Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „სპარსული ენის სწავლებისა და ირანისტიკის კათედრის ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“

2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „სპარსული ენის სწავლებისა და ირანისტიკის კათედრის ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტური მასალის,  მემორიალური ნივთებისა და რარიტეტების ექსპონირებით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ სპარსული ენის სწავლების საუკუნოვანი ისტორია, აქ მოღვაწე იმ პროფესორ-მასწავლებელთა მრავალმხრივი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, რომლითაც ორიენტალისტიკის ამ დარგს მსოფლიოში სახელი გაუთქვეს. 2019 წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა თსუ ირანისტიკის კათედრას; დაბადებიდან 145 წელი - კათედრის დამაარსებელს, პროფესორ იუსტინე აბულაძეს (1874-1962); 100 წელი - კონსტანტინე ფაღავას (1919-1994), 90 წელი - ალექსანდრე გვახარიას (1929-2002) - ირანული ფილოლოგიის კათედრის ყოფილ გამგეებს. გამოფენაზე მოეწყო: ალბომის  - „სპარსული ენის სწავლებისა და ირანისტიკის კათედრის ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“; წიგნის - „იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“; ჟურნალი - „არმაღანი“ მიძღვნილი კონსტანტინე ფაღავას პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისადმი. გამოფენაზე თსუში სპარსული ენის სწავლებისა და ირანისტიკის კათედრის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური, ეპისტოლარული, მემორიალური და სამეცნიერო პუბლიცისტური ლიტერატურის გარდა, წარმოდგენილი იყო, ფოტოქრონიკაში ასახული ისტორია პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა თაობებისა,რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის მანძილზე ხელი შეუწყვეს  სპარსული ენის სწავლების განვითარებას.

20/12/2019