საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ პიჟანოვსკის ვორქშოპები განათლების მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისა და პერსონალისთვის

არკანზასის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯონ პიჟანოვსკიმ სამდღიანი (2020 წლის 1,9,10 ოქტომბერი) ვორქშოპი გამართა განათლების მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პერსონალისთვის თემებზე „კვლევის ეთიკის საკითხები განათლების მეცნიერებებში“ და „მონაცემთა ანალიზი განათლების კვლევაში“. შეხვედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვორქშოპების ფარგლებში, პროფესორმა ჯონმა მიმოიხილა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, ერთობლივი კვლევა, მონაცემთა მოპოვებასა და გაზიარებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები, მკვლევარის პასუხისმგებლობა, მონაცემთა ანალიზის დროს მიკერძოებულობის თავიდან აცილება, მონაცემთა დამუშავებისას ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.

   

 

მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორის, მილან პოლის ტრენინგები - სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების საკითხები განათლების მიმართულებით

მასარიკის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების პროფესორმა, ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა და სამეცნიერო ჟურნალის „Studia Pedagogika” მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა მილან პოლმა განათლების მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ორდღიანი (2020 წლის 27 ოქტომბერი და 5 ნოემბერი) ტრენინგი ჩაატარა თემით „სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების საკითხები განათლებაში“ (“Publishing Issues  in Education”). შხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების მიმართულების სტუდენტები და პერსონალი.

 

ტრენინგის ფარგლებში, პროფესორმა მილან პოლმა მიმოიხილა სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებასთან დაკავშირებული აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნებისთვის არსებული შესაძლებლებლობები და მოთხოვნები; ნაშრომის მომზადება (მ.შ. სტრუქტურა, კვლევის შედეგების განხილვა და სხვ.) შესაბამის ჟურნალში გამოქვეყნებისთვის; განათლების მიმართულებით არსებული სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჟურნალები; რა ეტაპებს გადის ნაშრომი მის გამოქვეყნებამდე - როგორია რედაქტირების პროცედურები და სხვ. პროფესორმა ასევე ისაუბრა მასარიკის უნივერსიტეტის ჟურნალის შესახებ და თუ როგორ მიაღწია ჟურნალმა წარმატებას და რა პროცედურები და პროცესები გაიარა, სანამ ის ინდექსირებული იქნებოდა “Web of Science”-ში.