Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის მიერ ევროპული საგანმანათლებლო პრინციპების დანერგვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე  ჯავახიშვილის  მიერ ევროპული  საგანმანათლებლო  პრინციპების  დანერგვა  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

      თბილისის უნივერსიტეტის დაარსება მრავალი საუკუნისა და მრავალი თაობის ოცნების აღსრულება იყო, მაგრამ იგი უპირველესად დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილისა და მის გვერდით მდგომ ახალგაზრდა მეცნიერთა ღვაწლისა და შრომის ნაყოფია,

 

  

     XX საუკუნის 20-იანი წლები როგორც საქართველოს ისტორიაში,  ისე უნივერსიტეტის ცხოვრებაშიც, უაღრესად საინტერესო, რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქა იყო. ამ პერიოდში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებულმა მოვლენებმა მძაფრი სოციალურ-პოლიტიკური რყევები გამოიწვია,  რამაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ფორმაცა და შინაარსიც.

 

  

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მოღვაწე ივანე ჯავახიშვილმა დაიწყო ქართული უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისათვის აქტიური მზადება. ამავე წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საქმიანობამ  უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად ფართო ხასიათი მიიღო.  რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებიდან დაბრუნებული ქართველი პროფესურა მშობლიურ უნივერსიტეტში ევროპული განათლების დანერგვას ესწრაფვოდა. ქართული უნივერსიტეტი, ბუნებრივია, ერის ინტერესების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. მას ქართველი ახალგაზრდობა ეროვნული სულისკვეთებით უნდა აღეზარდა. ასევე  უნდა მოემზადებინა საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრი. ივანე ჯავახიშვილი მიმოიხილავდა და ერთმანეთს ადარებდა რა რუსეთისა და საქართველოს საუნივერსიტეტო  სისტემას წერდა:  ,,შეუძლებელია ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების პირდაპირი გადმოღება. ეს საკითხი სათუთ მიდგომას საჭიროებს, რადგანაც მისი გაუანალიზებლად ჩართვა სასწავლო პროცესში განსაცდელში ჩააგდებს ჩვენს უნივერსიტეტსა და მეცნიერებას“.

 

     

  

"ბიძინა რამიშვილი, მოსე გოგიბერიძე, მიხეილ ხუნდაძე. გერმანია."

 

     1919 წლის ბოლოდან სულ უფრო ძლიერდებოდა უნივერსიტეტის  კავშირები საზღვარგარეთთან. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოსა და მთავრობის ერთობლივი ღონისძიებებით სწავლის გასაგრძელებლად ინტენსიურად მიმდინარეობდა გამორჩეულ სტუდენტთა გაგზავნა საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპაში. ესენი იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე – საფრანგეთში, კონსტანტინე გამსახურდია – იტალიაში, გრიგოლ ფერაძე, ალექსანდრე  ჯანელიძე, გიორგი ნანეიშვილი, ვლადიმერ ემხუარი, ივანე ნიკურაძე, ბიძინა რამიშვილი, მოსე შანიძე, რაჟდენ ხუციშვილი, ნიკოლოზ  ქოიავა, დავით  იაშვილი, იასონ გობეჩია და გიორგი ნიორაძე – გერმანიაში და სხვები. სტიპენდიანტებს მუდმივი მიმოწერა ჰქონდათ ივანე ჯავახიშვილთან, რომელიც მზრუნველობას არ აკლებდა თავის აღზრდილებს და მათგან მუდამივად ითხოვდა სამეცნიერო მუშაობის შესახებ ანგარიშებს. ამ მრავალრიცხოვანი ფოლიანტებიდან ჩვენ გამოფენისთვის შევეცადეთ შეგვერჩია მნიშვნელოვანი და  საზოგადოებისათვის  ნაკლებად ცნობილი ეპისტოლარული მემკვიდროების  ხელნაწერები,  ფოტოები და მემორიალური ნივთები. ექსპოზიციაზე ასევე პირველად  იქნება  წარმოდგენილი  თბილისის  სახელმწიფო  უნივესიტეტში  ევროპიდან მოწვეული პროფესორების -  ჟან  ლუი ჟიროს, ალექსანდრე  ნათენსონის, ე. ოეთელის, გუსტავ  ჰასეს, მ. დოვნორ-ზაპოლსკის, სერგეი  პოკროვსკის, სტარკოვის,  რიჰარდ  ფოგელის, პრელლის,  მაქს  მიულერის, ბრიუნოსი დირრის,  და სხვა  პედაგოგთა  შესახებ  არსებული დოკუმენტები - წერილები, ანკეტები, ბიოგრაფიები და სასწავლო  პროგრამები.

     გამოფენაზე  ასევე იხილავთ: ქართული თავისუფალი უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი საზოგადოების კრების  ოქმებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ბრძანებებს, ინსტრუქციებს,  დებულებებს, საგანმანათლებლო პროგრამებს,  უნივერსიტეტის ავტონომიასთან  დაკავშირებულ საკითხებს.   

    აღნიშნული   გამოფენისთვის მასალა  შეირჩა საქართველოს ეროვნული არქივის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებიდან.