესაძლებლობას წარმატებით განახორციელონ საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში“,-აღნიშნა დავით რეკვავამ.

 

ვიზიტი საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვისაც. საოფისე საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტის თინათინ გორელიშვილის აზრით, ინფორმაციული შეხვედრები და საარქივო საქმის უშუალოდ ადგილზე გაცნობა საინტერესო და შედეგიანია, ამასთან თეორიული ცოდნის გამყარების საშუალებას იძლევა. „ეროვნულ არქივში ვნახეთ ის ოთახები და საცავები, სადაც ხდება დოკუმენტების, ფოტო და ვიდეო მასალების, ძველი პერგამენტების დამუშავება-დაარქივება. ჩვენ დეტალურად აგვიხსნეს სამუშაო პროცესი, რაც ჩვენთვის საინტერესოა და პრაქტიკული მნიშვნელობისაა,“-განაცხადა თინათინ გორელიშვილმა.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული განათლების მხარდაჭერა, რაც საარქივო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდებისვის ამ დარგის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ითვალისწინებს.

თარიღი: 07/07/2023