Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„წმინდანის დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში“

2014 წლის 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გრიგოლ ფერაძე (1899-1942) თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის მიერ წმინდანად შერაცხული 1995 წელს. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ერთობლივი ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო: საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული გრიგოლ ფერაძის წერილები მიწერილი ივანე ჯავახიშვილისადმი, კორნელი კეკელიძისადმი და ექვთიმე თაყაიშვილისადმი, აგრეთვე თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცული წმინდა გრიგოლ ფერაძის სამშობლოსა და ემიგრაციაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი იშვიათი ფოტოები, ხელნაწერები და ბეჭდური მასალა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საიუბილეო ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარიის ხელმძღვანელი დავით ყოლბაია, ქართველი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

13/09/2014