საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მომავალი მებაჟე-ოფიცრები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ

ქუთაისის აეროპორტმა მომავალ მებაჟე-ოფიცრებს უმასპინძლა. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს უშუალოდ სამუშაო სივრცეში პრაქტიკული ცოდნის შესაძლებლობა მიეცათ. 


პროფესიული პროგრამა „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) რამდენიმე წელია ხორციელდება და დასაქმების მაჩვენებელიც მაღალი აქვს. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ჩაკვეტაძე აცხადებს,    პროფესიული პროგრამა მაღალანაზღაურებად პროფესიონალებს ამზადებს, შესაბამისად მასზე მოთხოვნაც მაღალია. პროგრამის კურსდამთავრებულები მომავალში როგორც მებაჟე-ოფიცრები და სხვადასხვა ორგანიზაციაში საბაჟო საქმის სპეციალისტები დასაქმდებიან.


ქუთაისის აეროპორტში ვიზიტი მოდულის „ფიზიკური პირის კონტროლი“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის დროსაც სტუდენტებს გააცნეს ფიზიკური პირის შემოწმების, ბარგის და დოკუმენტების დათვალიერების და სხვა პროცედურები. აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად აუხსნეს სამუშაო პროცესი.


„პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ საშუალება ეწვიონ სხვადასხვა ობიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა პროფესიაში. ეს მათ მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც დასაქმების, ასევე შემდგომში პრაქტიკული ცოდნის გამოყენების თვალსაზრისით“,-აღნიშნა ლაშა ჩაკვეტაძემ.


საბაჟო გამშვები პუნქტის „ქუთაისის აეროპორტი“ უფროსის მოადგილის ხვიჩა მარგველაშვილის განცხადებით, სტუდენტების ჩართულობა სამუშაო პროცესში აუცილებელია, რადგან მათ პროფესიულ ზრდას თეორიული სწავლასთან ერთად სწორედ პრაქტიკული გამოცდილება განაპირობებს. „ყველა სტუდენტი მომავალი კადრია, რომელიც წარმართავს ქვეყანაში სხვადასხვა დარგის საქმიანობას. პრაქტიკული გამოცდილება ამიტომ აუცილებელია. მზად ვართ დავეხმაროთ, ვასწავლოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ თითოეულ მათგანს ის აუცილებლობა, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს საბაჟო სამსახური“,-განაცხადა ხვიჩა მარგველაშვილმა.


სტუდენტები დარწმუნებული არიან, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომავალში მათი წარმატებული კარიერის საფუძველი გახდება. „ჩემთვის როგორც მომავალი მებაჟე-ოფიცრისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რათა მომავალში გამიოადვილდეს და დამეხმაროს ამ პროფესიაში რეალიზაციაში“,-დასძინა პროფესიულმა სტუდენტმა მაყვალა ალავიძემ.
 

თარიღი: 06/07/2023