Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ექვთიმე თაყაიშვილის - 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი - 150“

2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი - 150“. ექვთიმე თაყაიშვილი (1862/1863-1953), ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918, 1945) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული (2002). თსუ მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველ იშვიათ რარიტეტებს, რომელთა უმეტესობა ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად არის ცნობილი, მათ შორის: 1888 წელს სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის დიპლომი გაცემული ექვთიმე თაყაიშვილის სახელზე მასზედ, რომ მან პეტერბურგის უნივერსიტეტი მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხით დაამთავრა, 1911 წელს რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების მიერ ექვთიმე თაყაიშვილისათვის მინიჭებული ოქროს მედალი და დიპლომი, 1918 წელს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ექვთიმე თაყაიშვილისათვის არქეოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის - Honoris Causa მინიჭების შესახებ (ეს იყო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიერ გაცემული პირველი დოქტორის სამეცნიერო ხარისხი - Honoris Causa) დოკუმენტი, 1945 წელს დამსახურებული პროფესორის წოდების მინიჭების შესახებ დოკუმენტი, 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევის შესახებ დოკუმენტი, 1949 წელს სსრ კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ დოქტორის სამეცნიერო ხარისხის და პროფესორის წოდების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი. გამოფენაზე გარდა დიპლომებისა წარმოდგენილი იყო:      მეცნიერის პირადი მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, ავტოგრაფები, სამეცნიერო გამოცემები, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის - ნინო პოლტორაცკაიას და მათი ნათესავების, კოლეგების და მეგობრების ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ძირითადი ნაწილი დაცულია: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში.

18/11/2013