Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ღამის ექსპოზიცია - „მოდი ღამით მუზეუმში“

2018 წლის 18 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში - „მოდი ღამით მუზეუმში“ ღონისძიების ფარგლებში, ოთხი გამოფენა გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებიათ: 1. ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტ-მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია: მწერლის ცხოვრების სხვადასხვა დროის საბუთები, დაბადების მოწმობა, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი, ვაჟა-ფშაველას ოჯახის წევრთა და ნათესავთა ფოტოები. აგრეთვე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, კორნელი სანაძის, გოგი და ირაკლი ოჩიაურის, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძის, თემურ ყუბანეიშვილის და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები; 2. სახვითი ხელოვნების საგამოფენო დარბაზი სადაც წარმოდგენილია: XIX და XX საუკუნის ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედება, რომელიც თემატურად, ჟანრობრივად, მასალისა და ტექნიკის (ზეთი, აკვარელი, სანგინა და სხვა) თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია. მათ შორის: გიგო გაბაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, იოსებ სუმბაძის, გოგი-ალექსი მესხიშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძის, კორნელი სანაძის, ირაკლი ფარჯიანის, სევერიან მაისაშვილის, გიორგი ჯაშის, გივი თოიძის, გოგი ჩაგელიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, ლევან ჭოღოშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის, ქეთი მატაბელის, რობერტ სტურუას (უფროსი), ილია ზანკოვსკის, ალექსი ოტრეშკოს, ევგენი ლანსერეს და სხვათა ტილოები; 3. არქეოლოგიური არტეფაქტების კოლექცია, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა მხარეში გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ქვისხანიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ჩათვლით, მათ შორის: პალეოლითური, მეზოლითური და  ნეოლითური ძეგლები. ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკული ჭურჭელი, მინისა და კერამიკის, მოჭიქული სანელსაცხებლე და სააფთიაქო დანიშნულების ჭურჭელი ბიჭვინთის ნაქალაქარიდან, ბრინჯაოსა და სპილენძის მინიატურული ქანდაკებები, ბეჭდები და სამაჯურები, გრაკლიანის გორა ნამოსახლარიდან, სხვადასხვა შედგენილობის ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მინერალებისგან შედგენილი მძივები და საკინძები, გამომწვარი სარდიონის მძივი ყულანუხვას (აფხაზეთი) სამაროვანიდან, სხვადასხვა პერიოდის სპილენძისა და ვერცხლის მონეტები და სხვ.; 4. თსუ დამფუძნებელთა მემორიალური კაბინეტები, კერძოდ: აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა მემორიალური ნივთები, სამუშაო კაბინეტი, დოკუმენტები, წერილები, ჩანახატები, სხვადასხვა დროს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ ორბელიანის საოჯახო ალბომის, მათი ახლო ნათესავების, წინაპრებისა და შთამომავალთა ფოტოები; უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის მემორიალური ნივთები, სამუშაო კაბინეტი, სხვადასხვა დროს გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა, ქიმიის ლაბორატორიის ნივთები, მეცნიერის ბიბლიოთეკა.

18/05/2018