Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის - 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „ავტოკეფალია 100“

გამოფენა,  რომელიც ეძღვნება  საქრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს

    უნივერსიტეტის მუზეუმი საქრთველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, აწყობს გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები ( კირიონ  II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას) და მათი  მოღვაწეობის ამსახველი  დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ.

  

      გამოფენაზე წარმოდგენილია: საქართველოს ეროვნულ არქივში, თსუ ბიბლიოთეკასა და თსუ მუზეუმში  დაცული ძველი  საბუთები, ფოტოები და რარიტეტული  გამოცემები.

 

     დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება  უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ  რთულ პროცესებს. გამოფენაზე  იხილავთ: სრულიად  საქართველოს  კათალიკოსს  პატრიარქ  კირიონ  II -ის  მიმოწერას თბილისის  სასულიერო სემინარიის  რექტორ,  დეკანოზ  კორნელი  კეკელიძესთან  საქართველოს  სკოლებში  მშობლიურ  ენაზე  სწავლების  აღდგენის  თაობაზე  (1917  წელი);  კირიონ  II -ის    წმინდა  ხარისხის  ორდენით  დაჯილდოების  სიგელს  (1915  წელი); ჩანაწერებს  ივერიის  ეკლესიის  ავტოკეფალიის  შესახებ  (1905-1906  წლები);  მასალებს ტაქტიკის  შესახებ,   რომელიც  უნდა  აირჩიოს  ქართულმა  სასულიერო  ფენამ  მშობლიური  ეკლესიის  ავტოკეფალიის  აღსადგენად   (1905-1906  წლები);  ისტორიულ  ცნობას  საქართველოს  ეკლესიის  ავტოკეფალიის  აღდგენის  თაობაზე   (1905-1906  წლები);   ქართველი  სამღვდელოების  მიერ რუსეთის  მინისტრთა კომიტეტის სახელზე  გაგზავნილ პეტიციას საქართველოს  ეკლესიის  ავტოკეფალიის  აღდგენის შესახებ  (1905  წელი);    საქართველოს ქართლ-კახეთის  სამღვდელოების  მიერ    ეგზარხოსს, მთავარეპისკოპოს  ნიკოლოზის  სახელზე  შედგენილ პეტიცის;  თეზისებს საქართველოს  ეკლესიის  ავტოკეფალიის  აღდგენის  თაობაზე  (1905  წელი);    სვეტიცხოვლის ტაძარში კირიონ  II -ის   მიერ წარმოთქმულ  სიტყვას  საქართველოს  ეკლესიის  ავტოკეფალიის  გამოცხადების  თაობაზე   (1917  წლის  12  მარტი);  მისალოც  დეპეშებს  საქართველოს  ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისა  და  პატრიარქად კირიონ  II -ის    აღსაყდრებასთან  დაკავშირებით;   გუჯარს - სრულიად  საქართველოს  კათალიკოს- პატრიარქის კირიონ  II -ისა  საქართველოს  ეროვნული  ყრილობის  მიმართ  (1917 წლის  19  ნოემბერი)  და  ა.შ.   

 

   

 

     დამთვალიერებლისთვის ასევე  საინტერესო იქნება   1629 წელს  რომში  გამოცემული პირველი  ქართული  ნაბეჭდი  წიგნი -  ქართული  ანბანი  ლოცვებითურთ;  ასევე  რომში, 1679  წელს  გამოცემული  ქართული  ენის  გრამატიკა;  1705  წელს  მოსკოვში  არჩილ  მეფის  დასტამბული  დავითნი;  1709 წელს  ვახტანგ VI და  ერეკლე II  სტამბაში  დაბეჭდილი წიგნები და  სხვა  რარიტეტები.  ექსპონატები  ისტორიულ  მნიშვნელობასთან  ერთად  მაღალმხატვრული,   პოლიგრაფიული  და  კალიგრაფიული შესრულებით  გამოირჩევიან. 

        ექსპონატთა  შორის  ასევე მნიშვნელოვანია პირველი  კათალიკოს-პატრიარქის  კირიონ  II -ის    ნაქონი  წიგნები,  რომლიც   უნივერსიტეტის  ბილიოთეკაშია დაცული.   გამოფენაზე  იხილავთ  აგრეთვე კალისტრატე  ცინცაძისა  და პატრიარქ ილია  მეორის  წიგნებს.  დამთვარიელებელს  შესაძლებლობა ექნებათ  თვალი  გადაავლონ  ქართული  წიგნის  ისტორიის  უმნიშვნელოვანეს  ეტაპებს,  პოლიგრაფიულ  ცენტრებს,  რომლებიც  ფუნქციონირებდა  როგორც  საქართველოში, ისე მის  ფარგლებს  გარეთ.

     გამოფენილი  უნიკალური  საარქივო  ხელნაწერები,  ფოტოები  და  რარიტეტული  გამოცემები  ასახავენ  100  წლის  წინ  საქართველოში  ეკლესიის  ავტოკეფალიის  აღდგენასთან  დაკავშირებულ  განვითარებულ  რთულ პროცესებს.