Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი შანიძის – 130 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „აკაკი შანიძე - 130“

2017 წლის 27 თებერვალს თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო აკადემიკოს აკაკი შანიძის – 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა „აკაკი შანიძე - 130“. აკაკი შანიძე (1887-1987) ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946), და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: მეცნიერის მემორიალური ნივთები, სამეცნიერო ნაშრომები, დოკუმენტები, ასევე უხვად იყო წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელიც ასახავდა აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის ცალკეულ პერიოდებს. გამოფენაზე მოსულ   დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აკაკი შანიძის სადისერტაციო ნაშრომს „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“. ეს იყო ქართულ უნივერსიტეტში 1920 წელს დაცული პირველი სადისერტაციო ნაშრომი, რომლის წარმატებულად დაცვის შედეგად აკაკი შანიძემ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება მოიპოვა. თსუ მუზეუმის გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები: მემორიალური ნივთები, რარიტეტები და ფოტოდოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში; თსუ მუზეუმის ფონდებში და აკაკი შანიძის შთამომავალთა ოჯახებში.

27/02/2017