
"მეცნიერების ფესტივალი 2025"
10 ნოემბერს , 12:00 – 16:00 სთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართება. რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.
თსუ მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთიან სივრცეში წარმოადგენენ საინტერსო ექსპერიმენტებს, აღმოჩენებსა და კვლევით პროექტებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ ქიმიური ცდები, დააკვირდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეისწავლონ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაიგონ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეეხონ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაათვალიერონ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოუსმინონ თემატურ ლექციებს.
ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდებიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები.
10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).
მისამართი: თსუ პირველი კორპუსი, შიდა ეზო