Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალ-მარტში“

2014 წლის 25 თებერვალს თსუ მუზეუმში გაიმართა გამოფენა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალ-მარტში“, რომელიც მიეძღვნა თსუ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებულ საბჭოთა რეპრესიებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო, ვიდეო და ფონო დოკუმენტური მასალა, რომელიც რუსული წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველი იუნკრებისა და უნივერსიტეტელთა ბრძოლას ასახავს. უნივერსიტეტის სტუდენტები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებად ეწერებოდნენ. მათ შორის იყვნენ სტუდენტი ქალებიც, რომლებიც მოწყალების დებად ირიცხებოდნენ. მოწყალების დებს ფრონტიდან დაჭრილების გამოყვანა და მკურნალობა ევალებოდათ. მოხალისეთა შორის იყო თსუ სტუდენტი მარო (მარიამ) მაყაშვილიც. თბილისისთვის გამართულ ბრძოლებში უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი დაიღუპა; დღეისათვის ოთხი მათგანის გვარია ცნობილი: მარო (მარიამ) მაყაშვილთან ერთად დაიღუპა სტუდენტი პავლე (პალიკო) ბეშკენაძე. თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილი და გიო (გიორგი) გამყრელიძე. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სტუდენტების გარდა უნივერსიტეტის პროფესორები და მათი ოჯახის წევრებიც იბრძოდნენ. პროფესორ გიორგი გეხტმანის შვილი, იუნკერი გაბრიელ გეხტმანი, თბილისის დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში 25 თებერვალს დაიღუპა.

25/02/2014