საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ვეფხისტყაოსნის“ რეცეფცია შუა საუკუნეებიდან პოსტმოდერნიზმამდე

კოტე ლომიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების დოქტორანტია. ჰუმანიტარული მეცნიერებით მისი დაინტერესება, როგორც ამბობს,  ზოგადად, ლიტერატურის სიყვარულმა გამოიწვია. საკვლევ თემად „ვეფხისტყაოსნის“ არჩევისკენ კი ამ პოემის დიდმა სააზროვნო სივრცემ უბიძგა:

„მიუხედავად იმისა, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის დიდი ტრადიცია გვაქვს, გამოსაკვლევი, რასაკვირველია, დარჩა და კვლავაც დარჩება, რადგან რუსთაველის პოემა, ისევე როგორც ნებისმიერი გამორჩეული ნაწარმოები, დიდ სააზროვნო სივრცეს ქმნის და ყველა ეპოქის მკითხველი თუ მკვლევარი მასში ხედავს ისეთ რაიმეს, რაც მანამდე არ შეუნიშნავს ან მნიშვნელოვნად არ მიუჩნევიას.  რაც შეეხება იმას, თუ რატომ დავინტერესდი ,,ვეფხისტყაოსნით“, არ მაქვს ორიგინალური პასუხი, ეს არის პოემა, რომელიც საუკუნეებია იზიდავს მკითხველს და მეც ამ გრძნეულების მსხვერპლი ვარ. ,,ვეფხისტყაოსნის“ რეცეფცია ზოგიერთი ავტორის შემოქმედებაში მეტ-ნაკლებად შესწავლილია, მაგრამ არ გვაქვს ამ ხასიათის სრული კვლევა რუსთველოლოგიის მთელი ისტორიის გათვალისწინებით და ამავდროულად ამგვარ გამოკვლევებს, რიგ შემთხვევაში, აკლია მეთოდოლოგიური სიმწყობრე, ჩემი კვლევის სიახლე კი არის სწორედ ეს გამართული მეთოდოლოგია და სისტემურობა, გარდა ამისა, ვფიქრობ, კვლევის შედეგად უფრო ნათლად გამოჩნდება ქართულ მწერლობაზე რუსთაველის შემოქმედების ზეგავლენის ხასიათი და ამასთანავე ის, თუ რა გავლენას ახდენს ეპოქა, პოლიტიკური, კულტურული თუ ლიტერატურული კონტექსტი ტექსტის ინტერპრეტაციაზე“,- გვიხსნის იგი და მის კვლევასთან დაკავშირებით, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა, კითხვებზე გვპასუხობს.

 

ფიქრობთ, რომ წლების და საუკუნეების განმავლობაში ვეფხისტყაოსნის აღქმები და მნიშვნელობა იცვლებოდა? დღეს რითია განსხვავებული მისი აღქმა?

დიახ, ,,ვეფხისტყაოსანს“ ყველა ეპოქა თავისებურად კითხულობდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტექსტის აღქმაზე უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, ეპოქის ესთეტიკა, სხვადასხვა ლიტერატურული თუ პოლიტიკური ვითარება მკითხველს ტექსტის განსხვავებული კუთხით დანახვის შესაძლებლობას აძლევს, ეპოქა ზოგჯერ ამა თუ იმ ინტერპრეტაციისაკენ გვიბიძგებს კიდეც. რაც შეეხება ჩვენს დროს, რასაკვირველია, ჩვენს დროშიც არის ტენდენცია პოემაში ამოვიკითხოთ თუ ვიპოვოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დღესდღეობით აწუხებს ჩვენს ქვეყანას, არცთუ იშვიათად ამგვარ ძიებებში იგრძნობა ძალდატანება. როდესაც ტექსტს ვკითხულობთ თუ ვიკვლევთ, არ უნდა დაგვავიწყდეს გალაკტიონის სიტყვები: ,,ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ — დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ“. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს პოემის თუნდაც თამამ ინტერპრეტაციებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ინტერპრეტაცია ვერ იქნება თანაბრად ღირებული და მნიშვნელოვანი.

თარიღი: 19/11/2021