საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია საქართველოს, თბილისის შესახებ

საქართველო  - სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. ეს ტერიტორია ადამიანებით ჯერ კიდევ 1.7 - 1.8 მილიონი წლის წინათ იყო დასახლებული. ამ ფაქტს ასაბუთებს, 1999 წელს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჰომო ერექტუსი (გამართული ადამიანის) თავის ქალა და არქანტროპის ქვედა ყბა. დღესდღეობით დმანისელი ადამიანი ევრაზიის კონტინენტის უძველეს მკვიდრადაა მიჩნეული და მას “პირველ ევროპელსაც” კი უწოდებენ.

საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც „აბრეშუმის გზის“ სახელითაა ცნობილი. ეს გზა ინდოეთსა და შუა აზიას ევროპასთან აკავშირებდა. ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას, მეორე მხრივ კი, ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო, არაერთხელ გამხდარა დამპყრობთა თავდასხმის ობიექტი, მოქცეულა სხვათა გავლენის ქვეშ, დაუკარგავს ტერიტორიები.

 

საქართველოში ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში, ხოლო 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ, ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთი კვლავ დაესხა თავს საქართველოს და ზემო აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა, რომლებზეც ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტაციაში  რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებენ.  

ამჟამად, საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რაზეც მიანიშნებს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები.

საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი არქიტექტურული ნაგებობებით, რომლებიც ქვეყნის საგანძურადაა ქცეული. დიდსა და პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში მრავლადაა უნიკალური სტილის არქიტექტურული ტაძრები, რთული დეტალებითა და გასაოცარი ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია პირველ ათასწლეულში ნაგები ეკლესია-მონასტრები, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ძალზე განვითარებული იყო სამშენებლო ტექნოლოგია.

ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ხალხური მუსიკა, რომელიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით. ქართული ფოლკლორის დამახასიათებელია მრავალხმიანობა, რომელიც ხალხური მუსიკალური აზროვნების მწვერვალს წარმოადგენს.

 შემთხვევითი არაა, რომ 2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

საქართველოს დედაქალაქია - თბილისი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, თბილისის ქვაბულში მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე ზღვის დონიდან 380–600 მეტრ სიმაღლეზე, მისი ფართობი შეადგენს 504,8 კმ2–ს.

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყეებით ყოფილა დაფარული და მეფე ვახტანგ გორგასალი ხშირად ნადირობდა ამ ტყეებში. სწორედ ერთ–ერთი ნადირობის დროს მეფეს ირემი დაუჭრია, რომელიც ცხელ წყაროში განიბანა, გამოჯანმრთელდა და გაიქცა, ხოლო სხვა ვერსიით, მეფის მიმინო ხოხობს დასცხრომია. ორივე ცხელ წყაროში ჩაცვენილან. ცხელი წყაროებისა და ამ ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი დაუარსებია.

თბილისის მთავარ არტერიას წარმოადგენს მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქის ფარგლებში მიუყვება 35 კილომეტრზე. მდინარე მტკვარს თბილისის ფარგლებში აქვს რამდენიმე შენაკადი როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა. ქალაქის ფარგლებში ორი ტბა (ლისის ტბა და კუს ტბა) და ერთი წყალსაცავია სამგორის, რომელიც თბილისის ზღვის სახელითაა ცნობილი. ორივე ტბა საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილებია.

თბილისში მეტად განსხვავებული სუბტროპიკულ–სემიარიდული ჰავაა გავრცელებული, რაც გამოწვეულია მისი ფიზიკურ–გეოგრაფიული თავისებურებებით. თბილისის შიდა წყლებიც საკმაოდ საინტერესოა.

ქალაქ თბილისის მოსახლეობა ეტაპობრივად იზრდებოდა და ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დაიწყო მკვეთრი ზრდა. ბოლო მონაცემებით თბილისის მოსახლეობა შეადგენს 1 118 300 კაცს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3–ია. ქალაქი თბილისი არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სამეწველო ცენტრია.

ქალაქი თბილისი ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში და ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს თბილისს. თბილისში თავმოყრილია უამრავი ხუროთმოძღვრული ძეგლი და ტურისტული ობიექტი. თბილისის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ნარიყალა, მეტეხი, სიონი, აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი, მთაწმინდა და სხვა.