Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანდრია რაზმაძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

ანდრია  რაზმაძის  125  წლისთავისადმი  მიძღვნილი გამოფენა

ცნობილი   ქართველი მათემატიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი ანდრია რაზმაძე  (1889-1029) ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე და აქტიური თანამებრძოლი იყო. მისი შრომები  გამოქვეყნდა საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, ამერიკის, გერმანიის) ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია ა. რაზმაძის გამოსვლები  მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ამერიკაში - 1924 წeლს,  რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე 1926 წელს, მოსკოვის მათემატიკურ საზოგადოებაში  - 1928 წელს. ანდრია რაზმაძის შრომებს დიდ შეფასებას აძლევდნენ უცხოელი მეცნიერები - ამერიკელი პროფესორი ბლისი, საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტი პოლ ლევი, რუსი მეცნიერი ნ. კრილოვი, იტალიელი მეცნიერი ლ. ტონელი და სხვები. ისინი სთხოვდნენ პროფესორს პარიზში გადასვლას და  მუშაობის იქ გაგრძელებას,  მაგრამ  მეცნიერი უარს აცხადებდა  მომხიბვლელ წინადადებაზე, რადგან სურდა, ქართული მეცნიერება განევითარებინა. სწორედ მისი მეოხებით, 1924 წელს  საქართველო  მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა.  1925 წელს  ანდრია რაზმაძემ  პარიზში ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - ,, წყვეტილი გადაწყვეტანი ვარიაციათა აღრიცხვაში,“ რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას., დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში  და  საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.

  

ანდრია რაზმაძემ  გაზარდა მათემატიკოსთა მთელი პლეადა: ლევან გოკიელი, ვიქტორ  კუპრაძე, ილია ვეკუა, ვლადიმერ ჭელიძე, ამბროსი რუხაძე, დარეჯან ვაშაკიძე, შალვა მიქელაძე, იასონ მეცხვარიშვილი და სხვები, რომლებმაც ქართული მათემატიკური მეცნიერების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ამავე დროს, დიდმა მეცნიერმა,  სირთულეების მიუხედავად, გზა გაუკაფა გიორგი ნიკოლაძეს მათემატიკოსად ჩამოყალიბების სარბიელზე.

      ღვაწლმოსილი  მეცნიერის 125  წლის  იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე  წარმოდგენილია უნიკალური  ხელნაწრები, ფოტოები,  მემორიალური  ნივთები, და რარიტეტული  გამოცემები. გამოფენილი  ექსპონატები  დაცულია  საქართველოს  ეროვნულ  არქივში, კორნელი  კეკელიძის  ხელნაწერთა  ეროვნულ ცენტრში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივსა და თსუ  მუზეუმის  ფონდებში.

        

       ექსპოზიციისათვის შერჩეული ფოტოები, ხელნაწერები და  მემორიალური ნივთები განლაგებულია  თემატურად, რომლებიც მოგვითხრობენ ანდრია  რაზმაძის  განვილ სამეცნიერო  თუ  საზოგადოებრივ  მოღვაწეობაზე. ზოგი მათგანი საზოგადოებისთვის  აქამდე  უცნობ  ფაქტებს  შეეხება.

 

    თემატიკის  განსაზღვრისას განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო  ანდრია რაზმაძის  დაწყებით  განათლებას. მის მიერ მოსკოვსა და ბროვსკში გატარებულ წლებს. მის ღვაწლს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დაფუძნების საქმეში,  სამეცნიერო  და  პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ  უნივერსიტეტში,   მათემატიკური  სკოლის შექმნასა და ძალზედ საინტერესო ეპისტოლარულ  მემკვიდრეობას (აქ  შეხვდებით  საინტერესო  მიმოწერას  მსოფლიო დონის  მათემატიკოსებთან),  რომელიც ცალკე  წიგნად გამოვიდა.

      ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი  უნიკალური  ფოტოების მეშვეობით დამთვალიერებლის  თვალწინ  გაიელვებს  XIX-XX  საუკუნეების  საქართველოს  ელიტარული  საზოგადოება. აქ  შეხვდებით: კ. მარჯანიშვილთან, ნ. მუსხელიშვილთან, გ. ნიკოლაძესთან,  დ.   ვაშაკიძესთან, გრ. ხაჟალიასთან, ი. მეცხვარიშვილთან, ა. ბარკალაიასთან, გ. ახვლედიანთან და სხვა  ცნობილ  პიროვნებებთან  ერთად  გადაღებულ ა. რაზმაძის ფოტოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანდრა  რაზმაძის დაკრძალვის  პროცესზე  გადაღებული  ფოტოები, რომელიც  ბუნდოვანებით  მოცულ  ბევრ  ფაქტს  ფენს  ნათელს.

    გამოფენილ უნიკალურ ხელნაწერებს  შორის  შეხვდებით: ანდრია რაზმაძის  გიმნაზიის  დროინდელ  რვეულებს, ატესტატს, გამოსაშვები სკოლის ბილეთებს, მის  მოხსენებას პარიზში მათემატიკოსთა  მსოფლიო  კონგრესზე (1924  წელი),   ასევე  დისერტაციის  დაცვასთან  დაკავშირებით  მის გამოსვლას საფრანგეთში და მათემატიკის  მეცნიერებათა  დოქტორის დიპლომს  (1925  წლი, ფრანგულ ენაზე).  წერილს  ბოლონიაში  მათემატიკოსთა  კონგრესში  მონაწილეობის თაობაზე (1927  წელი, ფრანგულ ენაზე),   წიგნის  ,,დიფერენციალური  აღრიცხვის’’  ხელნაწერს,  წერილს  საზღვერგარეთ  სასწავლებლად გიორგი  ნიკოლაძის    გაგზავნის  თაობაზე, ჩანაწერებს,  რომელებიც  ეხება  მსოფლიო დონის  მათემატიკოს, რიხარდ კურანტთან კამათს  (1925 წელი). არანაკლებ საინტერესოა ანდრია რაზმაძის მიმოწერა -  მართა  მაჩაბელთან,  ივანე  ჯავახიშვილთან, ივანე  ნიკურაძესთან, ბუდუ  მდივანთან,  არჩილ  ხარაძესთან, მ. პრეობრეჟენკისკთან და სხვებთან.

 

     არ  შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ  ზოგიერთი   დოკუმენტი გამოფენაზე არასრული სახით არის  წარმოდგენილი, ხოლო ფოტოების  ნაწილი  დაზიანებულია.  სამწუხაროდ, ანდრია  რაზმაზის არქივი  მაშინ  დაზიანდა, როდესაც  მისი სიძე, შალვა  ცინცაძე  (გამოჩენილი  ქიმიკოსი,  პეტრე მელიქიშვილის   ასპირანტი) 1937  წელს  დააპატიმრეს  და მისი სახლი დაარბიეს.  არქივი  სრულ განადგურებისგან ანდრია  რაზმაძის ტყუპისცალმა   ელენე რაზმაძემ  იხსნა.