საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2024-2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2024-2025 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება  გაიმართა. ღონისძიებაზე 467 კურსდამთავრებულს მიესალმა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და წარმატებები უსურვა. „შრომა და სწავლაა ის ძალა, რომელიც ადამიანს აძლევს ყველაზე დიდ ენერგიას, აყალიბებს მას პროფესიონალად და ქმნის მის ნამდვილ ღირებულებას. მინდა ერთი რამ კარგად იცოდეთ — ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტები პროფესიონალი ადამიანები არიან. თქვენ კი უკვე ამ მნიშვნელოვანი საქმის თანამონაწილეები ხართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ  გიყვარდეთ ის კედლები, სადაც მიიღეთ განათლება. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ განსაკუთრებული მისია გაქვთ, რადგან ხართ ამ დიდი ოჯახის წევრები და მისი განუყოფელი ნაწილი.“

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქვეყნისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსდამთავრებულებს მიმართა: „თქვენ ხართ ელჩები, თქვენ უნდა გაავრცელოთ პროფესიული განათლება ჩვენს ქვეყანაში და დაამარცხოთ არსებული სტიგმა. ნამდვილად გვჭირდება თქვენი დახმარება ამ საქმეში. ეს არის ახალი შესაძლებლობების, მომავლის დაწყების დღე. საქართველოს აქვს იმედი, რომ ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას სწორედ თქვენნაირი ადამიანები მოუტანენ.“

 

ღონისძიებას რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაესწრნენ.

 

„დავამთავრე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამა  „ღონისძიების ორგანიზება“. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ბაკალავრიატზე სწავლასა და სამსახურთან ერთად არც ისე მარტივი იყო ამ გამოწვევისთვის თავის გართმევა, ვფიქრობ რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ჩემი კარიერული განვითარების გზაზე მიმიღია. აქ სწავლა გადავწყვიტე იმიტომ რომ ეს ადგილი აერთიანებს ხარისხიან განათლებას, პრაქტიკულობასა და თანამედროვე მიდგომებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ,რომ სწავლის პროცესი მხოლოდ თეორიაზე დაფუძნებული არ ყოფილიყო – ამიტომ ვეძებდი სივრცეს, სადაც რეალური სამუშაო უნარების გამომუშავებას შევძლებდი. ამიტომაც გავაკეთე არჩევანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლაზე,“- განაცხადა კურსდამთავრებულმა მარიამ ხმიადაშვილმა.

 

კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში  პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ ამჟამინდელმა სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ  პრაქტიკაში გამოიყენეს ის თეორიული ცოდნა, რომელიც სასწავლო  კურსის დროს მიიღეს.

 

2024-2025 წლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრს 467 კურსდამთავრებული ჰყავს. 

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

 

დღეისთვის 18 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 500-მდე სტუდენტი სწავლობს.  სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.

 

2025 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება, საექთნო განათლება, Front End  დეველოპმენტი.

თარიღი: 27/02/2026