Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ასლანიკაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა - ალექსანდრე ასლანიკაშვილის 100 წლის იუბილეს. ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1916-1981) გეოგრაფ-კარტოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის გამგე 1973-1981 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო კარტოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი, პროფესორი მენო იან კრააკი, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილ ხელნაწერ რუკათა შორის უძველესია XVIII საუკუნეში შედგენილი რუკები: ტიმოთე გაბაშვილის დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) რუკა და ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს რუკა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის 1913 წლის ხელნაწერი რუკა (საქართველოს საისტორიო რუკა VII-XII სს, შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით) და სვიმონ ციციშვილის ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა (1935-1936 წწ.), პარიზში ემიგრაციაში ყოფნისას შედგენილი რუკა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუკის შედგენისას მას კონსულტაციას უწევდა იმხანად პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის ავტორობით ან რედაქტორობით შედგენილი რუკები და ატლასები: საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები (1989 წ.), საქართველოს სსრ ატლასი (1964 წ.) და სხვა. ექსპოზიციაში გამოფენილი იყო დემურ ტაბიძის მიერ შედგენილი ფიზიოგრაფიული რუკები, ე.წ. ჩიტის თვალით დანახული საქართველოს ულამაზესი ხედები, თსუ სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ასევე სკოლის მოსწავლეთა კარტოგრაფიული ნამუშევრებიც. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, დოკუმენტები, რუკის დედნები, ასევე მათი ასლები დაცულია თსუ გეოგრაფიის მუზეუმის, გეოგრაფიის დეპარტამენტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სხვა უწყებების ფონდებსა და კერძო კოლექციებში.

14/11/2016