Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ივანე ჯავახიშვილი და სამართალი“

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - ,,ივანე ჯავახიშვილი და სამართალი“.

 

    2016 წელს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა და იურიდიული ფაკულტეტმა  მოამზადეს  გამოფენა: ,,ივანე ჯავახიშვილი და სამართალი“.

 

     

    ყოველ ეპოქაში სამართლებრივი საფუძლები სახელმწიფოს მოწყობისა და მისი რაობის განმსაზღვრელი იყო. ამიტომაც, ორიგინალური სამართლებრივი ძეგლები, სასამართლო აქტები და განჩინებები ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, სამართლის დარგში  შექმნილ ცალკეულ თხზულებებსა და სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს. მისი მოღვაწეობის ეს მხარე ცნობილია როგორც ისტორიკოსების  ფართო წრისათვის, ისე იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის.  არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც,  რომ საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი ამ უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ჩანაწერები, სამართლებრივი ტერმინოლოგიის ათასობით ბარათი, სამართლის ისტორიის სამუშაო ვერსიები, რომლებიც ნათლად ასახავენ, თუ რა უზარმაზარი შრომაა გაწეული დიდი  მეცნიერის მიერ ქართული სამართლის ისტორიის დღეს უკვე სამაგიდო წიგნებად ქცეულ გამოკვლევებში. ეს საარქივო ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში.

 

  

     გამოფენაზე  პირველად  იქნება  წარმოდგენილი სამართლის ისტორიის კვლევის ამსახველი საარქივო დოკუმენტების  დედნები: ივ. ჯავახიშვილის მიერ წაკითხული  ლექციების  შინაარსი ქართული სამართლის  ისტორიიდან - 1909 წელი, ავტოგრაფი;  მეცნიერის  მიერ  ჩანიშნული  ლიტერატურის  სია  სამართლის  საკითხებზე; ,,ძეგლის  დადების“- ჩანაწერები, ქართული სამართლის ტერმინოლოგიის  ბარათები -განმარტებებით, მასალები  ქართული  სამართლის  ისტორიისათვის, ამონაწერები სხვადასხვა  წყაროებიდან: ,,ხელისუფალნი და საქმის მოქმედნი“,  ,,საქართველოს მიწა-წყალი და საქართველოს  მკვიდრნი“,  ,,მეფე  და მისი  უფლებები“  და  ასე  შემდეგ. საზოგადოებას საშუალება ექნება ასევე დაათვალიეროს ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მისი ბიბლიოთეკის უიშვიათესი გამოცემები საგულისხმო მინაწერებითა და ჩანიშვნებით, მისი ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი საინტერესო ფოტოები.