Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ნუცუბიძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „შალვა ნუცუბიძე - 125“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა - „შალვა ნუცუბიძე - 125“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 125 წლისთავის. შალვა ნუცუბიძე (1888-1969) - ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო თსუ-ს პრორექტორი, უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შალვა ნუცუბიძის ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ექსპონატები, რომლებიც ასახავენ მისი ცხოვრებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის ცალკეულ პერიოდებს. შალვა ნუცუბიძე იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, შალვა ნუცუბიძემ ქართულიდან რუსულად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ამ თარგმანის სასიგნალო ეგზემპლარი, რომელიც იოსებ სტალინის შენიშვნებითა და კომენტარებით არის. ეს ერთადერთი ეგზემპლარი ინახება ქალაქ გორში სტალინის მუზეუმში. გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატთა უმეტესობა დაცულია პროფესორის მემკვიდრეთა ოჯახებში, აგრეთვე: თსუ მუზეუმში, საქათველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის საქალაქო არქივში.                   

12/12/2013