Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარდაიცვალა ნომადი ბართაია

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ნომადი ბართაია, რომლის ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე ათწლეულებია, უკავშირდება.

 

ნომადი ევგენის ძე ბართაია დაიბადა 1944 წლის 16 სექტემბერს სოფელ ლეხაინდრაოში (მარტვილი); 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის სპეციალობით; 1970-71 წლებში მუშაობდა ირანში, ისპაჰანში სპარსული ენის თარჯიმნად, გახდა ფილოლოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1997), ფილოლოგიის დოქტორი (2006), დოცენტი (1986-2006), ასოც. პროფ. (2006-2018), თსუ-ის ირანისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2014-2018). პარალელურად მუშაობდა სულხან-საბა  ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ირანისტიკის კათედრის გამგედ (1995-2006). 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგის დეპარტამენტსა და ირანისტიკის კათედრას, იყო ამ უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი.

 

ნომადი ბართაია სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარსული ენა, სპარსულ-ქართული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები, სპარსული კალიგრაფია, სპარსულიდან ქართულად თარგმნის სტილურ-სემანტიკური ასპექტები და სხვ. ირანელ და ქართველ თანაავტორებთან ერთად მან შეადგინა სპარსული დამხმარე სახელმძღვანელო-ქრესტომათია (2017), რომელიც მოიცავს XVI-XIX საუკუნეების სპარსული ლიტერატურის ნიმუშებს (ნ. ბართაია, სეიდ მოჰსენ ჰოსეინი, ალ. ელერდაშვილი. გამომც. „უნივერსალი“).

 

ნომადი ბართაია ასზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორია. მისი  კვლევის სფერო მოიცავს სპარსულ-ქართული ურთიერთობების ლიტერატურულ, ენობრივ, ისტორიულ და კულტურულ ასპექტებს. მან არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა სპარსულიდან ქართულში შემოსული ლექსიკის შესწავლას, ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა პერიოდიზაციის საკითხებს, სპარსული კლასიკური ლირიკის ქართულ თარგმანებს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნომადი ბართაიას ნაშრომები საერთო სათაურით „საქართველო და ირანი“, რომლებშიც გაშუქებულია საქართველო-ირანის  დიპლომატიური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების ბოლო ათწლეულები.

 

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ნომადი ბართაია აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მას ნათარგმნი აქვს სპარსული ლიტერატურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ლექსები. ეს თარგმანები შევიდა მის მიერ შედგენილ კრებულში „სპარსული ლირიკა“, რომელიც აერთიანებს მეათე საუკუნიდან დღემდე ირანელ პოეტთა ლირიკის ქართულ თარგმანებს (სპარსული ლირიკა, გამომც. არტანუჯი, 2025).

 

ნომადი ბართაია იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ „ენგურის“ მთავარი რედაქტორი,  საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჟურნალის „კალამი“ რედაქტორი,  არაერთი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, მარტვილისა (2016) და ლეხაინდრაოს (2019) საპატიო მოქალაქე.

 

ნომადი ბართაია დაჯილდოვებულია არაერთი პრემიითა და  სიგელით: ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული და ისლამური კავშირების ორგანიზაციის საპატიო სიგელი (2001), საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელი (2006), ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (2009), ლიტერატურული პრემია „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ (2014), აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (2014), ირანის ისლამური რესპუბლიკის „შაჰრიარის“ კულტურის საერთაშორისო მედალი (2016), ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯის“ პრემია (2019), ქართული კულტურის დესპანის წოდება (2019), ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (2020), ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია (2021), გალაკტიონ ტაბიძის მედალი (2024) და სხვა.

 

ნომადი ბართაიას ნათელი ხსოვნა მარად დარჩება კოლეგების, სტუდენტების, მისი მკითხველებისა და მისი პატივისმცემელი ქართული საზოგადოების გულში.