Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

სერგი  ჯიქიას  120  წლისთავისადმი  მიძღვნილი  გამოფენ

   სერგი ჯიქია  (1898-1993)  თურქოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის  ფუძემდებელია საქართველოში. ის იყო თურქული  ფილოლოგიისა და დიპლომატიკა-პალეოგრაფიის პრობლემური და კერძო საკითხების, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხების ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა საქვეყნოდ აღიარებული მკვლევარი,  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  აკადემიკოსი.

  

    თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების  ფაკულტეტის    დამთავრების  შემდეგ, 1926 წელს,  აკაკი  შანიძის  წარდგინებით, სერგი  ჯიქია თურქულ  ფილოლოგიაში  ,,პროფესორობისთვის  მოსამზადებლად“  დატოვეს.  ხოლო 1927 წელს,  კვლავ აკაკი შანიძის  თაოსნობით, იგი მიავლინეს   სტამბოლის  უნივერსიტეტში  თურქული ენისა და ლიტერატურის  შესასწავლად. სამეცნიერო  თვალსაზრისით, მისთვის  სტამბოლში  გატარებული   ორი  წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.  თურქეთის სიძველეთსაცავებში  სერგი ჯიქია  ამუშავებდა  ოსმალურ  საენათმეცნიერო  და  საისტორიო  წყაროებს, საქართველოს  შესახებ  ცნობების  შემცველ  ოსმალურ  ქრონიკებსა  და გეოგრაფიულ  თხზულებებს. მის  მიერ  დამუშავებულმა   წყაროებმა  და  გამოქვეყნებულმა  შრომებმა ჩვენი  ისტორიოგრაფია   ძალიან გაამდიდრა.

 

   თურქეთიდან  დაბრუნებისთანავე სერგი  ჯიქია  გაიგზავნა  ლენინგრადში, სადაც  საკავშირო  მეცნიერებათა  აკადემიის  ენისა   და  აზროვნების  ინსტიტუტში  ჩაირიცხა.   მას მეცნიერულ ხელმძღვანელობას აკად. ა. სამოილოვიჩი უწევდა.  ს. ჯიქია მონაწილეობდა  ვ.  ბარტოლდის, ნ.  მარისა  და  ი.  მეშჩანინოვის  სემინარებში.

    1936  წელს სერგი  ჯიქია  დაბრუნდა  სამშობლოში.  ჩამოსვლისთანავე იგი  დაინიშნა უნივერსიტეტის ჯერ აღმოსავლურ ენათა, ხოლო 1945 წლიდან კი თურქოლოგიის კათედრის გამგედ. ს. ჯიქია გახლდათ თურქოლოგიის კათედრის დამაარსებელი და პირველი გამგე, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინციატორი და მისი პირველი დეკანი (1945-1952). იგი 1960 წლიდან გარდაცვალებამდე  გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე იყო.  1969 წელს ს.  ჯიქია არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

    სერგი ჯიქიას წყალობით,  ქართული ისტორიოგრაფიის მიმოქცევაში შემოვიდა ფილიგრანული ხელოვნებით გაშიფრული უამრავი ოსმალური საარქივო თუ წერილობითი ძეგლი, დიდძალი დოკუმენტური, ისტორიულ-ლიტერატურული და ფოლკლორული მასალა. იგი არ იფარგლებოდა ისტორიული პირებისა და მოვლენების, ტოპონიმებისა და სოციალურ-ეკონომიკური ტერმინების ახსნა-განმარტებებით იძლეოდა წყაროს სრულ პალეოგრაფიულ და დიპლომატიკურ ანალიზს.

სერგი ჯიქია წლების განმავლობაში ამუშავებდა და აწესრიგებდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსასა და საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულ თურქულ დოკუმენტურ მასალას. მან აღწერა სხვადასხვა ფორმულარის 700-ზე მეტი თურქულენოვანი დოკუმენტი, განსაზღვრა მათი რაობა და შეადგინა კატალოგი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის~ სამი წიგნი, რომელიც საეტაპო ნაშრომადაა  აღიარებული ოსმანისტიკაში, საქართველო-თურქეთის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების საკითხების კვლევაში.

    სერგი  ჯიქიას მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები იღვწიან მოსკოვის, პეტერბურგის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხის, გორის, თელავის უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში; სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ეწევიან მუზეუმებსა და არქივებში;

     ღვაწლმოსილი  მეცნიერის 120  წლის  იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე  წარმოდგენილია უნიკალური  დოკუმენტების დედნები, ფოტოები,  მემორიალური  ნივთები, XVI-XVII საუკუნეებით  დათარიღებული ულამაზესი ფირმანები და რარიტეტული  გამოცემები. გამოფენილი  ექსპონატები  დაცულია:  საქართველოს  ეროვნულ  არქივში, კორნელი  კეკელიძის  ხელნაწერთა  ეროვნულ ცენტრში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივში, აღმოსავლეთმცოდნეობის  ინსტიტუტში, თსუ  მუზეუმის  ფონდებსა  და სერგი  ჯიქიას  შთამომავლთა  ოჯახებში.

    ექსპოზიციისათვის შერჩეული ფოტოები, ხელნაწერები და  მემორიალური ნივთები განლაგებულია  თემატურად, რომელებიც მოგვითხრობენ დიდი  მეცნიერის განვილ სამეცნიერო  თუ  საზოგადოებრივ  მოღვაწეობას.  განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმო  სერგი  ჯიქიას  დაწყებით  განათლებას, ასპირანტურის წლებს    სტამბოლისა  და  ლენინგრადის  უნიერსიტეტებში, მის  სამეცნიერო  და  პედაგოგიური მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  თურქოლოგიური  სკოლის შექმნაა და   ეპისტოლარულ  მემკვიდრეობას.

     ექსპოზიციაზე წარმოდგენილი  უნიკალური ფოტოდოკუმენტები გვახსენებენ    გასული საუკუნის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ასპირანტთა  იმ თაობას, რომლებიც  უნივერსიტეტის  მიერ  სასწავლებლად  იყვნენ  გაგზავნილები.  ასე  მაგალითად: ს. ჯიქია, მ. ჩხენკელი, შ.  ძიძიგური, გ. ხარატიშვილი,  აკად. ვ.  მამასახლისოვი (1930-1934  წწ. დათარიღებული ფოტო);  გ.  ხაჟალია, ი.  ვეკუა,  ვ.  კუპრაძე,  ს.  ჯიქია,  რ.  რუხაძე, დ.  დოლიძე, გ.  ხარატიშვილი,  ი.  მეგრელიძე, ა.  ცხაკაია,  მ.  ხუბუა,  ს.  ჟღენტი,  გ.  წერეთელი,  შ.  ძიძიგური  (1832  წელი,  ლენინგრადი);  ასევე  გამოიფინა  აკად. თ.  გამყრელიძესთან, ს.  ხუციშვილთან, ც. აბულაძესთან,  გ. მელიქიშვილთან, გ. წერეთელთან, ა. შანიძესთან, ლ. მელიქსედბეგთან და  უცხოელ  კოლეგებთან: ნერ  სისიანთან, სუმბატ ზდესთან,  დადაშ ზადესთან,  ახმედ  მელაშვილთან სხვადასხვა დროს გადაღებული  ფოტოები.

    გამოფენილ  უნიკალურ  ხელნაწერებს  შორის  შეხვდებით  სერგი  ჯიქიას   ჩანაწერებს:  ,,გურჯისტანის  ვილაიეთის  დიდ  დავთარზე“,   განმარტებებს  ,,ქართული ენის რაობის თაობაზე“,  ცნობილი  თურქული  ეპოსის - ,,დედე  კორკუდზე“, საინტერესო  მიმოწერას  მის პედაგოგთან, აკაკი შანიძესთან,  ელენე  მეტრეველთან და  სხვა  არაერთ  საინტერესო დოკუმენტს, რომელიც  პირველად  გამოდის  არქივსაცავებიდან  საექსპოზიციოდ.

  ექსპონატებს  შორის განსაკუთრებულ  ყურადღებას   იპყრობს  XVI-XVII საუკუნეებით  დათარიღებული ულამაზესი ფირმანები, რომლებიც   ხელნაწერთა  ეროვნულმა  ცენტრმა  მოგვაწოდა.