Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „იოსებ ყიფშიძე - 130“

იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიღვნილი გამოფენა

 (1882 – 1919 )

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი   დამფუძნებელი,  გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი იოსებ ყიფშიძე  ივანე ჯავახიშვილის მოწაფე და თანამოაზრე  იყო. მან  1911 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი დაამთავრა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში, კავკასიური ენების შემსწავლელ კურსებზე   განაგრძო.  1915 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ - დოცენტი, სადაც   ქართული ენის კურსს კითხულობდა.

  

    იოსებ  ყიფშიძე   ქართველურ ენებს, მათ აგებულებასა და ისტორიის საკითხებს იკვლევდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი და ახალი ქართულის, უმწერლობო ქართველური ენების - მეგრულისა და ლაზურის შესწავლის საქმეში. მცირე მოცულობის, მაგრამ საეტაპო მნიშვნელობისაა  მისი სამეცნიერო სტატია „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“; კომპლექსური მიდგომითა და გააზრებითაა შექმნილი მეგრული ენის ქრესტომათიული  გრამატიკა  რუსულ ენაზე,რომელსაც  თან ერთვის მეგრულ-რუსული ლექსიკონი.  აღნიშნული გრამატიკა იოსებ ყიფშიძის სამაგისტრო ნაშრომი გახლდათ, რომელიც 1914 წელს პეტერბურგში გამოიცა.  ძველი ქართული წერილობითი ძეგლების  ტექსტოლოგიური შესწავლის ნიმუშს წარმოადგენს  „ცხოვრება ანტონი-რავახისა“ და ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, რომელიც 1918 წელს პეტერბურგში გამოიცა.

    იოსებ ყიფშიძე  1917საქართველოში    დაბრუნდა.  იგი  როგორც სოციალ-ფედერალისტთა  პარტიის  წარმომადგენელი,  აქტიურ  მონაწილეობას  იღებდა  დამოუკიდებელი საქართველოს  აღმშენებლობისა  და  ქართული  უნივერსიტეტის  დაარსების საქმეში.  იოსებ ყიფშიძე პროფესორთა საბჭოს  პირველი  მდივანი,  ქართული ენის კათედრის  გამგე და პირველი პროფესორია. სამწუხაროდ, იგი ადრე გარდაიცვალა. ეს დიდი დანაკლისი იყო  ახლად დაარსებული უნივერსიტეტისთვის.

    ექსპოზიციისთვის  მასალა  საქართველოს ეროვნული არქივის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმისა და მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის ფონდებიდან  შეირჩა.  გამოფენაზე ფოტოები, ხელნაწერები და  მემორიალური ნივთები  თემატურადაა განლაგებული, რომლებიც იოსებ ყიფშიძის  განვლილ სამეცნიერო,  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ  მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.  განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო იოსებ ყიფშიძის  დაწყებით  განათლებას, მოსკოვის უნიერსიტეტში  გატარებულ  წლების  გაშუქებას,  ენათმეცნიერის  როლს  თსუ-ს  დაარსების  საქმეში, სამეცნიერო  და  პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, მის მერ მოწყობილ ექსპედიციებს ლაზეთში,  სამეცნიერო  გამოკვლევებსა და   ეპისტოლარულ  მემკვიდრეობას. მუზეუმის  სივრცეში  თავი  მოიყარა  და საზოგადოების  წინაშე    ფაქტობრივად   პირველად გამოიფინა სრულად მისი  ხელნაწერები  და ფოტოები.

   თუ  თვალს გადავავლებთ  ყიფშიძეების   მდიდარ  ეპისტოლარულ მემკვიდრეობას  თვალწინ წარმოგვიდგება  xx საუკუნის ქართული ელიტური საზოგადოების  თვალსაჩინო წარმომადგენლები: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, მოსე ჯანაშვილი, ანტონ თვალჭრელიძე, სერგი გორგაძე, აკაკი ჩხენკელი, იოსებ გრიშაშვილი, იოსებ ნონეშვილი, ანა კალანდაძე, ირაკლი აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია,  ნიკო მარი, სამსონ ფირცხალავა, ლადო გუდიაშვილი და სხვანი,  რომელთა სრული ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.

 

     არანაკლებ  საინტერესოა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი  უნიკალური ფოტო  დოკუმენტები:   მისი  ოჯახის  წევრები,  მშობლები,   შთამომავლობა, მოსკოვის  უნივერსიტეტის  მეგობრები და თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   პედაგოგ-მასწავლებლები.

   გამოფენილ ექსპონატთა  შორის  ყურადრებას იპყრობს: იოსებ  ყიფშიძის  მოწაფეობის  დროინდელი რვეულები  და საგამოცდო  ბილეთები,  ჭანეთში მისი მოგზაურობის ანგარიშები,  ქართველ მაჰმადიანთა ყრილობაზე  წარმოთქმული სიტყვა,  ჩანაწერები, რომლებიც  ეხება თბილისის  სახელმწიფო  უნვერსიტეტის  დაარსებას, მისი გამოსვლა  უნივერსიტეტის  საზეიმო  გახსნაზე, ცნობილ  ,,8  მცნებას“, რომლითაც  ხელმძღვანელობდა იგი თავისი  ხანმოკლე  ცხოვრების  მანძილზე და სხვა უნიკალური დოკუმენტები, რომელთა  დედნებიც  პირველად  გამოიფინა.