Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა - „რუსთაველი 850“

2017 წლის 19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა – „რუსთაველი 850“, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ხელნაწერებს, გამოცემებს, ილუსტრაციებს; თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ „ვეფხისტყაოსნის“ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალურ გამოცემას, მათ შორის, 1712 წლის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, 1888 წლის „ქართველიშვილისეული“ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით; მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილ (ფრანგულ, გერმანულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, უკრაინულ, მოლდოვურ, სპარსულ, არაბულ, ჩეჩნურ, ლატვიურ, ოსურ და ა.შ) და ბოლოდროინდელ გამოცემებს. მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ თარგმანს, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის ელჩმა გადასცა საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები. მათ შორის, იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ე.წ. „წერეთლისეული“ უნიკალური ხელნაწერი, ქართლის მეფის გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე.წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქალაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი; წარმოდგენილი იყო უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალები და ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებული ე.წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალები („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომლებიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში და ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, რუსთაველის ეპოქის ხელნაწერების დიდი ოსტატობით შესრულებული ასლებიც. კერძოდ, თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი - „ვანის სახარება“, რომელიც თამარის პირადი კუთვნილება იყო, და ასტროლოგიური ტრაქტატი (1188-1210 წწ.). თსუ მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილი იშვიათი ექსპონატები დაცულია: თსუ მუზეუმში, თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, თსუ ბიბლიოთეკაში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

19/05/2017