საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მოსწავლეთა კონფერენცია (10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე)

მოსწავლეების და მასწავლებლების საყურადღებოდ

ძვირფასო მეგობრებო,

10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღე (მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს). ეს დეკლარაცია წარმოადგენს კაცობრიობის უმაღლეს მიღწევას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 
1992 წლის ივლისში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა, იმავდროულად აღიარა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, როგორც უზენაესი კანონი ადამიანის უფლებების დაცვაში. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია შედგენილია ამ დეკლარაციის სულისკვეთებით და სრულ თანხვედრაშია მასთან.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება დეკლარაციის მიღების თარიღს. მოსწავლეს უნდა ჰყავდეს მასწავლებელი - სამეცნიერო ხელმძღვანელი. კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად, 10 დეკემბერს. 

კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის თემატიკის შერჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთებით და ქვემოთ მოყვანილი ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი საკითხების მოკლე ჩამონათვალით: 

ადამიანის ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები.
დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, სიტყვის, გამოხატვის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; 
აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, იძულება, წამება, ღირსების შელახვა; 
ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები. 
დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა. 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-8 კლასელებს და ზევით. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა მოგვაწოდოს საკუთარი ნაშრომი ელ.მისამართზე junior@tsu.ge  შემდეგი წარდგენით:  პირველ გვერდზე ჯერ უნდა იყოს დატანილი ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა; სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი, სპეციალობა. ახალი ხაზიდან უნდა დაიწეროს თემის სათაური. ტექსტი წარდგენასთან ერთად - მაქს. 3 გვერდი, შრიფტი sylfaen, ზომა 11. ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის (წყაროების) ჩამონათვალი. იგივე წესის დაცვით უნდა იყოს წარმოდგენილი ნაშრომის თეზისები - არა უმეტეს 300 სიტყვა. ასევე - წარმოდგენილი თემის შეფასება სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლის მიერ, არა უმეტეს 100 სიტყვა. 

მონაწილეთა საკონსულტაციო დისტანციური შეხვედრა  -  25 ნოემბერი, 16.00 სთ. 
Meeting ID: 957 8533 0411
ნაშრომი, თეზისები და შეფასება გამოგზავნეთ მისამართზე junior@tsu.ge  
აღნიშნული მასალების მიღების ბოლო ვადა  -  5 დეკემბერი, 24.00სთ. 

კონფერენცია ჩატარდება 10 დეკემბერს  Meeting ID: 994 2078 7386
მონაწილეთა დისტანციური რეგისტრაცია 14.30-დან 15.00 სთ-მდე.
მისალმებები და მოხსენებები  -  15.00-დან.

საკონფერენციო ნაშრომები შეფასდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ.
კონფერენციის მონაწილე - მოსწავლე და სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებელი - მიიღებენ მონაწილის სერტიფიკატს. 
საუკეთესო ნაშრომების ავტორების სკოლები მიიღებენ მადლობის წერილებს.
საუკეთესო ნაშრომების თეზისები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე. მათი ავტორები და სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლები მიიღებენ საპატიო დიპლომებს.

პატივისცემით,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
 

თარიღი: 18/11/2021